საქართველომ ევროკავშირის წევრობის თვითშეფასების კითხვარი მიიღო

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადასცა.

„კითხვარის მიღებით ჩვენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით ქართველი ხალხის ეროვნული არჩევნის, ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – დაწერა მინისტრმა დარჩიაშვილმა Twitter-ზე. „საქართველო არ დაიშურებს ძალისხმევას დოკუმენტის დროულად შესავსებად, რათა შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ“.

თავის მხრივ, ოლივერ ვარჰეიმ ქართველ დიპლომატს უთხრა, რომ „ეს პირველი ნაბიჯია თქვენს ევროპულ გზაზე“. „ ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ თქვენთან დაჩქარებულად, რათა მივაწოდოთ მოსაზრება ევროპულ საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო ივნისში დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს.

საქართველომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი მარტის დასაწყისში წარადგინა.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრობაზე თვითშეფასების კითხვარის მიღებას გამოეხმაურა და ამ „ეროვნული ინტერესის საქმეში“ მოსახლეობისა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტის სასახლეში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ეს არის არაჩვეულებრივი, ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას“, რომელსაც, „ალბათ, უნდა ვუმადლოდეთ ამას უკრაინას და უკრაინის ბრძოლას“.

შალვა პაპუაშვილი ბუჩაში მიწვევაზე უარს ამბობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არ ჩავა უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვა დაფიქსირდა. ბუჩაში პაპუაშვილი მისმა უკრაინელმა კოლეგამ, რუსლან სტეფანჩუკმა მიიწვია.

„ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს“, – დაწერა პაპუაშვილმა გუშინ Facebook-ზე, მიწევის საპასუხოდ.

„ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ „ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“.

თბილისი ცხინვალში ჩატარებულ „არჩევნებს“ გმობს 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნები“ და განაცხადა, რომ „აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს“.

„მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციას“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო ძალის მიერ ადგილზე განხორციელებული ეფექტური კონტროლის პირობებში ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება“, – ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაგმეს 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნები“.

„შეერთებული შტატები არ აღიარებს 10 აპრილს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს“, – განაცხადა გუშინ აშშ-ის საელჩომ საქართველოში.

„ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა 10 აპრილს ცხინვალში ჩატარებული „არჩევნების“ შეფასებისას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.