ირაკლი კობახიძე ომში ჩართვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უკავშირებს
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ საქართველოს დეკემბრამდე რუსეთთან ომში ჩართვა მოუწევს, მაშინ ქვეყანას „გარანტირებული“ ექნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
„ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
„ამ ფაქტორს ჩვენ ვერ შევცვლით და არ შევცვლით“, – განაცხადა მან და დასძინა – „ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთებდა და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, მაგრამ ჩვენ ამაზე არცერთ შემთხვევაში არ წავალთ“.
„იმ შემთხვევაში, თუ დეკემბრამდე დასრულდება ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც, მათ შორის, საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში. ანუ, იყო გარკვეული ემოციური ფონი, რის გამოც უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს – არა“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, „დეკემბრის ბოლომდე თუ დასრულდება უკრაინაში ომი, შეიცვლება ეს ემოციური ფონი და ასეთ დროს იზრდება იმის შანსი, რომ ჩვენ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი“.
23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, თუმცა ევროკომისიამ ქვეყანას 12 რეკომენდაცია მისცა, რომელთა შესრულებაც კანდიდატის სტატუსის მიღებამდეა საჭირო. რეკომენდაციები სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებას, პოლიტიკურ დეპოლარიზაციას და „დეოლიგარქიზაციას“, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას.
სტრასბურგის სასამართლომ 5 ივლისს საქმეზე „თბილისი პრაიდის” სარჩელი მიიღო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ლგბტ მოქალაქეთა უფლებადამცველი ორგანიზაციის „თბილისი პრაიდისა“ და აქტივისტების სარჩელი 2021 წლის 5 ივლისის ჰომოფობიურ ძალადობასთან დაკავშირებით.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, რომელიც ჯგუფის ინტერესებს იცავს, იტყობინება, რომ „საქმეს შესაძლოა პრეცედენტული მნიშვნელობა მიენიჭოს“.
ზუსტად ერთი წლის წინ, 2021 წლის 5 ივლისს, დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები ფიზიკურად თუ სიტყვიერად დაესხნენ თავს 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ასევე თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს, რომელთაც ლგბტ აქტივისტები და მხარდამჭერები აფარებდნენ თავს. ხელისუფლებიდან/პოლიციიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის ფონზე, იმ დღეს „თბილისი პრაიდმა“ მარში გააუქმა.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ქართული ოცნების ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან ვერ მოახდინა რეაგირება „ჰომოფობიურ ძალადობაზე, თავდასხმებსა და მუქარაზე ლგბტქი+ თემისა და აქტივისტების წინააღმდეგ“.
მოსარჩელეები ითხოვენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების, კერძოდ კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-11 (შეკრების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევის დადგენას.
ორგანიზაციის თქმით, საქართველოს მთავრობა 2022 წლის 13 ოქტომბრამდე ვალდებულია გასცეს პასუხი სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს საჩივარში წამოჭრილ ყველა საკითხზე.
„სასამართლოს აინტერესებს, ხომ არ წაახალისა ხელისუფლების წევრების განცხადებებმა ის ძალადობა, რომელმაც იფეთქა 2021 წლის 5 ივლისს და რამდენად შეასრულა სახელმწიფომ მასზე ნაკისრი პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების ვალდებულებები“, – აცხადებს ორგანიზაცია.
სამოქალაქო სექტორის ხედვა ევროკავშირის კანდიდატობის მოსაპოვებლად
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა დეტალური სამოქმედო გეგმა
შეიმუშავა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკომისიის 12 რეკომენდაციის/პრიორიტეტის შესასრულებლად. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარმოადგინა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამაც.“
არასამთავრობოების მიერ შემუშავებული 12 ნაბიჯის შინაარსი ასეთია:
- პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაჭრა: პარლამენტში 5 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ოპოზიციის წევრებმა უნდა დაიკავონ; ამასთან, ერთ-ერთი მუდმივი საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციის წევრი უნდა იყოს. საკანონმდებლო პაკეტი უკვე შემუშავებულია და მის დამტკიცებას 76 ხმა ესაჭიროება. მმართველ პარტიას ამჟამად პარლამენტში 81 დეპუტატი ჰყავს.
- ანგარიშვალდებულება, დემოკრატიული ზედამხედველობა და საარჩევნო პროცესის ხარვეზების აღმოფხვრა: ა) საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. საჭიროა კიდევ ორი მოსმენა. რიგგარშე სესიის მოწვევის შემთხვევაში პროცესი შესაძლებელია 2 კვირაშიც დასრულდეს, ხოლო ცვლილებების მისაღებად 113 ხმა იქნება საჭირო; ბ) 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღება, რომლებიც უკვე შემუშავებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ და მმართველი პარტიის დასტურის შემთხვევაში, მისი მიღება 1-დან 6 კვირამდე ვადაში იქნება შესაძლებელი; გ) საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ცესკოს შემდეგი თავმჯდომარე და პროფესიული წევრები დაინიშნოს პარლამენტის ორი მესამედის მიერ, რათა მიღწეული იქნას პოლიტიკური დეპოლარიზაცია და ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ.
- მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის: ა) სასამართლო რეფორმის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით. ავტორები აცხადებენ, რომ გეგმის ამოქმედება ერთ თვეშია შესაძლებელი; ბ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის განხორციელება მოითხოვს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის სისტემის გადახედვას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში კონსენსუსის პრინციპის გაძლიერებას. საკანონმდებლო გზა მარტივია და თუკი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება იქნება ინიცირებული, მისი მიღება შესაძლებელი იქნება ექვს კვირაში სტანდარტული, ხოლო ერთ კვირაში დაჩქარებული პროცედურებით; გ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი ხუთი არამოსამართლე წევრი შესაძლოა ერთი თვის ვადაში შეირჩეს, თუ მმართველი პარტია მზად იქნება, რომ კანდიდატები კონკურსის წესით აირჩიოს. კანდიდატები პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/5-ით (90 ხმა) აირჩევიან; დ) გენერალური პროკურორის დანიშვნის წესში ცვლილების შეტანა, რაც პარლამენტში უკვე ინიცირებულ იმ ცვლილებების პაკეტს უნდა დაეფუძნოს, რომელსაც მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა; ვ) საერთო სასამართლოების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების მიღება – პროექტი უკვე ინიცირებულია, თუმცა კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია.
- ანტი-კორუფციული სტრუქტურების გაძლიერება: პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც სხვადასხვა ინსტიტუტებში გაფანტულ სამ ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გააერთიანებს. მის მიღებას მმართველი პარტიის მხარდაჭერა ესაჭიროება. ამასთან, უნდა შეიცვალოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დანიშვნის წესი და კანდიდატების დანიშვნა პარლამენტის მიერ პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოხდეს.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებები მოიცავს ინიციატივებს გენდერული თანასწორობის ზრდის, სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობის და ახალი სახალხო დამცველის მრავალპარტიული კონსენსუსით არჩევის მიმართულებით.