“ევროპულ-ქართული ინსტიტუტი” ღრმა მწუხარებას გამოთვამს გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, რომლის დახმარებითაც გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

გუდაურთან სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

29 ივლისს, სამთო კურორტ გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდნილი ორი მოქალაქის სამაშველო ოპერაციაში ჩართული შსს-ს კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენში, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს კონტროლი დაკარგა, ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი იმყოფებოდნენ.

საქმეზე გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

უბედური შემთხვევის ადგილზე დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც ჩავიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებს ექსპერტები დაადგენენ. მისივე ინფორმაციით, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილებიდან, ერთი უცხოელი ტურისტი იყო, რომელიც ასევე გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფი ქართველი გიდი კი, დაშავდა და იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზინდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

ბიძინა ივანიშვილი წერილს ავრცელებს და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობებზე საუბრობს

ქართული ოცნების დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განაცხადის შემდეგ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ 27 ივლისს გავრცელებულ მეორე წერილში გაიმეორა მმართველი გუნდის გზავნილი, რომ „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია“.

ივანიშვილის შეფასებით, რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და „უდიდესი სირთულეების“ მიუხედავად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ „სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა“.

მისივე თქმით, დღეს, როდესაც „ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული“, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, რომ იმაზე იზრუნოს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები არ დაზიანდეს.

ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან წარმოქმნილი „პირადი პრობლემა“ საქართველოში მიმდინარე პროცესებს დაუკავშირა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ურჩევნია ბანკთან მისი ურთიერთობა „პირად პრობლემად“ დატოვოს და საზოგადოებას თავს ზედმეტად არ მოახვიოს. „იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“, – დასძინა მან.

წერილის დასასრულს, ქართული ოცნების დამფუძნებელმა მმართველი პარტიიდან ცოტა ხნის წინ გასული დეპუტატების – მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრისა და შესაძლო „შანტაჟის“ შესახებ დასმულ საჯარო კითხვასაც უპასუხა და თქვა, რომ „ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

28 ივლისს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლსა და ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს 21 მარტს ნამდვილად შეხვდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მასთან „არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას“.

„ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას“, – წერს ინტერპრესნიუსი კელი დეგნანის სიტყვებზე დაყრდნობით, 28 ივლისს გამოქვეყნებულ მასალაში.

ივანიშვილის წერილი კრიტიკულად შეაფასა ოპოზიციამ. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა: „აი, საიდან სადამდე [მოვედით]. სამწუხაროა ეს ყველაფერი. საკუთარი პერსონალური ინტერესებით ქვეყნის მომავლის ვაჭრობამდეც მივედით და ასე იმსხვრევა მითები საერთოდ“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ თქვა, რომ “ივანიშვილი დასავლეთს ჩვენი ქვეყნის მომავლით ევაჭრება. აი, ასე, საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოდო დახლზე და ვაჭრობს!”

სალომე ზურაბიშვილი ბიჭვინთის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას გმობს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 ივლისს განაცხადა, რომ „კატეგორიულად გმობს“ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ამ უკანასკნელისთვის კურორტ ბიჭვინთის ნაწილის, 186 ჰექტარი მიწის გადაცემას გულისხმობს.

„ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმა“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე მოსახლეობის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია“.

სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას საკითხზე „მკვეთრი რეაგირებისკენ“ მოუწოდა.

ხელისუფლებას ბიჭვითის საკუთხზე სიჩუმის გამო აქტიურად აკრიტიკებდა ოპოზიციის ნაწილი და არასამათავრობო სექტორი.

29 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბიჭვინთის საკითხზე “ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ”.

მისი თქმით, “არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი, არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან”.

21 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა მიმართა ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს და გაუგზავნა თანხმობა, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.