ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს მეშვიდე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 12.III.2021 – 19.III.2021

  • „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი” ვატიკანის სახელმწიფოს ულოცავს ეროვნულ დღესასწაულს, რომის პაპ ფრანცისკეს არჩევის მე-8 წლისთავს!
  • ვროპულ-ქართული ინსტიტუტი” პარტნიორ ლიბერალურ პარტიებს VVD-სა და D66-ს ულოცავს ჰოლანდიის საპარლამენტო არჩევნებზე პირველი და მეორე ადგილის დაკავებას და წარმატებებს უსურვებს ქვეყნის ამ კრიზისულ პერიოდში მართვაში!
  • ,,ევროპულ-ქართული ინსტიტუტი” მწუხარებას გამოთქვამს საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი დათო პაპას გარდაცვალების გამო. იგი რუსული ოკუპაციის კიდევ ერთ მსხვერპლს წარმოადგენს.

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე

15 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში საქართველოში კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების პარალელურად მიმდინარეობდა. პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, სადაც განიხილეს სიტუაცია რეგიონში და რუსეთის გავლენების ზრდის ფონზე ევროკავშირის პროაქტიული ნაბიჯების აუცილებლობა, ასევე პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და კომპრომისის მიღწევის მნიშვნელობა. 16 მარტს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ. ბორელმა აღნიშნა, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. თუმცა პარლამენტის ბოიკოტირება გამოსავალი არ არის.

ევროკავშირის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგა

12 მარტს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ქრისტიან დანიელსონი ჩამოვიდა და ქვეყანა 14 მარტს უნდა დაეტოვებინა. თუმცა, მოგვიანებით, ვიზიტის გახანგრძლივება გადაწყვიტა და თქვა, რომ მხარეებს კონსენსუსის მისაღწევად მეტი დრო სჭირდებოდათ.
შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქრისტიან დანიელსონმა შეხვედრები გამართა ხელისუფლებასთან და პარლამენტში შესულ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან. შეხვედრების ფორმატი სხვადასხვა იყო და მხარეთა პოზიციების დაახლოებას ისახავდა მიზნად. 18 მარტს გამართული ბოლო შეხვედრა 9 საათი მიმდინარეობდა და უშედეგოდ დასრულდა. თუმცა, შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები ისევ ერიდებოდნენ არშემდგარი შეთანხმების დეტალებზე საუბარს, რადგან ჯერ კიდევ არის დიალოგის გაგრძელების იმედი. „საბოლოო ჯამში, არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაზე პასუხისმგებლობა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ. ეს აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროპული მისწრაფებებისთვის“, – განაცხადა ქრისტიან დანიელსონმა. „კიდევ ერთხელ დასავლეთმა ნახა, ვისთან აქვთ საქმე“, – განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. „ოპოზიცია განწყობილი იყო შეთანხმებისთვის და კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, მაგრამ ის დამოკიდებულება, რაც იყო ქართული ოცნების მხრიდან ამ პროცესში ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევდა შედეგს შეთანხმებასთან დაკავშირებით“, – დაამატა მან.
მოლაპარაკების მორიგი რაუნდის უშედეგოდ დასრულებაში ქართული ოცნება დაადანაშაულა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ და განაცხადა, რომ მმართველი პარტია პასუხისმგებლობის საკუთარი წილის აღებისთვის მზად არ არის. თავის მხრივ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკების ჩაშლაში ოპოზიცია დაადანაშაულა და თქვა, რომ „[მათთვის] იყო თვითმიზანი შეთანხმების არმიღწევა“. მისივე განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან დაყენებული იყო ისეთი „ულტიმატუმები“, რომლებიც კანონის უზენაესობის „ფეხქვეშ გათელვას“ ითვალისწინებდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ოპოზიციამ „რამდენიმე პარტიისთვის“ მნიშვნელოვან თემებს მიანიჭა პრიორიტეტი და არა „საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს“.
19 მარტს სხვადსხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიერ შეთანხმების დეტალები გაჟღერდა. „ოცნებამ” შემოგვთავაზა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე აიღებდა 40%-ზე ნაკლებს, დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები,” – განაცხადა პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას ფეისბუქ-პოსტით გამოეხმაურა „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. მისი თქმით ხელისუფლება არ იყო მზად არც უბარიერო პროპორციული არჩევნებისთვის, არც მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმისთვის და არც საარჩევნო კომისიების სამართლიანად დაკომპლექტების წესის შემოღებისთვის. მოლაპარაკებების მაგიდა დროზე ადრე დატოვა „ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. მან ტელეკომპანია „პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლება ოპოზიციას პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ 5 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს სთავაზობდა, ხოლო საპარლამენტო არჩევნების 2024 წელს ჩატარებას. ქართულ ოცნებაში მსგავს შეთავაზებას უარყოფენ.

აშშ-ს სენატის კომიტეტში საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველო დემოკრატიის მხარდაჭერის საკითხზე მოსმენა არის ჩანიშნული. სხდომის თავმჯდომარე სენატორი ჯინ შაჰინი იქნება. მომხსენებლები კი იქნებიან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები — ჯორჯ კენტი ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროდან და კარა მაკდონალდი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროდან.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

2021 წლის 15 მარტს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. NCDC-ს დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. მის გარდა, აიცრნენ ინფექციური საავადმყოფოს ექიმები, მათ შორის, მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე. 18 მარტს პირდაპირ ეთერში აიცრა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
19 მარტის ჯამური მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3 642-მა ჯანდაცვის სფეროს მუშაკმა გაიკეთა. საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა შაბათს, 13 მარტს შემოვიდა და ის განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.