ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს რუსთაველზე თავს დაესხნენ

რესპუბლიკური პარტიის დეპუტატის ხათუნა სამნიძის თქმით, თბილისში რუსთაველის გამზირზე ორი მამაკაცი დაესხა თავს.

„ესეც მოხდა… [იყო] გინება, ხელით შეხება მეტს ვერც ვწერ ისე ვარ“, – დაწერა მან ცოტა ხნის Facebook-ზე. სამნიძეს ინციდენტის მეტი დეტალი არ დაუკონკრეტებია. მისი განცხადებიდან არც ის არის ნათელი, თავდასხმისას მარტო იმყოფებოდა თუ არა. 

დეპუტატმა აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.

ტელეკომპანია „ფორმულასთნ“ საუბარში ხათუნა სამნიძემ განმარტა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, იგი თანაპარტიელ დავით ბერძენიშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე ფეხით მოდიოდა, რა დროსაც მათთან ორი მამაკაცი მივიდა, საუბარი დაიწყეს და „უცებ გადავიდნენ გინებაზე, შეურაცხყოფაზე პოლიტიკური ნიშნით“. 

მისივე თქმით, თავდამსხმელები მათ ასევე ემუქრებოდნენ, რომ ქუჩაში მარტო, დაცვის გარეშე ვერ გაივლიდნენ, რის შემდეგაც ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ. სამნიძემ ხაზი გაუსვა, რომ ამის შემდეგ მათ ადგილიდან გაცლა სცადეს, წამოვიდნენ, თუმცა მამაკაცები მათ „მუქარით, ლანძღვით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით“ გამოედევნენ.

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, თავდამსხმელებმა მათთან საუბარი სხვა თემებით „განზრახ წამოიწყეს“, შემდეგ კი – გინებაზე გადავიდნენ. მისივე თქმით, 1783 წელს რუსეთთან გაფორმებული ტრაქტატის გამო მათ ერეკლე მეორის მიმართ მისი ძმის, ლევან ბერძენიშვილის კრიტიკაც გაიხსენეს და უთხრეს, რომ „ჩვენს წმინდანს“ აგინებსო.

ლელო და გირჩი-მეტი თავისუფლება ALDE-ს შეუერთდნენ

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE) ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – ლელო საქართველოსთვის და გირჩი-მეტი თავისუფლება სრულ და ასოცირებულ წევრებად მიიღო. გადაწყვეტილება ევროპის ერთ-ერთმა უმსხვილესმა პოლიტიკურმა ქსელმა დუბლინში 2 ივნისს გამართულ ყრილობაზე მიიღო.

ამჟამად, ALDE-ს წევრებს შორის ჯამში ხუთი ქართული პარტიაა. მანამდე, ლიბერალური პარტიის ქსელში საქართველოს რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები და სტრატეგია აღმაშენებელი გაწევრიანდნენ.

დუბლინის ყრილობის დროს, ევროპის ლიბერალური პარტიის წევრად უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია ხალხის მსახურიც მიიღეს.

ALDE-მ 4 ივნისს დუბლინში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. სამივე ქვეყანამ წევრობაზე განაცხადები უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე წარუდგინეს. ევროკომისია სამი ქვეყნის განცხადებებზე საკუთარ მოსაზრებას უახლოეს კვირებში წარმოადგენს.

ყრილობაზე ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE) რეზოლუცია მიიღო, სადაც მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ ივნისის ბოლოს დაგეგმილ საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭიროს.

დუბლინში, 4 ივნისს, ALDE-ს ყრილობაზე მიღებული რეზოლუცია აღიარებს „საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ხალხების ისტორიულ არჩევანს, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში“ და მიესალმება სამ ქვეყნის „ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ათწლეულების განმავლობაში“.

რეზოლუციაში ხაზგასმულია კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების, ძალაუფლების გადანაწილებისა და ადამიანის უფლებების სფეროებში სამივე ქვეყანაში შემდგომი მუშაობის საჭიროება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კანდიდატობის სტატუსის მინიჭება სამი ქვეყნის დემოკრატიას გააძლიერებს და „მათ რუსული გავლენებისგან გაათავისუფლებს“.

პრეზიდენტი ევროპარლამენტარებზე ქართული ოცნების განცხადებებში ლოგიკას ვერ ხედავს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული ოცნება გააკრიტიკა „ხან ევროპარლამენტარებებზე ხან ევროპაზე“ გაკეთებული „ცოტა გაუგებარი“ განცხადებების გამო გააკრიტიკა, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის ლიდერებისგან წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია.

„გვესმის, უმრავლესობიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც, ალბათ, არ ვიცი დაუფიქრებელია, თუ არასაჭირო იმ მომენტში, როცა ვიცით, რომ ველოდებით [ევროკავშირის] გადაწყვეტილებებს“, – თქვა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „პალიტრასთვის“ მიცემული ვრცელ ინტერვიუში.

სალომე ზურაბიშვილი ასევე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას, რომ ქვეყანას შეეძლო უკეთ მომზადებულიყო წევრობის განაცხადისთვის. „ყოველთვის შეიძლება უკეთ მომზადება“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად. სხვა რიტორიკა შეიძლებოდა, ამაში ვარ დარწმუნებული და ეს გრძელდება ბოლო პერიოდში“.

„მე ამის ლოგიკას ვერ ვხედავ“, – თქვა პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ევროპარლამენტარების მიმართ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას. „ჯერ ერთი, რაღაცები არ თქმის, იმიტომ, რომ ზრდილობის საკითხია და მეორე, არის ამ პერიოდში დროულობა ამ ყველაფრის?“.

პრეზიდენტის შეფასებით, „საჭირო არის მუშაობა პარტნიორებზე და არა მათი გალანძღვა“. „ჩვენ თუ გვინდა, რომ არ იყოს ასეთი კრიტიკული განწყობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მაგალითად, საჭირო არის მეტი მუშაობა, ევროპარლამენტარებთან, ბრუსელში, პიარზე, რომ ვაჩვენოთ თუ რა არის რეალურად საქართველოს სახე, რაც გვინდა, რომ გავიტანოთ“.

უკრაინასთან ერთად, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს შეიტანეს. საქართველომ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის ბოლო, მეორე ნაწილი 10 მაისს წარადგინა. ევროკავშირის ლიდერებმა სამი ქვეყნისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ივნისის ბოლოს უნდა მიიღონ.

ბორელმა საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი წარადგინა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა.

ჰერჩინსკი ამჟამად ევროკავშირის ერთიანი უსაფრთოხების და თავდაცვის პოლიტიკის დირექტორია. ასევე ის წარსულში პოლონეთის ელჩის პოზიციაზე მუშაობდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში.

გარდა ამისა, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ის რამდენიმ მაღალი თანამდებობას იკავებდა. ჰერჩინსკი იყო გაეროში, ნიუ-იორკში, პოლონეთის მუმდივი წარმომადგენლის მოადგილე და პოლონეთის წარმომადგიენლის მოადიგილე ნატოში.

პოლონელი დიპლიმატი კარლ ჰარცელს ჩაანაცვლებს, რომელიც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად 2018 წლის სექტემბრიდან მუშაობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.