Freedom House -ის კვლევით საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი გაუარესდა

Freedom House-ის კვლევის თანახმად საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდა. ზედიზედ ექვსი წელია Freedom House-ის ინდექსში საქართველო უკუსვლას განიცდის. 2016 და 2017 წლების მონაცემებით ეს მაჩვენებელი 3.39-ს შეადგენდა. 2018 წელს ის 3.32-მდე, ხოლო 2019 წელს 3.29-მდე დაეცა. 2020 წელს საქართველოს დემოკრატიულობის ქულა 3.25-ს, ხოლო 2021 წელს 3.18-მდე შემცირდა. წელს კი იგი 3.07 ქულამდე ჩამოვიდა.

შედარებისთვის, ასოცირებული ტრიოს კიდევ ორი წევრის – უკრაინისა და მოლდოვას მაჩვენებლები ამ მომენტისთვის აღემატება საქართველოს ქულას. უკრაინის ქულა 3.36-ია, მოლდოვის კი – 3.11. რაც შეეხება სამეზობლოს, საქართველო ამ შემთხვევაში გაუარესების ფონზეც უკეთეს მაჩვენებელს გვთავაზობს, ვიდრე მისი მეზობლები. სომხეთის ქულა 3.04-ია, რუსეთის – 1.32, აზერბაიჯანის კი – 1.07. თუმცა სომხეთის შემთხვევაში შეინიშნება პოზიტიური დინამიკა. სომხეთის მაჩვენებელი გასულ წელს 2.96 იყო, წელს კი 3.04-მდე გაიზარდა.

საქართველოს ინდექსის მაჩვენებელი დაეცა სამ კატეგორიაში (დანარჩენ შემთხვევებში უცვლელი დარჩა) ესენია: ეროვნული დემოკრატიული მმართველობის დონე, სამოქალაქო საზოგადოების ქულა და სასამართლო სისტემისა და მისი დამოუკიდებლობის ქულა.

საქართველოს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწევია

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს ეწვია. სენატორებმა და კონგრესმენებმა  ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

ოპოზიციასთან შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი იყო. დელეგაციის ერთ-ერთი წევრმა, დევიდ სისილინმა აღნიშნა: „ეს არის ჩვენი ქართველ ხალხთან თანამშრომლობის ძირითადი ნაწილი და მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გაგრძელდეს, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და ზოგიერთი რეფორმა, რომელსაც ისინი განიხილავენ, გათვალისწინებული იყოს”.

კონგრესის წარმომადგენლები შეხვდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და საქართველოს პრეზიდენტ – სალომე ზურაბიშვილსაც.

როგორც საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ირკვევა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა როგორც საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, ასევე ომი უკრაინაში.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება. აღინიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი არის აშშ-ის, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური. ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის როლს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კუთხით.” – ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

NDI-ის ახალი კვლევა – მოსახლეობის განწყობები საქართველოში

მიმდინარე კვირაში NDI-ის ახალი კვლევა გამოქვეყნდა.

კვლევიდან ირკვევა, რომ მოსახლეობის განწყობებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულმა ომმა.

რუსეთის აგრესიის ფონზე, მოსახლეობის აზრით ნატოსთან და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა საქართველოს მეტ სარგებელს მოუტანს.

გაიზარდა რუსეთის მისი მეზობლებისადმი საფრთხედ აღქმა. გამოკითხულთა 85%-ს მიაჩნია, რომ რუსეთი დიდი საფრთხეა მეზობლებისთვის, 7% მას მცირე საფრთხედ აღიქვამს, 4%-ის აზრით კი იგი საშიშროებას საერთოდ არ წარმოადგენს. 16%-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირები უნდა შეზღუდოს. ომამდე გამოკითხულთა 53% უჭერდა მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ეს მაჩვენებელი ომის პირობებში 25%-მე ჩამოვიდა, რაც შეეხება რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუვის მხარდაჭერთა წილს, იგი ომის პირობებში 23%-დან 39%-მდე გაიზარდა.

საქართველოს მოსახლეობის 67%-ს უკრაინის ომში დამნაშავედ რუსეთი, 11%-ს კი პუტინი მიაჩნია. მოსახლეობის 98% მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, 87% კი უკრაინის ხელისუფლებას. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინების ფონზე მოსახლეობის 66% მხარს უჭერს რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას. 63% პოზიტიურად აფასებს პრეზიდენტის პოზიციას უკრაინის კონფლიქტთან მიმართებით, ამ კუთხით კი პრემიერის პოზიციას 46% აფასებს დადებითად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.