სუსი: ვგმობთ ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე „ბორდერიზაციას“
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქონასა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის სიახლოვეს მიმდინარე უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციაზე“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „სამოქალაქო საქართველოს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიში (სუს) 20 აგვისტოს უთხრეს, რომ ეს „2021 წლის აპრილში დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებაა“.
„უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ აღნიშულ შემთხვევებზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ინფორმაცია გაზიარებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის“, – განაცხადეს სუს-ში.
უწყებისთვე ცნობით, „უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ ყველა ფაქტი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე“.
სუს-ის განცხადებით, „უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს“.
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფში ISFED არ მიიწვია
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების მიზნით შექმნილი საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე ქართულმა ოცნებამ 18 აგვისტოს საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) არ მიიწვია. ქართულ ოცნებაში მიზეზად ორგანიზაციის მიერ „ნეიტრალიტეტის დაკარგვა“ დაასახელეს.
სამუშაო შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ არმიწვევას არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მხრიდან მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთმა მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძემ განმარტა, რომ სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნების“ დაუპატიჟებლობის გადაწყვეტილება მან „პერსონალურად“ მიიღო, თუმცა მის პოზიციას მთლიანად მმართველი გუნდი იზიარებს. „შეუძლებელია, ლეგიტიმურ პროცესში შემოვიდეს ის ორგანიზაცია, რომელიც ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ითხოვს მთავრობის გადაყენებას, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას და ამ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში არასამთავრობო სექტორის სახით მონაწილეობას“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ოფიციალური განცხადებით უპასუხეს „სამართლიან არჩევნებში“ და განმარტეს, რომ „ხელისუფლების დამოკიდებულება წარმოადგენს პირდაპირ დემარშს „სამართლიანი არჩევნებისა“ და მთლიანად სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, მათი კონსტრუქციული პოზიციის და სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის მზაობის მიუხედავად“.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ „პროცესიდან პროფესიული ორგანიზაციის ჩამოშორება რეალურად სამუშაო ჯგუფის ფორმალურად შექმნაზე მიანიშნებს, რომლის მიზანიც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, პროცესის გაჭიანურება და რეკომენდაციების შესრულების მზაობის ილუზიის შექმნაა“.
სამუშაო ჯგუფი პროტესტის ნიშნად დატოვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმაც და ხაზი გაუსვა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას იმ შეხვედრებში, „სადაც დისკრიმინაციულად დევნიან ჩემს კოლეგებს“.
აშშ-ის საელჩომ საქართველოში 19 აგვისტოს განაცხადა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არდაშვება, „პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე“.
საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა ახალი საავტომობილო ხიდი გახსნეს
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა – ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ორი ქვეყნის საზღვართან, მდინარე დებედაზე მდებარე ახალი საავტომობილო ხიდი გახსნეს, რის შემდეგაც პირისპირ შეხვედრა გამართეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, ახალი, ე.წ. მეგობრობის ხიდი, რომელიც 160 მეტრის სიგრძის არის და 4 სამოძრაო ზოლი აქვს, საქართველომ და სომხეთის რესპუბლიკამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივად ააშენეს. ამ უკანასკნელმა პროექტისთვის 7 მლნ ევრო გამოყო. ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ნაწილი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
ორი ქვეყნის პრემიერებმა აღნიშნეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, მათ შორის, ხაზი გაუსვეს თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას.