პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუარესდა
პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (Reporters Sans Frontières – RSF) მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული ყოველწლიური კვლევის თანახმად, გასულ წელს, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდა. საქართველომ 180 ქვეყანას/ტერიტორიას შორის მე-60-დან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველოსთვის ეს პოზიცია 2013 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, როდესაც ქვეყანა მე-100 ადგილზე იყო. ეს ადგილი პრობლემური სიტუაციების კატეგორიას მიეკუთვნება.
ქვეყნის საბოლოო ქულამ 59.30 შეადგინა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი — 80.79 ქულა ქვეყანამ საკანონმდებლო ჩარჩოს მაჩვენებელში აიღო, ყველაზე დაბალი კი — 41.34 უსაფრთხოების კრიტერიუმში. ამასთან, საქართველოს 75.50 ქულა აქვს სოციოკულტურული კონტექსტის ინდიკატორში, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში კი — 52.42 და 46.43 ქულა.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ განცხადებით, საქართველოს მთავრობის ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. „2021 წელს ქვეყანაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის უპრეცედენტო დონე დაფიქსირდა“.
მედიასფეროში დასაქმებულებზე საუბრისას, RSF-მა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები ხშირია, მათ შორის ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში.
„2021 წლის ივლისში, ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციების დროს 50-მდე ჟურნალისტის ლინჩის წესით გასამართლებამ, უსაფრთხოების ძალების თვალწინ, უპრეცედენტო უკუსვლა გამოიწვია. გამოძიებებში გამჭვირვალობისა და პროგრესის ნაკლებობა მოწმობს ქვეყანაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობას“.
მთავრობამ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა
საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც ევროკომისიას ქვეყნის განაცხადთან დაკავშირებით მოსაზრების მომზადებაში დაეხმარება.
239-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც 29 აპრილს გამოქვეყნდა, აერთიანებს 33 თავს და მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით.
კითხვარში რიგი თემებია ჩამოთვლილი, დაწყებული სამუშაო ნებართვების შესახებ არსებული კანონმდებლობისა და მუშაკთა გადაადგილების თავისუფლებით და ანტიდისკრიმინაციული კანონებით დამთავრებული.
ევროკავშირმა მეორე ნაწილის წარდგენის ბოლო ვადად 13 მაისი განსაზღვრა.
2 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინეს. მანამდე, საქართველოს ხელისუფლება წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას 2024 წელს აპირებდა.
IRI-ის კვლევა: პოლიტიკური რეიტინგები და ინსტიტუციების მიმართ ნდობა
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ 27 აპრილს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულების 60%-ს პოლიტიკურ სცენაზე ახალი ძალის გამოჩენა სურს, 30% კი – არსებული არჩევნით კმაყოფილია.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ასახავს მოქალაქეების განწყობებს მათი ოჯახებისა და ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, კოვიდ-19-ის პანდემიაზე, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე და სხვ.
გამოკითხვის თანახმად, 92%-ით მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II იმ საჯარო ფიგურათა სიის სათავეშია, რომელთა მიმართაც მოსახლეობა დადებითად არის განწყობილი. მის მიმართ უარყოფითად მხოლოდ 4%-ია განწყობილი.
პოლიტიკოსთა შორის, დადებითი შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 53% კახა კალაძეს აქვს, შემდეგ 52%-ით სალომე ზურაბიშვილი მოდის, 47%-ით კი – ირაკლი ღარიბაშვილი.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიმართ დადებითად რესპონდენტების 46%-ია განწყობილი, პარტია ხალხისთვის ლიდერის, ანა დოლიძის მიმართ 44%, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ კი – 40%.
კითხვაზე, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას საპარლამენტო არჩევნები მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს, რესპონდენტების 31%-მა პირველ არჩევნად ქართული ოცნება დაასახელა; შემდეგ მოდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 16%-ით.
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ 4%-მა დაუჭირა ხმა, ხოლო დროამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ლეიბორისტულმა პარტიამ, ხალხისთვის და ლელომ 2% მიიღო თითოეულმა.
გიორგი მელაშვილი: დაუშვებელია, რომ საქართველო გახდეს გამტარი, რომლითაც რუსი ოლიგარქები მოახერხებენ სანქციებისთვის გვერდის ავლას
უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე, საქართველოს პოზიციებზე უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტმა გიორგი მელაშვილმა ისაუბრა.
„უკრაინის ომი არის ისტორიული მასშტაბის უდიდესი ტრაგედია და მოვლენა, რომელმაც სრულიად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების პოზიცია ომთან დაკავშირებით ცალსახაა – კოლექტიური დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს არამარტო რუსეთის შესაჩერებლად, არამედ ამ ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად – ამაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაცოცხლებული ლენდ-ლიზის პროგრამა და უზარმაზარი ფინანსური დახმარებაც მეტყველებს“ – თქვა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გახდება კავშირის წევრი.
„ევროკავშირმა დააჩქარა მთელი რიგი პროცედურები, მათ შორის კითხვარის გადმოცემა, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ ჯერ, უახლოეს პერიოდში, საუბარია არა სრულუფლებიან წევრობაზე, არამედ ევროპული პერსპექტივის აღიარებასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. ისიც უნდა გავიაზროთ, რომ გზა კანდიდატობიდან წევრობამდე საკმაოდ გრძელია და დამოკიდებულია არამარტო გარეგან პოლიტიკურ ფაქტორებზე, არამედ ასევე ქვეყნის შიგნით ჩატარებულ რეფორმებსა და ევროკავშირის ფასეულობების გაზიარებასთან.” – აღნიშნა მან.
მელაშვილის თქმით, „ბრიუსელი აკვირდება საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინაში ომთან მიმართებაში, და მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს“.
„ახლა, ამ მომენტში, კინკლაობა უკრაინის მთავრობასთან ყველასთვის გაუგებარი და სრულიად უადგილოა. არანაკლებ მნიშვნელოვანია სანქციების საკითხი – დაუშვებელია, რომ საქართველო გახდეს გამტარი, რომლითაც რუსი ოლიგარქები მოახერხებენ სანქციებისთვის გვერდის ავლას. ამორალურობის გარდა ეს არარაციონალურია: თუ სანქციებისთვის გვერდის ავლა დადასტურდება, ეს სწრაფად გამოიწვევს საქართველოს დასანქცირებას – რაც საქართველოს ეკონომიკას სრულიად დაანგრევს და თითოეულ ჩვენგანზე საშინელ გავლენას იქონიებს. საბოლოო ჯამში, ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც კარგად ესმით, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა დღეს არის ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ძალის ხელში და მის მიერ ინსტიტუტების სრული დაქვემდებარება“. – განაცხადა მან.