უკრაინა აცხადებს, რომ საქართველო რუსულ კონტრაბანდას ეხმარება
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდისთვის არხს ამზადებს.
„საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ქვესამხედრო და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა“, – განაცხადა უწყებამ და დასძინა – „სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს ქმნიან, რომელიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის“.
„იმავდროულად, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს დაევალათ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ, რომ კონტრაბანდისტების საქმიანობებში არ ჩაერიონ“, – განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ.
ამავე განცხადების თანახმად, ასევე განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წლის ივნისიდან შეჩერებული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ბრალდებები უარყო საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. „ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება“, — განაცხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
სამინისტროს თქმით, „საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი“.
„საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას“, — განაცხადა სამინისტრომ.
თბილისი ბუჩაში მასობრივ ხოცვას რუსეთის ხსენების გარეშე გმობს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარი მასობრივი ხოცვის ფაქტი, თუმცა რუსეთი როგორც დამნაშავე არ უხსენებიათ.
„რთული წარმოსადგენია მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს. თუმცა, ის აქ არის და ჩვენ იქ ვცხოვრობთ“, – დაწერა Twitter-ზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და დასძინა – „საქართველოს წარსული ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა – დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობას, რომელსაც ძალიან დიდი დრო დასჭირდება შესახორცებლად“.
„შოკირებული ვარ ბუჩაში და უკრაინის სხვა ადგილებში მომხდარი საშინელებების გამო. გამახსენა აფხაზეთში 1990-იანი წლების დასაწყისში და ცხინვალის რეგიონში 2008 წელს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაულები“, – დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე 3 აპრილს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ვრცლად ისაუბრა უკრაინის შესახებ, მას რუსეთის მიერ ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში განხორციელებული ხოცვის შესახებ არაფერი უთქვამს.
უკრაინამ, რომელმაც კიევის ოლქში რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები გაათავისუფლა, განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეები სასტიკად მოკლეს. ბუჩის მერმა განაცხადა, რომ რუსების გასვლის შემდეგ, მასობრივ საფლავებში, დაახლოებით, 300 მოქალაქის გვამია აღმოჩენილი.
საგარეო მინისტრი ზალკალიანი აშშ-ში ელჩად დანიშნეს
ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება.
ზალკალიანს ქვეყნის მთავარი დიპლომატის პოსტზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, პოლონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ილია დარჩიაშვილი შეცვლის.
გადაწყვეტილების გამოცხადებისას, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დილით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა: „ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როცა ჩვენ, ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი“.
„ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილი არის კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს“, — დასძინა ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა თქვა: „ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აშშ-ში წარმოვადგენდე საქართველოს, არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მე პირობას გაძლევთ, როგორც აქამდე ვაკეთებდი ჩემს საქმეს, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გავაგრძელებ უკვე ახალ პოზიციაზე“.
ახლადდანიშნულმა მინისტრმა დარჩიაშვილმა კი აღნიშნა, რომ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ“.