ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს მეექვსე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 05.III.2021 – 12.III.2021

ბერა ივანიშვილის ფარული ჩანაწერების გავრცელება: მხარეების შეფასებები და პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყება

2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია „პირველის” ეთერში ფარული აუდიოჩანაწერები გავრცელდა, რომლებში ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამავე გადაცემაში გავრცელდა ბერა ივანიშვილის და მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ღარიბაშვილი ბერა ივანიშვილის ქმედებებს ახალისებს და ახალგაზრდების შესაძლო დასჯის დეტალებს განიხილავს. 

ჩანაწერების გავრცელებაზე კომენტარი გააკეთეს სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ჩანაწერები 2010 წელს, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლამდეა გაკეთებული, საიდანაც ერთ-ერთი „წითელი“ ტელევიზიის მიერ „ამოკრებილია ფრაზები“. ქართული ოცნების აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ პირველ ოფიციალურ განცხადებაში გაჟღერებულია შეფასება, რომ ჩანაწერი არის „უხეში ფაბრიკაცია”. ქართული ოცნების დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა თქვა: „შემზარა იმან, თუ რა ზეწოლის ქვეშ უწევდა ამ ოჯახს მოღვაწეობა.” უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ თუ ვინმე მის ოჯახს მას შეურაცხყოფას მიაყენებს, ისიც ბერას მსგავსად მოიქცევა. შეფასებისას მკაცრი იყო ოპოზიციის რეაქცია. ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ეს ხალხი [ქართული ოცნება] არის საშიში ხალხი, საქართველოს მომავლისთვის“. მანვე მამუკა მდინარაძის განმარტებას, რომ ჩანაწერი 2010 წლის არის, უპასუხა – „ძალაუფლება რომ არ ჰქონდათ მაშინ იქცეოდნენ ასე?!“. „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა და გამორიცხა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებებში მონაწილეობა.

ტელეკომპანია „პირველის” ეთერში  გავრცელებული აუდიოჩანაწერების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათი პოზიციაა, რომ გავრცელებული ჩანაწერის შინაარსი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანს შეიცავს, რომელშიც, სავარაუდოდ, ყველა დასახელებული პირი მონაწილეობს. ამასთანავე, განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე, კრიტიკულად აუცილებელია გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს მყისიერად გაეცეს პასუხი. იდენტური პოზიცია აქვს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას: „ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს, შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.”

2021 წლის 9 მარტს საქართველოს პროკურატურამ გამოძიება საუბრის „უნებართვო ჩაწერის“ და „ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე“ (სსსკ-ის 158-ე) დაიწყო. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ჩანაწერების „ავთენტურობის დადგენის მიზნით“ დაინიშნება ექსპერტიზები. 10 მარტს ტელეკომპანია იმედის ეთერში საზოგადოებამ ბერა ივანიშვილის ინტერვიუ იხილა. „მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც“, – თქვა მან და დაამატა – „ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი კაცი მაჩვენებს, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის“. ბერა ივანიშვილის თქმით, ჩანაწერების მიზანი, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში გაკეთდა, ივანიშვილების ოჯახის „პროვოკაციაზე წამოგება“ იყო. მანვე ყოფილი ხელისუფლება „ტოტალურ, უკანონო“ მოსმენებშიც დაადანაშაულა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 მარტის განჩინებით პროკურატურას „ტელეკომპანია პირველიდან“ 6 მარტს ეთერში გასული ფარული ჩანაწერების საქმეზე კონფიდენციალური წყაროს მიერ ტელევიზიისთვის გადაცემული „ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის“, აგრეთვე იმ კონვერტის/შეფუთვის ამოღების უფლება მისცა, რომელშიც ეს მოწყობილობა იყო მოთავსებული. ჟურნალისტი ნოდარ მელაძე განმარტავს, რომ პროკურატურა ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევით არ ინტერესდება და ტელეკომპანიისგან, მხოლოდ იმ ნივთების ამოღებას ითხოვს, რითაც მათ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მასალა“ გადაეცათ. აღნიშნული მას უჩენს ეჭვს, რომ საგამოძიებო უწყება „პირდაპირი და ირიბი ხერხებით“ წყაროზე გასვლას ცდილობს. 

სასამართლოს განჩინებას კრტიკულად გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული განჩინება არის “საშიში პრეცენდენტი” და „აღნიშნული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისა და კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის საქმიანობას და მედიის წინააღმდეგ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გამოყენების ეჭვებს აჩენს.” ამავე საკითხზე განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომ თბილისში. განცხადებაში ნათქვამია, რომ „გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი – ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები” და „სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით.”

ჩანაწერების გავრცელება საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისს დაემთხვა. ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. 

რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადება და შეფასებები

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ „ბოლო დროს ვაშინგტონში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ქმედებებით, რომელიც ამერიკული მოთხოვნების ცალსახად შესრულებას თავს არიდებს“. 9 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა აღნიშნა, რომ „საქართველოში წესრიგის დასამყარებლად, ამერიკელები სისტემური სამუშაოს განხორციელებას გეგმავენ, რათა ოპოზიციას დაუჭირონ მხარი, ხოლო „ქართული ოცნების“ პოზიციებს ძირი გამოუთხარონ“. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის თქმით რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის განცხადება არის პროვოკაციული, კლასიკური ნიმუში ჰიბრიდული ომისა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში დაბნეულობის გამოწვევასა და ნიჰილიზმის გაღვივებას. ზალკანიანის თქმით ნარიშკინის განცხადების მიზანია მაქსიმალურად ნეგატიურად წარმოაჩინოს აშშ-საქართველოს ურთიერთობები და ამ კუთხით უარყოფითად იმოქმედოს მოსახლეობის განწყობებზე.

განცხადება შეაფასეს სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგნელებმაც. ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და რუსეთის საგარეო დაზვერვის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა. რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებაზე ოპოზიციის რეაქცია ძალიან მწვავე იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გია ბარამიძის შეფასებით ეს განცხადება ასახავს რეალობას, რომ „საქართველოში არის ოლიგარქი, რომელიც პირდაპირ ახორციელებს და ასრულებს პუტინის გეგმას საქართველოში.”

„ევროპულ-ქართული ინსტიტუტი” მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ეს განცხადება საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც  პოლარიზაციის ზრდასა და მხარეთა დაპირისპირების გაღრმავებას ემსახურება. 

შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისს ეწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელამა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად  გამოგზავნა. ვიზიტის ფარგლებში დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. კრისტიან დანიელსონის თქმით, საქართველო პოლიტიკურ ჩიხშია და ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო, რათა პოლიტიკურმა ძალებმა იპოვონ ჩიხიდან გამოსასვლელი გზა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.