„ევროპულ-ქართული ინსტიტუტი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებთ სამეფო ფოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს. ელისაბედ II საუკუნეების განმავლობაში დარჩება ისტორიაში, როგორც გამორჩეული ლიდერი, მისი პიროვნული თვისებების და მისი ისტორიული როლის გამო.
პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
საქართველოს პარლამენტმა 6 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე არ გაიზიარა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 79 ხმით დაძლია. გადაწყვეტილებას 27-მა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 7 ივნისს მიღებული ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა ექვსიდან ცხრა თვემდე იზრდება და შესაძლებელი ხდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დამატებით 27 ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით. 77 ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით, ცვლილებები პირის წინააღმდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განუსაზღვრელად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა ისე, რომ მათ არც იცოდნენ ამ თვალთვალის შესახებ.
სხდომაზე გამოსვლისას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ მიღებული კანონპროექტი „მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს… და საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მომავალს“. მან დაგმო ის ფაქტიც, რომ კენჭისყრა იმ დროს გაიმართა, როდესაც ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა იმართება, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება.
ვეტოს დადებისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული და ევროპული“.
ვენეციის კომისიამ პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც გააკრიტიკა ფარული საგამოძიებო მოქმებების შესახებ მმართველი პარტიის მიერ მიღებული „ნაჩქარევი“ ცვლილებები და ხელისუფლებას მისი გადახედვისკენ მოუწოდა.
საქართველოში ევროკავშირის აწ უკვე ყოფილმა ელჩმა, კარლ ჰარცელმა 8 ივნისს შეშფოთება გამოხატა სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო, რომლებიც „მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას“.
7 სექტემბერს აშშ-ის საელჩომ საქართველოში კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა პარლამენტის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლევაზე. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი „აშორებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე 8 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ.
შეხვედრაზე საუბრისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ „ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ არ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სამყაროშო, სადაც დიდი სახელმწიფოები საზღვრებს ძალისმიერი გზით არღვევენ“.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში უკვე მეორედ მონაწილეობს. ჯგუფი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიქმნა და მისი მიზანი ქვეყნის საჭიროებებისა და აშშ-სა და მისი მოკავშირეების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შეფასებაა.
CRRC: მოსახლეობის მესამედი სტატუსის ვერმიღების მიზეზად ხელისუფლების უმოქმედობას და პოლარიზაციას ასახელებს
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC საქართველო) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერმიღების მიზეზად საქართველოს მოსახლეობის მეხუთედმა (18%) ხელისუფლების უმოქმედობა დაასახელა, ხოლო თანაბარმა რაოდენობამ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია (14%) და წევრობის კანდიდატობის მოთხოვნების შეუსრულებლობა (14%) დაასახელა.
მოსახლეობის თითქმის მესამედმა (30%) ევროკომისიის გადაწყვეტილებისთვის რაიმე კონტრეტული მიზეზი ვერ დაასახელა. მოსახლეობის 8%-მა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელი ოპოზიციამ შეუშალა. 4% მიზეზად იმას მიიჩნევს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში არ ჩაება, 3% კი ამაში რუსეთის მთავრობის ადანაშაულებს. საქართველოს მოსახლეობის 76%-ს სმენია, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
თითო-თითო პროცენტი ასახელებს შემდეგ მიზეზებს: მმართველი პარტიის მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებაზე უარის თქმას, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას, უკრაინის მთავრობის პოზიციას საქართველოსთან მიმართებით, და ასევე იმას, რომ ევროკავშირს უბრალოდ არ სჭირდება საქართველო.
კითხვაზე სჯერა თუ არა საზოგადოებას ქართული ოცნების განცხადების, რომ დასავლეთმა საქართველოს რუსეთთან ომის დაწყება სთხოვა, მოსახლეობის უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათ ასე არ ჰგონიათ. მათ ასევე არ მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება რუსეთთან ომის დაწყებაზე იყო დამოკიდებული.
კითხვაზე მიიღებდა თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან ომში ჩაებმებოდა, 60%-მა განაცხადა, რომ ეს ნაკლებად, ან საერთოდ არ არის სიმართლე. 17%-მა აღნიშნა, რომ ეს სრულად, ან მეტწილადაა სიმართლე. ხოლო 23%-ს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
კითხვაზე, თუ ვის მოიაზრებდა ევროკომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ რეკომენდაციაში, რესპონდენტების ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ არ იცის. ხოლო ისინი, რომლებმაც რომელიმე კონკრეტული პირის დასახელება შეძლეს, ყველაზე ხშირად (35%) ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევენ რეკომენდაციის ადრესატად. მიხეილ სააკაშვილს და მისი პრეზიდენტობის დროინდელ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს მოსახლეობის 3% მოიაზრებს ასეთ პირებად. ორ-ორი პროცენტისთვის ევროკომისიის რეკომენდაციაში თიბისი ბანკისა და პარტია ლელოს თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იგულისხმებიან.