„გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ – სამოქალაქო საზოგადოების ახალი ინიციატივა
ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინის პარალელურად, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები ახალი ინიციატივის – „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ – გარშემო გაერთიანდნენ.
27 მაისს, თბილისში, ინიციატივის პრეზენტაციაზე მისმა ავტორებმა 9-პუნქტიანი მანიფესტიც წარადგინეს, რომელიც საქართველოს „ევროპულ გზას“ ეხება.
„ჩვენი სამშობლოსთვის ისტორიული ეტაპი დგება. რამდენიმე კვირაში გადაწყდება, როგორი იქნება ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. დღეს დადგა დრო, როდესაც ჩვენ, ამ ქვეყნის ყველა ცოცხალმა თაობამ, როგორი იმედგაცრუებულები და დაღლილებიც არ უნდა ვიყოთ, უნდა გადავწყვიტოთ – გვინდა თუ არა საქართველომ, მისმა ხალხმა, უძველესმა კულტურამ და დაუღალავმა სწრაფვამ განვითარებისკენ ახალი მუხტი შეიძინოს და ჩვენი, როგორც სახელმწიფოს და ერის გზა გაგრძელდეს.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
„თუკი ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნის და ხალხის საამაყო გზის გაგრძელებაა, რადგან ღირსება და თავისუფლება ქართველების ცხოვრების წესი და რაობაა, და სხვანაირად არ და ვერ ვიცხოვრებთ – ჩვენ ვირჩევთ საქართველოს ევროპულ მომავალს!“ – ნათქვამია მიმართვაში.
9 პუნქტიან მანიფესტს “ევროპულ-ქართული ინსტიტუტიც” შეუერთდა.
ოპოზიციამ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა
საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით ერთობლივი განცხადებით მიმართეს, „რაც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის მართლმსაჯულებისა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და რუსეთის გავლენისგან საქართველოს განთავისუფლებას“.
ერთობლივ მიმართვაში, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვიცე-სპიკერმა და პარტია მოქალაქეების წევრმა, ლევან იოსელიანმა 25 მაისს წაიკითხა, ხაზგასმულია, რომ „საქართველომ და ქართველმა ხალხმა ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების გამო არ უნდა გადაიხადოს ესოდენ მაღალი ფასი“.
ოპოზიციამ ხაზი გაუსვა, რომ როდესაც უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, დასავლეთი ერთიანია რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის წინააღმდეგ, „საქართველო ის პროდასავლური ქვეყანაა რეგიონში, რომლის 20% ოკუპირებულია და არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები“.
„ევროპულ ოჯახში გაწევრიანება არის შესაძლებლობა, ქვეყანაში დაცული იყოს კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მედია თავისუფლება, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს
მმართველი პარტიის, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 23 მაისს განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები „საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ აგიტაციას“ ახორციელებენ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა“.
ამ კონტექსტში, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას აქვს „კონკრეტული ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან“ ბრიუსელში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ. მას, სავარაუდოდ, ბრიუსელში ლელოსა და პარტია საქართველოსთვის წევრების ვიზიტები ჰქონდა მხედველობაში.
„ვხედავთ, რომ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რაზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად მიგვანიშნებენ. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენთ“, – აღნიშნა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. „გვაინტერესებს, რატომ ჰგავს მათი და ნაციონალების რიტორიკა ერთმანეთს. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, მათაც ჩამოეთვალათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად“.
ოპოზიციის წინააღმდეგ ირაკლი კობახიძის ახალ ბრალდებამდე ცოტა ხნით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 21 მაისს განაცხადა, რომ „ანტისახელმწიფოებრივი, მტრული ძალები“ ცდილობენ, დაარწმუნონ ევროკავშირი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ.
ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან სწრაფი რეაგირება მოჰყვა. დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან თქვა, რომ ამ განცხადებით მმართველი პარტია ცდილობს, საკუთარი პასუხისმგებლობა ოპოზიციას გადააბრალოს.
ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მმართველი პარტიის თავმჯდომარე „ურცხვი ტყუილების“ გამო გააკრიტიკა, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა და მოლდოვა კანდიდატობის კრიტერიუმების თვალსაზრისით საქართველოზე უკან დგანან.
„[ქართულ ოცნების წევრებს] პირდაპირ არ უნდათ თქმა, რომ პუტინისკენ არიან და დასავლეთს მტერს უწოდებენ, რათა ძალაუფლება შეინარჩუნონ. ახლა, უნდათ, რომ ევროპულ ასპარეზზე, დასავლეთში წარუმატებლობა დააბრალონ ოპოზიციას და მის კრიტიკას“, – განაცხადა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.