უკრაინაში მეოთხე ქართველი მებრძოლი დაიღუპა
21 მარტს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის წინააღმდეგ ბრძოლის დროს სამი ქართველი მოხალისე დაიღუპა.
გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს, კიევის ჩრდილო-დასავლეთით, ირპინის ფრონტზე დაიღუპნენ, როდესაც უკრაინის დედაქალაქს რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრისგან იცავდნენ.
19 მარტს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, მოქალაქეებმა პატივი მიაგეს ბერიაშვილისა და რატიანის ხსოვნას. ორი მებრძოლის ხსოვნას პატივი ბათუმსა და ზუგდიდშიც მიაგეს.
ასევე 19 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, 54 ბახვა ჩიქობავა ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა.
26 მარტს უკრაინაში ბრძოლისას გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლები, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დაკრძალეს.
ამ დრომდე ვერ ხერხდება კიდევ ერთი დაღუპული ქართველი მებრძოლის – ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება, რომელიც მარიუპოლში დაიღუპა. ქალაქი რუსი ოკუპანტების ბლოკადაშია.
26 მარტს უკრაინის ქალაქ ირპენთან მეოთხე ქართველი სამხედრო, დავით გობეჯიშვილი დაიღუპა.
სალომე ზურაბიშვილი უკრაინელებს – „ჩვენ თქვენთან ვართ“
„ჩვენ, ქართველები, მხარს გიჭერთ, თქვენთან ვართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – მიმართა 24 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს, რუსეთის აგრესიის დაწყების ერთი თვის თავზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
„ჩვენ ვიცით რამდენად მამაცურად უწევდით წინააღმდეგობას ამ ერთი თვის, ზუსტად 29 დღის განმავლობაში და ეს უკვე 29 გამარჯვებაა, რომელსაც რუსეთის წინააღდეგ ომში მიაღწიეთ“, – განაცხადა მან.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უკრაინის წინააღმდეგობამ აჩვენა, რომ „ის, რაც ყველას ზესახელმწიფო ეგონა, არ ყოფილა საკმარისად ან საერთოდაც ძლიერი იმისათვის, რომ უკრაინა ისე სწრაფად დაემარცხებინა, როგორც სურდა“.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უკრაინელებს წარმატება და გამარჯვება უსურვა და განაცხადა, რომ „როგორც თქვენმა მეგობრებმა, ვიცით, რომ თქვენ იბრძვით როგორც საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ასევე ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი საერთო ევროპული გზისთვის“.
სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1 მარტის სხდომაზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შეტანილი ორი სარჩელი დასაშვებად ცნო და საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
სააკაშვილმა სასამართლოს 2020 წლის 27 იანვარს მიმართა. ის ამტკიცებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 28 ივნისს გამოტანილი განაჩენი ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე გადაუმოწმებელ მტკიცებულებას ეფუძნებოდა. სააკაშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი დაირღვა (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება).
2020 წლის 25 მაისს შეტანილ კიდევ ერთ სარჩელში, სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების გამო მის წინააღმდეგ 2018 წლის 5 იანვარს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ასევე ეფუძნებოდა გადაუმოწმებელ მტკიცებულებას და კიდევ ერთხელ დაირღვა კონვენციის მე-6 და მე-7 (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) მუხლები.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეწყალების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეს აკლდა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. მისივე თქმით, იგი ვერ განჭვრეტდა იმას, რომ შეწყალება, რომელიც მისი, როგორც სახელმწიფო მეთაურის უფლებაა, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა.
ორივე შემთხვევაში, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას განზრახული ჰქონდა, რომ სისხლის სამართლებრივი პროცედურა მისი პოლიტიკური დევნისთვის გამოეყენებიდა, რითიც დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) – მე-6 და მე-7 მუხლებთან ერთობლიობაში.