ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ს საქართველოსთვის ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე და პოლემიკაც. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ კრიტიკა და კრიტიკული კითხვების დასმა არ არის საკმარისი და საჭირო. უფრო მეტიც, მინდა ვთქვა და შევახსენო ყველას, რომ ამერიკას, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული, ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული ჩვენი ქვეყნისთვის, არაერთი მიმართულებით.“ – თქვა საქართველოს პრემიერმა.

ღარიბაშვილმა საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის პოზიტიურ როლზეც ისაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში.

„გვაქვს ძალიან კარგი, მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა. ქალბატონი დეგნანი არის ძალიან აქტიური ელჩი და იცით, რომ ის აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტების და პროგრამების განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ასეთი პოლემიკით არათუ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ, ამიტომ ჩემი როგორც პრემიერ-მინისტრის ამოცანა და სურვილია, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ და გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს“, – უპასუხა პრემიერ-მინისტრმა  „ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების განცხადებებს.

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა ოთხმა დეპუტატმა (სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნუდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი) რამდენიმე წერილი გაავრცელა, სადაც ისინი აშშ-ს მიერ საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობებზე საუბრობდნენ. ეს რიტორიკა გააგრძელა “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც  27 ივლისს გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის წერდა, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს მიზანი დღესაც აქტუალურია.

„ქართული ოცნება“ ომბუდსმენის კანდიდატურას არ წარადგენს

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ 31 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, „გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს, ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით“.

მისივე თქმით, დღეს და გუშინ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილთან შეხვედრების შემდეგ, „მათი პოზიციების გათვალისწინებით“, ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში დღესვე დაარეგისტრიროს ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები გაიწერება.

მდინარაძის განმარტებით, ეს გულისხმობს სახალხო დამცველობის კანდიდატობის კეთილსინდისიერებას, მიუკერძებლობას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას. მისივე თქმით, მეორე მხრივ, ამით ასევე შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შეფასების წესი.

სახალხო დამცველის შერჩევის მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ ახალ პროცედურას სკეპტიკურად უყურებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი.

სახალხო დამცველის შერჩევის მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ ახალ პროცედურაერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, მამუკა მდინარაძის განცხადება „პირდაპირ არის განცხადება იმის მანიშნებელი, რომ ისინი არ აპირებენ დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევას და, ზოგადად, [ევროკომისიის რეკომენდაციების] ამ მნიშვნელოვანი პუნქტის შესრულებას“.

პარტია ლელოს წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის თქმით, ახალი ომბუდსმენის შერჩევის პროცესში ოპოზიციის შესაძლო საბოტაჟზე მმართველი გუნდის განცხადება „ცოტათი კომიკურია“ , რადგანაც იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია მხარს არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დაუჭერს, „არაერთხელ“ დააფიქსირეს.

სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურების შესახებ მმართველი პარტიის ახალ ინიციატივასთან მიმართებით კითხვის ნიშნები აქვთ არასამთავრობო სექტორშიც. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, პროცესი სანდოობის თვალსაზრისით „წარმოშობს რიგ შეკითხვებს“. „შეიძლება, ხელისუფლება პირდაპირ თვითონ არ დაასახელებს [ომბუდსმენობის კანდიდატს], მაგრამ მის მიერ შექმნილი კომისია და მის მიერ განსაზღვრული პირები, დაასახელებენ იმ კანდიდატს ან კანდიდატებს, რომლებიც შეიძლება ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს“, – განაცხადა მან.

გაეროში საქართველოს ახალი ელჩი დავით ბაქრაძე იქნება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 31 აგვისტოს დაადასტურეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო) დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას.

დავით ბაქრაძემ თანამდებობაზე კახა იმნაძე შეცვალა, რომელსაც პოსტი 2013 წლიდან ეკავა. იმნაძე კანადაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე გადაინაცვლებს.

გაეროში ელჩად დანიშვნამდე დავით ბაქრაძე 2016-2022 წლებში საქართველოს ელჩი იყო აშშ-ში. 2014-2016 წლებში დავით ბაქრაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მსახურობდა. უფრო ადრე, 2012-2014 წლებში, იგი საქართველოს ელჩი იყო საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში. 2008-2012 წლებში კი – ბაქრაძე ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი და საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო.

31 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძე გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად 30 აგვისტოს განკარკგულებით დანიშნა, თუმცა პრეზიდენტის მიერ „ამერიკის შეერთებულ შტატებში [ბაქრაძის] გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია“.

პრეზიდენტმა 21 ივლისს განმარტა, რომ ელჩების დანიშვნაზე ოფიციალურად შესული ყველა განაცხადი დააკმაყოფილა და ერთადერთი გამონაკლისი დავით ბაქრაძე იყო. მაშინ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ადამიანს, რომელსაც აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე მსახურობისას აშშ-საქართველოს ურთიერთობებისთვის „არაფერი გაუკეთებია…, არ უნდა იყოს დანიშნული გაეროში“. სალომე ზურაბიშვილი ბაქრაძესთან მიმართებით მთავრობისგან უფრო მეტ დასაბუთებასა და არგუმენტაციას ელოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.