სოსო გოგაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი „ოჯახის განადგურებით“ დაემუქრა

წინასწარ პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, იოსებ (სოსო) გოგაშვილი 11 აგვისტოს საპატიმროდან გავრცელებულ წერილში ამბობს, რომ თუკი „არ გაჩერდება“ და „სასურველ ჩვენებას“ არ მისცემს, მას ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი „ოჯახის განადგურებით“ ემუქრება.

„შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში, მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის [იარაღის ან ნარკოტიკის] ჩადება და მათი დაჭერა, ოცნების ზონდერმედიების შემოსევა“, – წერს გოგაშვილი Facebook-ზე და განმარტავს, რომ ივანიშვილისგან მუქარა საპატიმროში მიიღო, თუმცა ვინ გადასცა მას ეს მუქარა, არ აკონკრეტებს.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე მისი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ „განხორციელებულ უკანონობებზე“ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს აკისრებს და ხაზს უსვამს, რომ „მე ჩემს ოჯახთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისთვის და გავაგრძელებ მხილების კამპანიას“.

„მივმართავ თხოვნით სახალო დამცველს, პოლიტიკოსებს, განურჩევლად მათი პოზიციისა, არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას – დაიცვან ჩემი უდანაშაულო ოჯახი“, – ამბობს გოგაშვილი და ნათესავებსა და ახლობლებს მისი ოჯახის „ფიზიკურად“ დაცვას სთხოვს.

იმავე დღეს, მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე, იოსებ გოგაშვილის ერთ-ერთმა ადვოკტმა, რამაზ ჩინჩალაძემ განმარტა, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე მე-12 პენიტენციური დაწესებულების საშხაპეში გადაიყვანეს და მიუთითეს, რომ რაფაზე დადებული ტელეფონისთვის ეპასუხა, საიდანაც მას შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ესაუბრებოდა.

მისივე განცხადებით, იოსებ გოგაშვილმა მის ხელთ არსებული წებოვანი ლენტის, ე.წ. „სკოჩის“ მეშვეობით, მობილური ტელეფონიდან აიღო თითის ანაბეჭდები. „აღნიშნული მტკიცებულება, როგორც ჩემთვის ცნობილია, უკვე გამოტანილია პენიტენციური დაწესებულებიდან და ჩვენ, ადვოკატები შევეცდებით, რომ თუკი ვარგისი იქნება იდენტიფიკაციისათვის, ჩავატაროთ ექსპერტიზები“, – დასძინა ჩინჩალაძემ.

გოგაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი ღონღაძემ კი – დააზუსტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შს მინისტრს ოთხჯერ ესაუბრა. „სპეციალურად ამ ფაქტის დროს, [საპატიმროს] მესამე სართულზე გაათავისუფლეს ყველა ბადრაგი, ანუ არავინ იმყოფებოდა“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ „პირველ ორ შემთხვევას ორგანიზებას უწევდა დაწესებულების ხელმძღვანელი, ზურაბ მოდებაძე, რომელმაც გოგაშვილს მიუთითა, რომ შესულიყო საშხაპეში“.

12 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ომბუდსმენის ოფისმა სამართალდამცველ ორგანოებს გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა.

ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა 13 აგვისტოს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება რეფორმების მამოძრავებელი ძალა იყო და მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს.

თუმცა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2021 წელს არსებული გამოწვევები „ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა“, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში; ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დაფიქსირებული ხარვეზები; 2021 წლის 5-6 ივლისის ჰომოფობიური ძალადობა და სხვ.

დოკუმენტში ასევე ნათქვმია, რომ „2021 წელს საქართველოს მაჩვენებელი ევროკავშირის დეკლარაციებისა და საბჭოს გადაწყვეტილებების მიერთებასთან დაკავშირებით იყო 53%, რაც 2020 წლის 62%-თან შედარებით დაიწია. 2022 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი კიდევ 42%-მდე შემცირდა“.

დოკუმენტში ასევე ნათქვმია, რომ „2021 წელს საქართველოს მაჩვენებელი ევროკავშირის დეკლარაციებისა და საბჭოს გადაწყვეტილებების მიერთებასთან დაკავშირებით იყო 53%, რაც 2020 წლის 62%-თან შედარებით დაიწია. 2022 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი კიდევ 42%-მდე შემცირდა“.

„ეუთო/ოდირის საბოლოო მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, პარლამენტის მიერ განხორციელებული დანიშვნის პროცედურის ეტაპი კვლავინდებურად არ ითვალისწინებს საკმარის სამართლებრივ გარანტიებს, რაც უარყოფითად აისახება მთლიანი პროცესის კეთილსინდისიერებაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

პოლიტიკურად სენსიტიურ სამართლებრივ საკითხებზე საუბრისას დოკუმენტში ხაზგასმულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის სდეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა და მისი დაკავება; ლელოს ლიდერების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამატყუნებელი განაჩენის გამოტანა; ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის 3.5 წლით პატიმრობის მისჯა; საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ამსახველი კადრების გმოქვეყნება და საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლების სავარაუდო დარღვევა.

დოკუმენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „წინასწარი კონსულტაციების გარეშე“ გაუქმებაზე, ინსპექტორის „ფორმალური პროცედურების გარეშე“ გათავისუფლებასა და სანაცვლოდ ორი ახალი უწყების შექმნაზეც არის ყურადღება გამახვილებული, „რამაც ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის საფრთხესთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია“.

„ეუთო/ოდირის 2022 წლის 18 თებერვლის მოსაზრებით საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დადგინდა, რომ პროცესი, რომლითაც ეს ცვლილებები განხორციელდა, საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირებას საქართველოში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ 2021 ასევე პრობლემური იყო თანასწორი უფლებებისა და მოპყრობის მხრივ მდგომარეობა, განსაკუთრებით ლგბტ+ პირების მიმართ, „2021 წლის 5 ივლისის ძალადობამ აჩვენა“.

ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრისთვის ქუთაისის მერია აქტივისტების დაჯარიმებას ითხოვს 

ქუთაისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური 7 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე​ ანტისაოკუპაციო სტიკერების “თეთრ ხიდზე” გაკვრის გამო არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” დამფუძნებლების, თორნიკე ბარათაშვილისა და გია გოქაძის დაჯარიმებას ითხოვს.

მუნიციპალიტეტს მიაჩნია, რომ “ENEMIES ARE NOT WELCOME” (“მტრებს არ ვიღებთ”) სტიკერების ელექტრობოძებსა და ტურისტულ საინფორმაციო დაფაზე წარწერების გაკვრით კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ქალაქის იერსახე დამახინჯდა.

მერიის ინსპექციამ სამართალდარღვევათა ოქმი სტიკერების გაკვრის მეორე დღეს, 8 აგვისტოს შეადგინა. მერიამ ოქმს დაურთო თავად აქტივისტების გადაღებული ფოტომასალა და თქვა, რომ დაირღვა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 150-ე მუხლის ის ნაწილი, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში სხვადასხვა შინაარსის წარწერების გაკვრა აკრძალულია.

მერია სასამართლოსგან ითხოვს, თორნიკე ბარათაშვილსა და გია გოქაძეს 1000-1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისროთ. მერიის შედგენილი ოქმი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს, 13 აგვისტოს ჩაბარდათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.