ნიკა გვარამიას დაპატიმრება: პროტესტი და საერთაშორისო რეაქცია
18 მაისს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან „მთავარი არხის“ ოფისისკენ გაემართნენ.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა ნიკა გვარამიას გათავისუფლება იყო. გვარამიას მხარდასაჭერი აქციის ორგანიზატორები ოპოზიციური ტელეარხების მედიამენეჯერები და ჟურნალისტები იყვნენ.
მსვლელობას ასევე შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები. აქციის გამო სრულიად გადაიკეტა რუსთაველის გამზირი.
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება დაგმეს.
„ნიკა გვარამიას განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის აშკარა ქმედებაა მისი განსხვავებული შეხედულებებისა და [საქართველოს] ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ“, – განაცხადა Amnesty International-ის დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, მარი სტრუტერსმა 17 მაისს.
19 მაისს ნიკა გვარამიას დაკავებაზე განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც „მტკიცედ დაუჭერს მხარს დამოუკიდებელ მედიას, იქნება ეს საქართველოში, თუ სადმე სხვაგან მსოფლიოში“.
„როდესაც საქმე მედიის თავისუფლებას ეხება, თქვენ იცით, რომ ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის აუცილებლობის შესახებ, ჩვენს ქართველ პარტნიორებთან მკაფიოდ და გულწრფელად ვაცხადებთ, რომ საჭიროა დემოკრატიის საყრდენების უწყვეტი გაძლიერება“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ეს მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე კანონის უზენაესობას“.
19 მაისს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯაზე ევროპარლამენტარების გამოხმაურება „მიკერძოებულია“.
ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ, საქართველოს თემაზე მომუშავე რვა ევროპარლამენტარმა კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ გვარამიას მიმართ გამოტანილი „უსაფუძვლო“ განაჩენი „სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის, მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ ერთგულებას მოითხოვს“. ერთობლივ წერილს ხელს აწერენ: ევროპარლამენტარები – მაიკლ გალერი, ანდრიუს კუბილიუსი, სვენ მიკსერი, რაფაელ გლუკსმანი, ანა ფოტიგა, მარკეტა გრეგოროვა, ვიოლა ფონ კრამონი და პეტრას აუსტრევიციუსი.
თეა წულუკიანი ევროპარლამენტარებსა და აშშ-ის ყოფილ ელჩს აკრიტიკებს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკრიტიკა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ზოგიერთი საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის, ევროპარლამენტარები – ვიოლა ფონ კრამონი და ანა ფოტიგა, ასევე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და თქვა, რომ ისინი “უცხოელი ნაცები” არიან, რომელთაც მთავრობის გადაყირავება სურთ.
„ეს არის უცხოელების პატარა ჯგუფი, ვგულისხმობ მაგალითად, ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ გერმანელ პოლიტიკოსს, ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, რომელსაც [კრამონს], მგონი, თავის საარჩევნო ოლქში აღარ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, ხან ვის დაუქნევს თითს, ხან ვის და ჰგონია, რომ მას ამის უფლება აქვს“, – თქვა წულუკიანმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ფონ კრამონს „ნაციონალებთან მეგობრობის“ გამო „დიდად არ აღელვებს არც ქართველი ხალხი და იმიტომ, რომ თავის მეგობრებს გარედან მხარი დაუჭიროს, მზად არის დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატს, მთავრობას მიაყენოს ღია შეურაცხყოფა“.
ამის შემდეგ, თეა წულუკიანმა პოლონელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგაც გააკრიტიკა, როდესაც რაღაცას უსაყვედურებ, „გამოვა და იტყვის – არა, მე მიყვარს საქართველო. გააჩნია, საქართველოში ვინ რას გულისხმობს. ასე რუსიც გულისხმობდა საქართველოში ხაჭაპურს, მაგრამ საქართველო მხოლოდ ხაჭაპური და ლამაზი სვანეთი არ არის. საქართველო, პირველ რიგში, არის ერი, რომელსაც პატივი უნდა სცე“, – თქვა ვიცე-პრემიერმა.
წულუკიანმა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელიც გააკრტიკა. „მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ძალიან არ უყვარდა მას საქართველო“, – თქვა მან.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, იან კელი „არ ერიდება, რომ ყოველ დღე ან დღეში რამდენჯერმე ქართველ ერს, მის მთავრობას მიაყენოს შეურაცხყოფა, გააკრიტიკოს, თითი დაგვიქნიოს, ვითომ ჩვენ ნული კლასის მოსწავლეები ვიყოთ. ჩვენ ეს ერთად უნდა აღვკვეთოთ“, – ხაზი გაუსვა თეა წულუკიანმა.
საქართველოს მთვრობის წევრის საპასუხოდ, ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა: „წულუკიანმა იცის, რომ ვიყავი და ვარ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი – მრავალი წელია ვარ საქართველოს და არა მისი მთავრობების მეგობარი, ადრე მასწავლეს ქართული სიბრძნე: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს ზურგს უკანაო“. დროა „ქართულმა ოცნებამ“ გაცხარების ნაცვლად, ისწავლოს თუ როგორ გაუმკლავდეს კრიტიკასა და სიმართლეს“.