საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 მაისს პოლონეთში, დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე – „უკრაინისთვის“ – საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მკაფიოდ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ჩემი მთავრობა უპირობო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი რესურსის მობილიზაცია ამ დამანგრეველი ომის შედეგების შესამსუბუქებლად… ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში“, – აღნიშნა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ უკვე გამოყო 7 მლნ აშშ დოლარი, უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა და აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარება.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ 2022 წლის ბოლომდე უკრაინის დასახმარებლად საქართველო დამატებით 7 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს.

კონფერენციას, რომელმაც უკრაინისთვის 6.5 მლრდ ევროს მოზიდვა მოახერხა, პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავიეცკი მასპინძლობდა, შვედეთის პრემიერ მაგდალენა ანდერსონთან, ევროპულ საბჭოსთან და ევროკომისიასთან ერთად.

არასამთავრობოები მთავრობისგან ევროკავშირის კითხვარის პასუხების გამოქვეყნებას ითხოვენ

30 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ღია საზოგადოება საქართველო“, მთავრობის მიერ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის პირველ ნაწილზე გაცემული პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საქართველოს მთავრობის მიერ 29 აპრილს პასუხების გამოქვეყნებაზე უარს მოჰყვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თქვა, რომ პასუხებში არის საკითხები, რომელთა გასაჯაროებაც მიზანშეწონილი არ არის.

უფლებადამცველების 2 მაისის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო ინფორმაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გასაიდუმლოვდეს , თუ ის წარმოადგენს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობას გაასაჯაროვოს პასუხები ან უარის შესაბამისი არგუმენტები წარმოადგინოს.

მათი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. ამ კონტექსტში, ისინი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს მოსახლეობის 88% უჭერს.

მათი განცხადებით, „იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირისთვის მიწოდებული ინფორმაცია ნამდვილად შეიცავს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას, შესაბამისი ნაწილები უნდა დაიშიფროს, დანარჩენი ნაწილი კი გასაჯაროვდეს“.

მათ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართეს და ევროკავშირის წევრობაზე თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესის გამჭვირვალობის ხელშეწყობა სთხოვეს. ამის შემდეგ, მთავრობამ ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 15 აპრილს გამოაქვეყნა.

საქართველო ევროკავშირის წევრობის თვითშეფასების კითხვარს 10 მაისს გადაგზავნის.

ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ 25-ე ანგარიში გამოაქვეყნა

4 აპრილს, ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ 25-ე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მოცემულია 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის აღწერა. 

ანგარიშის მიხედვით, ოკუპირებულ რეგიონებში  ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების შესახებ კვლავ არსებობს წუხილები და იზღუდება სიცოცხლის, გადაადგილების თავისუფლების, საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებები.

დოკუმენტში ასევე მიმოხილულია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებული კოვიდ-19 ვაქცინაციის პროგრამა, მატერიალური დახმარება და საინფორმაციო სამედიცინო კამპანიები. ასევე აღნიშნულია, რომ დახმარება ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასაც შესთავაზეს, თუმცა ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლებამ ეს შეთავაზება არ მიიღო. 

ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების მიმართულებით პროგრესი არ შეინიშნება.

ჰუმანიტარული მისიით აფხაზეთში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, გაეროს განვითარების პროგრამა,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოქმედებს, ხოლო ცხინვალის რეგიონში, მხოლოდ წითელი ჯვრის კომიტეტი. 

იხ. სრული დოკუმენტი: https://bit.ly/3skUEU2

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.