შინ ევროპისკენ: თბილისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

3 ივლისს, საღამოს 20:00 საათზე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაანონსებული აქცია გაიმართა, რომლის მთავარი მოთხოვნაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და დროებითი, ტექნიკური მთავრობის შექმნა იყო. Აქციას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობაც მხარს უჭერდა.

მწერალმა და მოძრაობა „Შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა წევრმა ლაშა ბუღაძემ განაცხადა, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს.

აქციის მიმდინარეობისას დემონსტრანტების ნაწილი მსვლელობით ქართული ოცნების ოფისისკენ გაემართა. ოფისთან მისულ დემონსტრანტებს ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რისი ამსახველი ვიდეოც ფეისბუქზე თავად გამოაქვეყნა.

მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა აქციაზე განაცხადა, რომ მათ მთავრობის კანცელარიასთან ღამის გათენება და დილით შენობის პიკეტირება გადაწყვიტეს, სადაც მთავრობის სხდომა უნდა ჩატარებულიყო.

დილით დიღმელაშვილმა იქ შეკრებილ დემონსტრანტებს განუცხადა, რომ „მთავრობის სხდომა ვერ შედგა“ და აქცია დასრულდა.

„ტრადიციულად, ყოველ ორშაბათს, აქ ინიშნება ხოლმე მთავრობის სხდომა. მთავრობის სხდომაზე დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ მთავრობას და ვერ ვხედავთ ღარიბაშვილს. სამაგიეროდ მათ ნაცვლად ვხედავთ ბევრ პოლიციელს…“ – აღნიშნა აქტივისტმა.

აქტივისტების აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი იყო, ხმა გაეგონებინათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის, რომლის გადადგომასაც ითხოვენ. ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული პოლიციელი იყო მობილიზებული, ადმინისტრაციის შესასვლელი კი — ჯებირებით შემოსაზღვრული.

თბილისში პრაიდ-კვირეული კონტრაქციების ფონზე ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 ივლისს, გვიან ღამით, ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები დააკავა, მათ შორის, პარტია კონსერვატიული მოძრაობისა და მათივე ტელევიზიის „ალტ ინფოს“ ლიდერები. სულ 40-ზე მეტი ადამიანი.

წინა კვირას ლგბტ+ თემის მხარდამჭერი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „პრაიდის“ კვირეული ჩატარდა, რომელიც ფესტივალით დასრულდა. კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო წელს „პრაიდის“ ორგანიზატორებმა „ღირსების მარშის“ ჩარებაზე უარი თქვეს.

დაკავებულთა შორის იყვნენ პარტიის ლიდერები ზურა მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, ასევე დააკავეს გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებიც.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები გვიან ღამით თბილისში შეიკრიბნენ იმ ადგილზე, სადაც დღეს, 2 ივლისს, პრაიდ ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება იმართებოდა. სწორედ ძალადობრივი საფრთხის გამო ორგანიზატორებმა უარი თქვეს ღონისძიების საჯარო სივრცეში ჩატარებაზე.

ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ 4 ივნისს განაცხადა, რომ დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

პრეზიდენტი და ოპოზიცია ევროკავშირის კანდიდატობისთვის „ოცნების“ გეგმას კრიტიკულად აფასებენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ძირითადი ოპოზიციური პარტიები სკეპტიკურად შეხვდნენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გეგმას, რომლითაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატობის მოსაპოვებლად ევროკომისიის 12 რეკომენდაცია/პრიორიტეტი უნდა შესრულდეს. გეგმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 1 ივლისს წარმოადგინა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა მმართველი პარტიის წინადადება პრო-ევროპული პროტესტის მუხტის შესუსტების მცდელობად შეაფასა: „ისინი ცხადია არაფერს იზამენ. რამის გაკეთება რომ უნდოდეთ, ოპოზიციასთან ტელევიზიით საუბარი კი არ არის საჭირო, შეუძლიათ თვითონ დააინიცირონ შესაბამისი კანონები, მათ შორის, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული ნაბიჯები გადადგან; დააკავონ, დასაჯონ ის ადამიანები, ვინც ორგანიზებულ დანაშაულში არიან ჩართულნი“.

„ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მმართველი პარტიის ინიციატივას „პროცესის იმიტაცია“ უწოდა. მან თქვა, რომ დეპოლარიზაციის გზა არის ევროკავშირის შუამავლობის ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მმართველმა პარტიამ შარშან ივლისში მიატოვა.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა: „იმ ფონზე… რა კურსიც აქვს ივანიშვილის რეჟიმს აღებული, ეს წინადადება არის უბრალოდ ცინიზმი და სერიოზულად არც კი უნდა განვიხილოთ არავინ“. „ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი ამოცანა, რომ საზოგადოების მობილიზებით ეს რეჟიმი მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა“, – აღნიშნა ბოკერიამ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ როგორც ირაკლი კობახიძის გაჟღერებული გეგმას, ისე სამოქალაქო აქტივისტების მოწოდებებს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის თაობაზე „არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან“.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.