სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ დღეს, 16 მაისს გამოცხადებული განაჩენით, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით – უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

მოსამართლე ჩხიკვაძემ გვარამიასთვის კიდევ ერთი, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით(მითვისება, ან გაფლანგვა) წაყენებული ბრალი დააკვალიფიცირა 220-ე მუხლით და ამ ნაწილში სასჯელად განუსაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა.

საქართველოს პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის 2019 წლის ზაფხულში წარდგენილი ბრალი ეხება პერიოდს, როცა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის ნოემბერში მიმართა „სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით“, რომელშიც განხილული იყო აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კონტინენტური ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა. ამ პრაქტიკის თანახმად, მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი. სახალხო დამცველის შეფასებით, დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ ემსახურებოდეს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას.

აშშ-ს საელჩომ საქართველოში გვარამიას დაკავებაზე განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი ეჭვქვეშ აყენებს.

„ამ საქმემ თავიდანვე წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

გვარამიას დაკავებაზე კომენტარი ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმაც გააკეთა: “ქართულ ოცნებას თითქოს სურს, რომ ყველაფერი გააკეთოს, რაც შესაძლებელია, ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების გასანადგურებლად. ეს ყველაფერი კი კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების წინ. ძალიან სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორ კარგავს საქართველო ამ შესაძლებლობას.”

„ოცნება“ მიანიშნებს, რომ აშშ საქართველოს ომისკენ უბიძგებს

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მინიშნებით განაცხადა, რომ გარკვეული ძალები უცხოეთიდან ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებისა და ქვეყნის „ომში ჩართვისკენ“ უბიძგებენ.

მსგავსი უცნაური ბრალდებები სახელისუფლებო ექსპერტებმაც გააჟღერეს, რაც კოორდინირებული კამპანიის განცდას ქმნის. მათი განცხადებები შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის მიერ ივანიშვილისთვის დაახლოებით 600 მლნ აშშ დოლარის გადარიცხვის გაჭიანურებას მოჰყვა, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბანკს სასამართლო დავის შედეგად მოუგო.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბანკმა დაგვიანების გასამართლებლად „გეოპოლიტიკური გარემოება“ უსამართლოდ დაასახელა.

კობახიძის მტკიცებით, ბანკის ასეთი ქცევა უცხოეთიდან კოორდინირებული კამპანიის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო, რომელსაც სხვა ელემენტები ავსებდა, კერძოდ კი – უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა და ბოლო დროს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები, რომელთა თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილს, სავარაუდოდ, ბიზნესკავშირები აქვს სანქცირებულ რუს ოლიგარქთან.

„თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ქვეყანა [უკრაინის] ომში ჩაერთოს… მათ არ სცოდნიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი და მათი ხასიათი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აშშ-ს ხომ არ ხედავს იგი მსგავსი „კოორდინაციის“ უკან მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უპასუხა – „მე მაქვს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამ დეტალებში მე ვერ შევალ“.

კობახიძის ბრალდებებს წინ უძღვოდა ივანიშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული პიარკომაპანია Cision-ის 6 მაისის განცხადება Credit Suisse-ის წინააღმდეგ ივანიშვილის ახალი დავის, ასევე მნიშვნელოვანი წარუმატებლობისა და Credit Suisse-ის რწმუნებულის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის შესახებ.

კომპანიამ განაცხადა, რომ ივანიშვილი საერთაშორისო მედიასთან „შეხვედრების სერიას“ გეგმავს, რათა „შვეიცარიის საბანკო და სასამართლო სისტემის ე.წ. შეუბღალავ იმიჯთან დაკავშირებული მითები დაამსხრიოს“.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 11 მაისს განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცება – აშშ-ზე სავარაუდო მინიშნებით – რომ შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვის გაჭიანურება იმ კოორდინირებული ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევაა.

ოკუპირებული ცხინვალის ანექსიაზე რეფერენდუმი 17 ივლისს ჩატარდება

ოკუპირებულ ცხინვალში/სამხრეთ ოსეთის ჯერ კიდევ მოქმედმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა რეგიონის რუსეთთან „მიერთების“ შესახებ რეფერენდუმის 17 ივლისს ჩატარების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. რეგიონის „უზენაესმა სასამართლომ“ გადაწყვეტილება დააკმაყოფილა.

„ჩვენ ეს გავაკეთეთ, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით – ჩვენ სახლში მივდივართ, ჩვენ რუსეთში მივდივართ“, – დაწერა გუშინ ანატოლი ბიბილოვმა ტელეგრამზე.

რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ანატოლი ბიბილოვმა პირველად რეგიონის 10 აპრილის „საპრეზიდენტო არჩევნების“ პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა.

რეფერენდუმზე კომენტარი გააკეთა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ანატოლი გაგლოევმა: „როგორც ჩემი სამშობლოს შვილი და ერის მიერ არჩეული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, მე სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ერის გაერთიანების იდეას ერთიან რუსეთში“.

მომავალმა ლიდერმა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, ბიბილოვმა შეათანხმა თუ არა გადაწყვეტილება რუსეთთან, ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად, რომელთა არარსებობაც, მისივე თქმით, რუსეთს მიზნებს საფრთხეს შეუქმნის.

გაგლოევმა ბიბილოვი გადაწყვეტილების მასთან კონსულტაციის გარეშე მიღების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ის რეფერენდუმთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს, „საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების, კონსულტაციებისა და რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებების შესრულების შესაბამისად“.

მარტში, ოფიციალურმა თბილისმა ცხივანლის მიერ დაანონსებული რეფერენდუმი დაგმო და განაცხადა, რომ „მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული“.

ოკუპირებულ ცხინვალში ყოფილ ქართველ სამხედროს 5.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეს, მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხიკვაძე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც საოკუპაციო ძალებმა გასული წლის დეკემბერში, სოფელ ზემო ნიქოზის მახლობლად დააკავეს.

„აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება“, – ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის 12 მაისის განცხადებაში.

ამავე განცხადებით, ჩხიკვაძისთვის პატიმრობის მისჯამ „კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას“.

IPRM-ის აპრილის შეხვედრაზე, თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან და ეუთოდან, შეშფოთება გამოხატეს მიმდინარე დაკავებების შემთხვევების სიმრავლის გამო და მათი გადაწყვეტის მიმართ ჰუმანიტარული მიდგომა მოითხოვეს.

მანამდე, დეკემბრის შუა რიცხვებში, ქართული მედია ჩხიკვაძის მეგობრებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ მას ცხინვალის ციხეში სცემდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.