NDI-ის კვლევა: ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 16 სექტემბერს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა დიდი უმრავლესობისთვის ევროკავშირში ინტეგრაცია საგარეო პოლიტიკის მიზნად რჩება. თუმცა, კვლევა ასევე ასახავს რესპონდენტთა მზარდ იმედგაცრუებას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტებით. გამოკითხულთა 92% ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, ხოლო 62% ამბობს, რომ საქართველო ამჟამად არ არის დემოკრატიული სახელმწიფო.

კვლევის თანახმად, მიუხედავად მცირედი კლებისა, რესპონდენტების 75% მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მთავარ დაბრკოლებას პოლიტიკური ნების არარსებობა წარმოადგენს, 11%-დან 25%-მდე გაიზარდა და რესპონდეტების მიერ დასახელებულ მთავარ დაბრკოლებად იქცა. წინა კვლევებში, ასეთი მთავარი დაბრკოლება ტერიტორიული მთლიანობის არარსებობა იყო (36%).

ანალოგიურად, გამოკითხულთა 69% ნატოში გაწევრიანებას ემხრობა. უმეტესობა რუსეთს და ოკუპირებულ რეგიონებს მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ რესპონდენტების 62%-ს ჰქონდა ინფორმაცია ევროპული საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეფორმების განხორციელებამდე გადადო. 56%-მა საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა იმის გამო, რომ მან საკმარისი არ გააკეთა სტატუსის მოსაპოვებლად.

კვლევის თანახმად, მართალია გამოკითხულთა 71% მიიჩნევს, რომ კანდიდატობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება მნიშვნელოვანია, მხოლოდ 32% ფიქრობს, რომ ხელისუფლება დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62%-მა განაცხადა, რომ საქართველო არ არის დემოკრატიული სახელმწიფო, ხოლო 56%-მა აღნიშნა, რომ ქვეყანა არ წარმოადგენს კარგ მაგალითს მეზობლებისთვის.

რესპონდენტების 56%-ს არ მიაჩნია, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იღებს კანონებს, ხოლო 54%-ს არ მიაჩნია, რომ დეპუტატი რაიმეს მოქმედებს, თუ მოქალაქე მათ რაიონში არსებული პრობლემების შესახებ მიაწვდის მას ინფორმაციას. მხოლოდ ერთი მესამედი ფიქრობს, რომ პარლამენტს რეგულარული კომუნიკაცია აქვს საზოგადოებასთან.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე აწუხებს. „ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოჯახის კვებისთვის თანხა არ ჰქონდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

არასამთავრობოები სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მმართველი პარტიის კამპანიას გმობენ

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა 15 სექტემბერს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც გმობს ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს და მოუწოდებს მმართველ პარტიას „შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმები და მათი შევიწროება“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და დეპუტატ მამუკა მდინარაძის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული კომენტარები არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლებთან დაკავშირებით „შემაშფოთებელია“.

ორგანიზაციების თქმით, აღნიშნული ბრალდებები „მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მადისკრედიტირებელი ეფექტი აქვს, ასევე საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო და უფლებადაცვით ორგანიზაციებისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობას“.

ამ კონტექსტში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ „საზოგადოებრივი ორგანიზაციების „მიზანში ამოღება“ ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი“ და პარალელი გაავლეს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, აზერბაიჯანი და უნგრეთი, სადაც „ბოლო პერიოდის ტრენდს წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, განსაკუთრებით უფლებადაცვით და დემოკრატიზაციის ხელშემწყობ ორგანიზაციებზე თავდასხმები, მათი ფინანსური ბრუნვის კონტროლი და „უცხოურ აგენტებად“ გამოცხადება“.

განცხადებაში ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით საქართველოს ხელისუფლებას ნაკისრი აქვს ვალდებულება „ხელი შეუწყოს ქვეყანაში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს“.

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ესკალაციას გმობს 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 სექტემბერს Twitter-ზე მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს „სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, შორის“.

„მშვიდობიანი კავკასია არის გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენი მოსახლეობის მომავალს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

13 სექტემბერს დილას გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მორიგი შეტაკებები დაიწყო.

იმავე დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მზადაა „აქტიური მედიაცია განახორციელოს რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.