„ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ და არასამთავრობო ორგანიზაციების წერილი კარლ ჰარცელს
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში 4 წლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს.
განცხადებაში ნათვამია, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მადლობას უხდის ჰარცელს საქართველოში მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო და სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის გრძნობდა ევროკავშირისგან და პირადად მისგან. ამასთანავე ისინი ხაზს უსვამენ ჰარცელის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
არასამთავრობო სექტორი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ჰარცელის პირად წვლილს შარლ მიშელის შეთანხმებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღწევის საქმეში. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა სათანადოდ ვერ შეაფასა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა და „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმება დატოვა.
ერთობლივ წერილში სამოქალაქო საზოგადოება აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მხრიდან გახშირებული ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმები, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესების შიდაპოლიტიკურ თამაშში გამოყენების მცდელობები აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის მის მომავალს.
წერილს 30 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ აწერს ხელს.
კარლ ჰარცელი საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე 2018 წლიდან მსახურობდა. მას პოლონელი დიპლომატი პაველ ჰერჩინსკი ჩაანაცვლებს.
არასამთავრობოები მმართველი პარტიის მიერ არჩევნების გაყალბების სავარაუდო სქემაზე საუბრობენ
არასამთავრობო ორგანიზაციები – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 21 ივლისს გამოქვეყნებულ ერთობლივ კვლევაში ამომრჩეველთა მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების სავარაუდო სქემაზე საუბრობენ.
კვლევა ორგანიზაციებისთვის ე.წ. მამხილებლის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ (სოსო) გოგაშვილის მიერ გადაცემულ მასალებს ეყრდნობა, რომლებიც, სავარაუდოდ, ქართული ოცნების მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის (securgd@gmail.com) 2018-2019 წლების კორესპონდენციასა და 2020 წლით დათარიღებულ დოკუმენტაციას მოიცავს. ამასთან, მათ საჯარო ინფორმაციის მეშვეობით დოკუმენტებში არსებული გარკვეული მონაცემები თავადაც გადაამოწმეს.
სოსო გოგაშვილმა, რომელიც სამართალდამცველებმა 16 ივლისს დააკავეს, ერთი დღით ადრე Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში ამხილა და თქვა, რომ გაყალბების „მთლიანი სტრუქტურის“ შესახებ მტკიცებულებები „ყველა შესაბამის ორგანიზაციას“ გადასცა.
კვლევის ავტორების განცხადებით, კვლევისას მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლების ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა გამოვლინდა, რომლითაც, „მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება“.
დოკუმენტში ნათქვამია, მმართველი პარტიის წარმომადგენლები მოქალაქეებს სავარაუდოდ სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას; პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას; შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას; მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას); სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და სხვ.
კვლევის ავტორების თქმით, პრობაციის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან დასტურდება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, განსაკუთრებით მეორე ტურის და შემდეგ თვეებში, საგრძნობლად გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც პირობითი მსჯავრი გაუუქმეს და სატრანსპორტო საშუალების მართვის ჩამორთმეული უფლება აღუდგინეს. „გარდა ამისა, სხვადასხვა ტელეკომპანიის მიერ გაკეთებულ რეპორტაჟებში ბევრმა პირმა დაადასტურა დოკუმენტებში მოყვანილი გარემოებები“.
ამასთან, კვლევის თანახმად, ქართული ოცნება, დიდი ალბათობით, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების შესახებ ინფორმაციასაც აგროვებდა და იმითაც ინტერესდებოდა, „თუ რა სახის ზემოქმედება შეიძლება მოეხდინა მათზე სხვადასხვა სახელმწიფო რესურსის გამოყენებით“.
გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, მმართველი პარტია, სავარაუდოდ, სუს-თან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა, მათ შორის, საჯარო სკოლების დირექტორებისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების პოლიტიკურ დოსიეებსაც ადგენდა და საკადრო პოლიტიკას მათზე დაყრდნობით ატარებდა.
„ამის ტიპურ მაგალითად საჯარო სკოლების დირექტორების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია შეიძლება მივიჩნიოთ. 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა“, – ნათქვამია დოკუმენტში და იქვე განმარტებულია, რომ ამ 112 პირიდან გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებში 95 დირექტორი იყო შეფასებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ თქმით, გოგაშვილის მიერ მიწოდებული მასალები, რომლებიც „შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“, სრულად პროკურატურას გადასცეს, რაც მათი შეფასებით, ეფექტიანი გამოძიების დაწყების წინაპირობა უნდა გახდეს.
პრეზიდენტი მმართველ გუნდს „ანტიდასავლური რიტორიკისთვის“ აკრიტიკებს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 21 ივლისს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში მმართველი გუნდი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობის დაწყების მაგივრად, „გაუთავებელი ანტიდასავლური რიტორიკისა“ და ევროპარლამენტარებზე „გაუთავებელი თავდასხმების“ გამო გააკრიტიკა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოს წამყვანი ევროპარლამენტარები სტუმრობენ, „ხდება წარმოუდგენელი რამ, რომ ერთდროულად ბრიუსელსა და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ“.
„მე არ ვიცი სანამდე უნდა გავაგრძელოთ ეს ორმაგი თამაში, რომ ვითომ გვინდა ევროკავშირისკენ სიარული, გვინდა კანდიდატის სტატუსი, ამ დროს, არა თუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია…, [არამედ] საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ამის მაგალითებად საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლს მიშელის ჩართულობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლა, ევროკავშირის შეღავათიან სესხზე უარი, სასამართლოს „ნაჩქარევი წესით“ დაკომპლექტება და ინსპექტორის სამსახურის ასევე ნაჩქარევად გაუქმება დაასახელა.
ამის პარალელურად, პრეზიდენტმა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის მიერ ევროპარლამენტარების მიმართ „კრიმინალების მფარველობასა“ და „მეორე ფრონტის“ გახსნის თაობაზე ბრალდებებიც გაიხსენა.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები არა კრიტიკა, არამედ ბრალდებებია. „თუ ვინმე იყო ჩასული და შეხვდა ევროპელებს მაღალ დონეზე, ეს მე ვარ. თუ ვინმე იყო ჩასული აშშ-ში და შეხვდა მაღალ დონეზე მაქსიმალურად, რაც შესაძლებელი გახდა, მე ვარ და არსად გამიგონია არცერთი მოთხოვნა, რომ ჩაერთეთ ომში. ეს არის სრულად მოგონილი და საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას“, -დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, „ანტიდასავლური რიტორიკა“ აქტიურად იმ ფონზე გვესმის, როდესაც „რუსეთის მიმართ არის სიჩუმე“. ამ კონტექსტში მან ოკუპირებულ აფხაზეთში კურორტ ბიჭვინთის ნაწილის რამდენიმე ათწლეულით რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მიმდინარე საუბრები გაიხსენა და იკითხა – „როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში არის ვნებათა ღელვა, საქართველოს არ ეხება?“.
მანვე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილი ღია წერილისთვისაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „არ მინახავს, რომ პრემიერი სწერდეს [ევრო]კომისიის [პრეზიდენტს] იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს“.
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი პიტერ ფიშერი იქნება
გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს პიტერ ფიშერი შეცვლის. ამის შესახებ ფიშერმა „ტვიტერზე“ თავად დაწერა.
„ახალი ამბავი: აგვისტოს ბოლოს, მარია და მე თბილისში გადავდივართ, სადაც მე მექნება პატივი საქართველოში გერმანიის ელჩის პოზიცია დავიკავო. თვალი ადევნეთ ამ სივრცეს“, – წერს ფიშერი.
ჰუბერტ ქნირში საქართველოში გერმანიის ელჩად 2018 წლიდან მუშაობდა.
ფიშერი კარიერული დიპლომატია, 1986 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებს იკავებს. მისი კარიერა ძირითადად გერმანიის მიერ სხვა ქვეყნებთან ეკონომიკურ თანამშრომლობას უკავშირდება. ის სხვადასხვა დროს იკავებდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მთავარი ეკონომისტის, ასევე საერთაშორისო გარემოსდაცვითი პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შემდეგ კი ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის, ექსპორტის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს.
ნამუშევარი აქვს სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატიური მისიით. ბოლოს ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო.