ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს მეხუთე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 26.II.2021 – 05.III.2021
შარლ მიშელის ვიზიტი თბილისში და პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პერსპექტივა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 28 თებერვალს თბილისში ჩამოვიდა. შარლ მიშელი პირველ მარტს დილით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მიშელმა ბრიფინგისას ისაუბრა საქართველოში დემოკრატიის მნიშვნელობაზე, პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის, სასამართლოს დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე კოვიდ 19-თან ბრძოლაში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზსაც ეწვია და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. იმავე დღეს შარლ მიშელმა შეხვედრა გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, სადაც ხელახალი არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაზე ისაუბრეს, როგორც მათი მხრიდან კომპრომისზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. 1 მარტს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შარლ მიშელმა განაცხადა, რომ „პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს“ და „დროა ფასილიტატორობიდან შუამავლობაზე გადავიდეთ და ხელახლა დავიწყოთ პოლიტიკური დიალოგი.“ მან მხარეებს შესთავაზა საღამოს მისი შუამდგომლობით გამართულიყო შეხვედრა, სადაც ძირითადი საკითხების მოსაგვარებლად კონკრეტულ წინადადებას წარმოადგენდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელს დიალოგისთვის მზაობა დაუდასტურა და ოპოზიციასთან შეხვედრას დათანხმდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით შეხვედრა ორბელიანის სასახლეში შედგა. ორსაათიან შეხვედრას საპარლამენტო ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლები და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ჩარჩო დოკუმენტზე, რომელიც 6 პუნქტისგან შედგება და მოიცავს საარჩევნო რეფორმის, მართლმსაჯულების რეფორმის, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების და ახალი არჩევნების შესაძლო დანიშვნის საკითხებს. პრეზიდენტმა მიშელმა თქვა, რომ ევროკავშირი ამ „რთულ თემაზე“ მიღწეულ პროგრესს, ორ კვირაში, ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს მორიგ შეხვედრაზე დააკვირდება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრა „კონსტრუქციულ ატმოსფეროში“ წარიმართა და მხარეები „დიალოგის გაგრძელებაზე“ შეთანხმდნენ. ევროპული საქართველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ კი განაცხადა, რომ მხარეები განსახილველი საკითხების „ჩარჩოზე“ შეთანხმდნენ და მოლაპარაკების საგანია ყველა საკითხი, მათ შორის, „პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვანია, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ნორმალიზაციისთვის“.
შარლ მიშელის ვიზიტის დასრულების შემდეგ ოპოზიციამ პროტესტის ფორმების შეცვლა გადაწყვიტა, რადგან 3 მარტს გამართულ პარლამენტის პიკეტირების აქციას დაკავებები და ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ მედიას უთხრა, რომ საპროტესტო აქციები იმგვარად მოდიფიცირდება, რომ „არ არსებობდეს საშიშროება სამართალდამცველებსა და პროტესტანტებს შორის რაიმე შემხებლობის და იმგვარი უკანონო დაკავებების, რომლებიც გუშინ ვიხილეთ“.
საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფმა ცვლილებების პროექტი წარადგინა
პარლამენტში საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ქართული ოცნებისა და მოქალაქეების დეპუტატებმა – შალვა პაპუაშვილმა და ლევან იოსელიანმა 2 მარტს საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტი დაარეგისტრირეს.
კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში შესატან შემდეგ ცვლილებებს მოიცავს:
(1) მუნიციპალიტეტების საკრებულოებში გაიზრდება პროპორციული წესით არჩეული წევრების რაოდენობა. კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) ყოველ ერთ მაჟორიტარზე 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარზე, 2 პროპორციული წესით არჩეული წევრი იქნება წარმოდგენილი;(2) საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური და საოლქო დონეები დაკომპლექტდება 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით (ერთი პარტია ერთი წევრი);
(3) დაინერგება ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირება და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა;
(4) აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა;
(5) აიკრძალება საოლქო კომისიების მიერ შესწორების ოქმის შედგენა დოკუმენტაციის გახსნისა და ბიულეტენების გადათვლის გარეშე;
(6) მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საჩივარი, 73 საარჩევნო ოლქიდან თითოეულში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება 5-5 უბანი, რომელიც გადაითვლება. საერთო ჯამში არჩევნებზე გადაითვლება 365 უბანი, რაც უბნების საერთო რაოდენობის 10%-ია;
(7) გაიზრდება საჩივრების შეტანისა და განხილვის ვადები;
(8) შესაძლებელი გახდება სარჩელის ელექტრონული ფორმით შეტანა;
(9) შესაძლებელი იქნება ცესკოს მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის გასაჩივრება სასამართლოში;
(10) აიკრძალება საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრიან რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა;
(11) გაფართოვდება იმ საჯარო მოხელეების წრე, ვისაც აეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა;
(12) აიკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.
„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში: საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია და 100-დან 60 ქულა აქვს
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის – „თავისუფლება მსოფლიოში 2021”-ის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება და 100-დან 60 ქულა აქვს. საქართველოს შეფასება პოლიტიკური უფლებების ნაწილში მაქსიმალური 40-დან 23 ქულაა, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებების ნაწილში 37/60. ანგარიშში ნათქვამია, რომ „ოლიგარქიული გავლენა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო პოლიტიზირებულობა არყევს კანონის უზენაესობას. სამოქალაქო თავისუფლებები კი არათანმიმდევრულად არის დაცული.”
კრიტიკული გამოხმაურება ჰქონდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში არაერთი ფაქტობრივი შეუსაბამობაა – ცოტა ტენდენციურად არის მიწოდებული ინფორმაცია, რომელსაც ეყრდნობა შემაჯამებელი დასკვნა.”