საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ეწვია
უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია 16 აპრილს ბუჩას და ირპინს ესტუმრა, სადაც რამდენიკვირიანი რუსული ოკუპაციის შედეგად ჩადენილი სასტიკი დანაშაულების კვალი დარჩა.
„სიტყვები ვერ აღწერს ბუჩასა და ირპინში მომხდარ ტანჯვასა და უბედურებას – შოკისმომგვრელი ტრაგედიაა ევროპის შუაგულში 21-ე საუკუნეში“, – დაწერა Twitter-ზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელიც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს.
მისი თქმით, „რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს საშინელება. მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია“.
„ეს ჩვენც გამოვცადეთ. ჩვენი ქალაქები და იმედებიც დაიბომბა და განადგურდა. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს, ძალიან კარგად გვესმის თქვენი ტკივილი“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა, რომელიც საქართველოს დელეგაციას ბუჩასა და ირპინში ახლდა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „საქართველო რუსეთს არანაირად დაეხმარება“. „მან [შალვა პაპუაშვილმა] ეს განაცხადა მას შემდეგ, რაც ბუჩა და ირპინი საკუთარი თვალით იხილა“.
16 აპრილს, სტეფანჩუკმა საქართველოს დელეგაციას ვერხოვნა რადაშიც უმასპინძლა. მისი თქმით, ვიზიტი უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის საუკეთესო გამოხატულებაა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემდგენლობაში ასევე იყვნენ ვიცე-სპიკერები – არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო ქართული ოცნებიდან; მმართველი პარტიის დეპუტატი, ბექა ოდიშარია; ვიცე-სპიკერი და მოქალაქეების დეპუტატი ლევან იოსელიანი; ანა ნაცვლიშვილი, ლელოდან; გიორგი ხოჯევანიშვილი, პარტიიდან საქართველოსთვის; ვახტანგ მეგრელიშვილი, გირჩიდან და ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიიდან.
საპარლამენტო დელეგაციაში ყოფნაზე უარი თქვა ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ფრაქციამ – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. პარტიის ლიდერებმა, თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან ერთად, 15 აპრილს გაავრცელეს ინფორმაცია კიევში ჩასვლის თაობაზე. მათთან ერთად იმყოფებოდა ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც.
მთავრობამ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარი გამოაქვეყნა
საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს ევროკავშირის წევრობაზე თვითშეფასების კითხვარი გამოაქვეყნა. კითხვარის საფუძველზე ევროკომისია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის თაობაზე მოსაზრებას მოამზადებს.
42-გვერდიანი დოკუმენტი ორ ნაწილადაა გაყოფილი – პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებად და საერთო ჯამში, 369 კითხვისგან შედგება. თავის მხრივ, ორი ნაწილი, სამი და ორი თავისა და საერთო ჯამში 20 ქვეთავისგან შედგება.
ევროკომისარმა ვარჰეიმ კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს 11 აპრილს ლუქსემბურგში გადასცა. საქართველოს ერთი თვე აქვს საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტის შესავსებად.
საქართველომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი მარტის დასაწყისში წარადგინა.
უკრაინაში კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
16 აპრილს უკრაინის მხარეს მებრძოლი კიდევ სამი ქართველი მოხალისე დაიღუპა. ინფორმაცია უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლმა, ვანო ნადირაძემ Facebook-ით გაავრცელა.
ნადირაძემ პირველად ლუგანსკის რეგიონის ქალაქ რუბეჟნოეში არკადი კასრაძის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
მოგვიანებით, იმავე დღეს კი – მან კიდევ ორი ქართველი მებრძოლის – ზაზა ბიწაძისა და ალიკა ცაავას დაღუპვის შესახებ დაწერა.
ჯამში, უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას სულ ცხრა ქართველი მოხალისე მებრძოლი შეეწირა.