ოპოზიცია და მმართველი გუნდი ზელენსკის საპარლამენტო მიმართვაზე ვერ თანხმდება
17 მარტს პარტიამ „ლელო – საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ მათი ინიციატივით პრეზიდენტ ზელენსკიმ საქართველოს პარლამენტს მიმართოს. ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად იყო, რომ საქართველოს პარლამენტიდან ქართველი საზოგადობისთვის მიემართა.
ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა არ ეთანხმება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტს ინიციატივით არა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, არამედ ლელომ და ნაციონალურმა მოძრაობამ მიმართეს. „კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ – ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს არცერთ ინიციატივას, რომელიც შეეხება უკრაინას, ქართული ოცნება არც კი განიხილავს“. – თქვა მან.
პაპუაშვილმა ოპოზიცია „სიტუციის არევის“ მცდელობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათი მიზანია, საქართველო „ისეთ რამეში ჩაითრიონ, რაც „გამოუსწორებელი იქნება“.
უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის წინააღმდეგ ბრძოლაში სამი ქართველი მოხალისე დაიღუპა.
გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს, კიევის ჩრდილო-დასავლეთით, ირპინის ფრონტზე დაიღუპნენ, როდესაც უკრაინის დედაქალაქს რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრისგან იცავდნენ.
„დათომ [დავით რატიანი] გმირივით იცხოვრა და გმირივით დაიღუპა. იგი ფრანგ ჯარისკაცს ეხმარებოდა, რომელსაც ფეხი ჰქონდა ნატკენი, რომ შეკრების პუნქტამდე მისულიყო. ნაღმის აფეთქების შედეგად იგი ადგილზევე დაიღუპა“, – წერს რატიანის მეგობარი, ჟურნალისტი ალექსეი ბობროვნიკოვი ფეისბუქზე.
19 მარტს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, მოქალაქეებმა პატივი მიაგეს ბერიაშვილისა და რატიანის ხსოვნას.
ასევე 19 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, 54 წლის ბახვა ჩიქობავა ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა. 2012 წლამდე ბახვა ჩიქობავა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი იყო.
უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვას თბილისში უკრაინის საელჩო გამოეხმაურა და განაცხადა: „გმირები არ იღუპებიან. უკრაინას ყოველთვის ემახსოვრება მისი გმირი დამცველები“.
რუსეთმა ცხინვალიდან სამხედროები უკრაინაში გაგზავნა
16 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შენაერთები, მათ შორის, ადგილობრივი კონტრაქტორები, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის გაემგზავრნენ.
ტელეგრამის არხის – „Vladikavkaz News“-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში, რომელიც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ალაგირის მახლობლადაა გადაღებული, ნაჩვენებია, დაახლოებით, 13 ტანკი და 7 ჯავშანმანქანა.
არხის ცნობით, კოლონა ცხინვალის რეგიონიდან ჩამოვიდა. ჩანაწერში ასევე ჩანს ცხინვალის სამფერიანი ე.წ. „დროშაც“.
კიდევ ერთ ჩანაწერში, რომელიც ტელეგრამზე მანამდე გავრცელდა, ნაჩვენებია სულ ცოტა ხუთი ტანკი, სამი ჯავშანმანქანა და ერთი სატვირთო მანქანა, რომელიც ცხინვალის გავლით გადაადგილდება.
„ეხო კავკაზა“ იტყობინება, რომ ცხინვალის მოსახლეობამ სოციალურ მედიაში რეგიონის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი გააკრიტიკა ოსი კონტრაქტორების ომში გაგზავნის გამო და იგი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში რეგიონის შეიარაღებული ძალების ინტეგრაციაში დაადანაშაულა.