ევროკომისიის რეკომენდაცია: საქართველოს „ევროპული პერსპექტივა“ მიენიჭოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი პირობები უნდა შესრულდეს

17 ივნისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისია უკრაინისა და მოლდოვასათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს, იმ მოლოდინით, რომ ეს ორი ქვეყანა საჭირო რეფორმების გატარებას განაგრძობს. საქართველოს შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციაა, ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მიეცეს, ხოლო კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად კონკრეტულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე საქართველომ პროგრესი უნდა აჩვენოს.

ევროკომისიამ საქართველოს 12 მოთხოვნა წაუყენა, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შესრულდეს.

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება, თუკი: 

  • აღმოფხვრის პოლიტიკურ პოლარიზაციას. ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს ყველა პარტიამ, „19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით“;
  • ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად იმუშავებს. გაიზრდება მათი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული; ზედამხედველობა მათზე. ხელისუფლება გაითვალისწინებს ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნებს საარჩევნო სისტემაზე;
  • მიიღებს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. დაიწყებს მის განხორციელებას. ქუზრუნველყოფს სასამართლო სისტემის მთლიან და ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას, ანგარიშვალდებულებასა და მიუკერძოებლობას“. ამ პროცესში სხვა პოლიტიკური პარტიებიც უნდა ჩაერთონ. სასამართლო ინსტიტუტებმა და პროკურატურამ დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ უნდა იმუშაონ. მოსამართლეები და იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრები ასევე გამჭვირვალედ უნდა ინიშნებოდნენ;
  • გააძლიერებს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას და ეფექტიანად გამოიძიებს ელიტური კორუფციის შემთხვევებს; 
  • გააძლიერებს სპეციალურ საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურებს. უზრუნველყოფს მათ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას;
  • აიღებს და შეასრულებს “დეოლიგარქიზაციის” ვალდებულებას. აღმოფხვრის იმ გადაჭარბებულ ზეგავლენას, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე;
  • გააძლიერებს ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან და ეფექტიანად გამოიძიებს სამართალდარღვევებს. სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან ანგარიშვალდებულები და გამჭვირვალე;
  • შექმნის თავისუფალ, პროფესიონალურ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიაგარემოს. „სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს“. ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს;
  •  სასწრაფოდ დაიცავს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს. ეფექტიანად გაასამართლებს მათზე მოძალადეებს და ამ ძალადობის დამკვეთებს;
  •  „გააერთიანებს ძალისხმევას“ გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად;
  •  ჩართავს სამოქალაქო საზოგადოებას გადაწყვეტილებების მიღებაში “ყველა დონეზე“;
  •  მიიღებს კანონს, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, „პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები“;
  •  ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი. დანიშვნა იქნება გამჭვირვალე, მისი სამსახური – ზეგავლენებისგან თავისუფალი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა კომისიის შეფასების წარდგენისას თქვა, რომ საქართველოსთვის „ევროპის კარი ღიაა და ახლა ჯერი მასზეა“.

გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის, (ხოლო უკრაინისა და მოლდოვისთვის – პერსპექტივასთან ერთად, კანდიდატის სტატუსის) მინიჭებაზე უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ლიდერს. მათი შეხვედრა 23-24 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომისია შეაფასებს საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს.

ევროკომისიის დასკვნას ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ მმართველი გუნდი „ყველაფერს გააკეთებს“ დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გასამყარებლად, მშვიდობის დასაცავად და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად, რაც ქვეყანას „ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ შესაძლებლობას შეუნარჩუნებს“.

„გვესმის, რომ [საქართველოს მიერ] 14 და, მით უმეტეს, 30 წლის წინ [გაღებულ] მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს და 300 000 დევნილს დღეს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის სამწუხაროდ უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული“.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირების საკითხს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მასზე პასუხისმგებელია არა რომელიმე კონკრეტული, არამედ „აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური სუბიექტი“. ამ კონტექსტში მან 20 ივნისს სამოქალაქო აქტივისტების მიერ ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია გაიხსენა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა პირდაპირ საუბრობს ხელისუფლების გადატრიალებაზე. „ვის სურს პოლარიზაცია, ეს არის დღესავით ნათელი“. – თქვა მან.

ხელისუფლებისადმი კრიტიკული იყო ოპოზიცია. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა: „მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა დეოლიგარქიზაცია მოხდება, გავისაუბროთ და მოგვიკაკუნეთ კვლავ, ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები, კი ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ… ამ ხელისუფლებას არ აქვს ნება გაატაროს წარმატებული, დემოკრატიული რეფორმები…“

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია დაელოდება 24 ივნისს და საბოლოო დასკვნას, მაგრამ თუ ეს შედეგი დარჩა, ეს არის პირდაპირი საბაბი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ კომისიის „გადაწყვეტილება არის ბოლო შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და ამაზე ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის, ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, რომ საბოლოოდ კარები არ დახურულიყო საქართველოსთვის… 20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. ამის შემდეგ უნდა ვიყოთ ყოველთვის ძალიან ბევრი, იმისთვის რომ ჩვენ და ჩვენს შვილებს არ წაგვართვან ევროპული პერსპექტივა.“

20 ივნისს თბილისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კენჭისყრამდე დაიგეგმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი 13 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე აქციის ორგანიზატორები გააფრთხილა, რომ მთავრობა უკანონო ქმედებებსს არავის არ აპატიებს და ძალით დაიცავსმშვიდობას და სტაბილურობას.

საპროტესტო აქციას ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია უერთდება.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ 2019 წლის 20-21 ივნისის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული ხანგრძლივი პროტესტის შედეგად ჩამოყალიბდა. 20-21 ივნისის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას აპროტესტებდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.