ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 18 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს საქართველოს შესახებ მიღებული კრიტიკული რეზოლუციაში არაფორმალური მმართველობის შესახებ ჩანაწერი „სრული სიყალბეა“.

მისივე თქმით, არაფორმალური მმართველობის შესახებ „ყოვლად დაუსაბუთებელი“ ბრალდებები და იმაზე საუბარი, რომ ქვეყნის მთავრობა პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება“, „განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია“, როგორც პირადად მისთვის, ისე საქართველოსთვის.

პრემიერი რეზოლუციაში ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის „კრემლთან კავშირების“ გამო სანქციების დაწესების შესახებ ჩანაწერსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბრალდებები „არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად“.

„ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი’, – განაცხადა მან.

მისი თქმით, რეზოლუციას ოპოზიციის „რადიკალური ნაწილი საქართველოში პოლარიზაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად იყენებს, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტი „პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად“.

ამდენად, პრემიერი მიიჩნევს, რომ „ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული“.

„ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს და ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლარიზაციის გაღვივებისთვის არ გამოიყენოს“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა მნიშვნელოვანია ევროკომისია „მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას“, რადგან „არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ქართულ საზოგადოებაში შევინარჩუნოთ მაღალი ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ და ხელი შეეწყოს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას საქართველოში“.

ღარიბაშვილის წერილს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველში იან კელი Twitter-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, წერილი “იმაზე მეტყველებს, რომ მისი პრიორიტეტია, ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენოს.”

 

სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე დააკავეს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 17 ივლისს განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, იოსებ (სოსო) გოგაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის მუხლებით წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას გოგაშვილმა სამსახურიდან პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და პირადი და პერსონალური მონაცემები გაიტანა და თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა. 

„ნაწილი ინფორმაცია იოსებ გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ, რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

ამასთან, საგამოძიებო უწყების ცნობით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, საიდანაც ორი იარაღი იყო გაუფორმებელი, ხოლო სამი გაფორმებული ახლო ნათესავის სახელზე. 

„იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, ამოღებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები“, – განაცხადეს პროკურატურაში. 

გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე (IV), 236-ე (III) და 333-ე (I) მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. 

სოსო გოგაშვილს სასამართლომ 18 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სოსო გოგაშვილის შვილმა ნინო გოგაშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება, ანუ იგივე რუსული ოცნება, იმიტომ რომ იოსებ გოგაშვილი ებრძოდა რუსული მმართველობას და ამიტომ სურს რუსულ ოცნებას ანუ ქართულ ოცნებას მამაჩემზე შურისძიება და გაჩუმება.” გოგაშვილის ცოლმა, თეა მარტყოფლიშვილმა კი თქვა, რომ მისი მეუღლე არის “ვაჟკაცი, გმირი და პოლიტპატიმარი”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.