ევროპარლამენტის რეზოლუცია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს
9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა“, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას ქვეყანაში პრესის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის გამო აკრიტიკებს, ევროკავშირის ინსტიტუტებს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მუშაობისკენ მოუწოდებს (ნაცვლად პირდაპირ კანდიდატობის მიცემაზე მოწოდებისა). ამასთან, დოკუმენტი მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.
რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის, კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლო პროცესები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის, მედიის თავისუფლების სფეროში.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ „ცალსახად უნდა აჩვენოს ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების პოლიტიკური მზადყოფნა, როგორც ამას ევროკავშირის წევრობაზე ქვეყნის განაცხადი მოწმობს“.
ევროპარლამენტმა აღნიშნა, რომ „ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები განხორციელებას იმსახურებს“ და ამიტომ, ის მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს „იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს შეასრულებს“.
რეზოლუციაში ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს იმ „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში თამაშობს, ასევე მის მიერ ხელისუფლებასა და მის გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის, ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას ეხება“.
ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ ის უკიდურესად შეშფოთებულია კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნესკავშირების გამო, რაც „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს“.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და „დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი განიხილონ იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში ითამაშა“.
საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციას აკრიტიკებს
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გააკრიტიკა , რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების რეკომენდაციას გასცემს.
„ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, რეზოლუცია ერთგვარი მინიშნებაა, რომ, შესაძლოა, საქართველომ უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. „ეს იქნება სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლის უზენაესობითა და ეკონომიკური წინსვლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავისი რეაქცია ექნება“.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ერთადერთი, რასაც ივანიშვილს საქართველოს „კეთილმოსურნე“ შეიძლება ედავებოდეს, ის შეიძლება იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ამით საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ დასაჯა“. „საქართველოს „კეთილმოსურნეებს“ შეიძლება არ მოსწონთ, რომ საქართველო სრულიად საბედისწერო და ფატალურ ომში არ ჩაერთო და ქვეყანა არავის გაანადგურებინა“.
„საქართველოს „კეთილმოსურნეებს“, ალბათ, აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ მთელ მსოფლიოში არსებული უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საქართველოში შარშანაც და მიმდინარე წლის იანვარ-აპრილშიც 10%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა“, – თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
11 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ თუკი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება „უსამართლო“ იქნება, „ყველაფერს ფარდას ავხდი“.
პრემიერ-მინისტრმა რეზოლუციას „მიკერძოებული“ უწოდა და ევროპარლამენტარები გაარიტიკა, რომელთაც მისივე თქმით, გამოავლინეს „უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხის, რომლის 80% მომხრეა ჩვენი ქვეყნის ევროპაში გაერთიანების“.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკურმა ფრაქციამ, მათ შორის, მან, რომლის წევრიც ქართული ოცნებაა, ერთხმად თქვა, რომ „საქართველოში ადამიანს პოლიტიკური ნიშნით დევნიან, რომ საქართველოში არ არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“.
საქართველოს ყოფილი პრემიერისა და პარტია საქართველოსთვის დამფუძნებლის, გიორგი გახარიას შეფასებით, დღეს „ყველაზე დიდი საფრთხეა, რომ საქართველო მოსწყდეს უკრაინასა და მოლდოვას, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში, „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში, ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილებოდა და სადაც საქართველო უპირობო ლიდერი იყო“.
საქართველოს პრეზიდენტი: ხელისუფლების განცხადებები საქართველოს კანდიდატობის დაცვაში ხელს მიშლის
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაგმო საქართველოს ხელისუფლების კომენტარები ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაზე და განაცხადა, რომ ეს მას არ აძლევს საშუალებას, რომ ეფექტურად დაიცვას საქართველოს კანდიდატობა.
„სამწუხაროდ ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდე უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას ისეთი კომენტარები მოჰყვა სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
„მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესში წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას, და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილი “იმეორებს ამ დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს“.
„მინდა, ზოგადად ყველას შევახსენო შემდეგი, რომ ჩვენი სახელმწიფო, პირველ რიგში, არის სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ერთი და მეორე, მთავარი, ჩვენი ქვეყანა იმართება კანონით, კანონებით და კონსტიტუციით“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა.