აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოში ინტერვენცია დაიწყო. საქართველო-რუსეთის ომში 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა; საქართველოს ტერიტორიაზე 263 598 დევნილია; საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.
საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.
რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წელს, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და რუსული ჯარები ისევ არ დაბრუნებულან 2008 წლის ომამდე პოზიციებზე.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.
აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე დაწერა: „1801,1921, 1992, 2008 – ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავენ. საქართველოს გამძლეობა უფრო მტკიცე აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთანაა“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების მე-14 წლისთავთან დაკავშირებით 7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში“.
„საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვით, უკანონო დაკავებებითა და გატაცებებით, ადამიანის უფლებების უხეში შელახვით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციით [რუსეთი] დარტყმას აყენებს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ გარემოს“, – ნათქვამია საგარეო უწყების გნცხადებაში.
საგარეო უწყების შეფასებით, აღნიშნული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია, „სხვა მიზნებთან ერთად, ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან“.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების დარღვევაზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც „კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად“.
კიბერშეტევა დედაენის ბარზე
4 აგვისტოს თბილისის ერთ-ერთი ბარის, დედაენის ბარის მფლობელმა დათა ლაფაურმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ ბარზე კიბერშეტევა მიმდინარეობდა.
„SOS. კიბერშეტევა დედაენის ბარზე ისევ გრძელდება, 5 000 შეფასება მხოლოდ გუგლზე, მუქარის შემცველი კომენტარები ყველა სხვა სოცმედიაზე ჩემს პირად პოსტებს არეპორტებენ და შლიან“. – წერს ის.
რუსეთის მოქალაქეების მსგავსი რეაქციის მიზეზი ბარში მოქმედი ე.წ. ვიზაა, რომლის მისაღებად რუსეთის მოქალაქეებმა სპეციალური ანკეტა უნდა შეავსონ. ანკეტაში მოსანიშნია შემდეგი პუნქტები: ხმა არ მიმიცია პუტინისთვის, ის დიქტატორია, ვგმობ რუსულ აგრესიას უკრაინაში, ყირიმი უკრაინაა, ისევე, როგორც სხვა ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა, საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველოს ყოველი მე-12 მოქალაქე რუსეთის აგრესიის გამო დევნილია, მე მომწონს ფრაზა Русский военный корабль, иди на хуй, დიდება უკრაინას.
2 აგვისტოს დედაენის ბარმა პოსტი გამოაქვეყნა, მათი თქმით, უკმაყოფილო რუსი მომხმარებლები მასობრივად, სოციალურ ქსელებში ბარს ნეგატიურ შეფასებებს აძლევენ.
იმავე დღეს დედაენის ბარის რეიტინგი 4.8 ვარსკვლავამდე გაიზარდა, რუსული ოკუპაციის მომხრეების ცუდი შეფასებები კი წაიშალა.
48 ოპოციზიონერი დეპუტატი გმობს ამერიკისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ხელისუფლების „ცილისმწამებლურ“ კამპანიას
საქართველოს პარლამენტის 48 ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატი გმობს ომში ჩართვაზე საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორების – აშშ-ისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ხელისუფლების „ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას“ და საქართველოში აშშ-ის მოქმედ ელჩს, კელი დეგნანსა და ევროკავშირის ყოფილ ელჩს, კარლს ჰარცელს „სრულ მხარდაჭერას“ უცხადებს.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ დეპუტატები შემდეგი ოპოზიციური პარტიებიდან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ყოფილი პრემიერის პარტია საქართველოსთვის; სტრატეგია აღმაშენებელი; ლელო საქართველოსთვის; რესპუბლიკური პარტია; კანონი და სამართალი. ასევე რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი. ხელმომწერებს შორის არ არიან მოქალაქეების, გირჩისა და ევროპელი სოციალისტების დეპუტატები.
4 აგვისტოს გავრცელებულ ერთობლივ წერილში დეპუტატები აღიარებენ აშშ-ისა და ევროკავშირის „უდიდეს დამსახურებას“ საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში, დეპუტატები აღნიშნავენ, რომ „განსაკუთრებით საგანგაშოა“, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მიმართ „ცილისმწამებლურ თავდასხმებში“, თითქოს ისინი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად, „სასამართლო კორპუსის გარკვეული წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი“.
„მიუხედავად ზემოხსენებული ელჩების არაერთი საჯარო განცხადებისა, რომ შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს არ სურთ და არც არასდროს სურვებიათ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩართვა და რომ ამგვარი გამონათქვამები სიმართლეს არ შეესაბამება, ქართული ოცნება მაინც ჯიუტად აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას“, – ხაზს უსვამენ ოპოზიციონერი დეპუტატები.
ამ კონტექსტში, ისინი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ 27 ივლისს გამოქვეყნებულ წერილსაც იხსენებენ, სადაც მან აშშ-ის ელჩთან შეხვედრა დაადასტურა და ხაზს უსვამენ, რომ ივანიშვილი არაფერს ამბობს მათ შორის გამართული საუბრის შინაარსზე.
„[ამით ივანიშვილი] შეფარვით ამყარებს „ქართული ოცნების“ ზემოხსენებულ მესიჯს, თითქოს დასავლეთს საქართველოს „ომში ჩათრევა“ სურს. აღნიშნული მიუთითებს ბიძინა ივანიშვილის კავშირზე „ქართული ოცნების“ ამ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიასთან“, – აცხადებენ დეპუტატები.
„მივმართავთ ქართული ოცნებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული, ზემოხსენებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია“, – ხაზს უსვამენ ოპოზიციონერი დეპუტატები.