27 სექტემბერი: სოხუმის დაცემის დღე. 10 000-ზე მეტი დაღუპული და 300 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი

27 სექტემბერს ქალაქ სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. კონფლიქტი აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, გაგრძელდა 13 თვე და 13 დღე და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. კონფლიქტის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა აფხაზეთის რეგიონზე. კონფლიქტში საქართველომ 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგა და ქვეყანაში გაჩნდა 300 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც დღემდე ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში. კონფლიქტის დასრულებიდან 29 წლის თავზე რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებს.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარი 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა

საქართველოს საზღვარზე რუსული საბაჟო პუნქტი “ზემო ლარსი” ერთი კვირის განმავლობაში ორივე მიმართულებით 37 000-ზე მეტმა მანქანამ და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. აღნიშნულის შესახებ, რუსული TASS-ის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა, ირბეკ ტომაევმა ისაუბრა.

ტომაევის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 23,3%-ით მეტია გასულ საანგარიშო კვირასთან შედარებით.

„ქვეყანაში განხორციელებულ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენი რესპუბლიკის[ჩრდილოეთ ოსეთი რედ.] გავლით საგრძნობლად გაიზარდა მსუბუქ ავტომობილთა ნაკადი საქართველოს მიმართულებით.” – თქვა ტომაევმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, 300 000 ადამიანის გაწვევა იგეგმება.

ევროკავშირის ელჩი „დეოლიგარქიზაციასა“ და „მეორე ფრონტის“ გახსნაზე

ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, რომელიც 20 სექტემბერს გამოქვეყნდა, სხვა საკითხებთან ერთად, იმ გარემოებებზე ისაუბრა, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოს მხრიდან ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მიაქცევს ყურადღებას. მანვე „გარე ძალების“ მხრიდან საქართველოს ომში ჩართვისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობების შესახებ ბრალდებებსაც უპასუხა.

საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას, ელჩმა ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად 12 პირობის შესრულებისთვის ქვეყნის ხელისუფლების „ამბიციური გეგმისა“, ეს მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. მისივე თქმით, ყველა მხარეზეა დამოკიდებული „ააშენოს ხიდი და იმუშაოს კონსტრუქციულად, რათა მიაღწიოს პროგრესს 12-ვე მიმართულებით“.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ უნდა შეასრულოს ქვეყანამ დეოლოგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, ევროკავშირის ელჩმა უპასუხა, რომ საკითხი „ძალიან მარტივია“ და ის მხოლოდ საქართველოსთვის არ არის უნიკალური. „ეს საკითხი საკმაოდ გავრცელებულია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბიზნესს აქვს დიდი ინტერესი და ძალიან დიდი გავლენა პოლიტიკაზე“.

„ვფიქრობ, რომ მდიდარი ბიზნესმენის მხრიდან პოლიტიკაზე ნაკლები გავლენის ქონა, გააძლიერებს საქართველოს, მოიზიდავს მეტ ინვესტიციას, უზრუნველყოფს ამ ქვეყნის მიმზიდველობას პერსპექტიული ინვესტორებისთვის. გადაწყვეტილება ქართველებზეა, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან ვიმედოვნებთ, რომ პროგრესი ამ საკითხთან მიმართებითაც მიღწეული იქნება“.

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ცალკეული ევროპარლამენტარების მიმართ კრიტიკაზე დასმული კითხვის პასუხად, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ კრიტიკა ყოველთვის ჯანსაღი პროცესია, თუმცა როდესაც გსურს გახდე რაიმე ოჯახის წევრი, როგორც წესი, ხარ ძალიან ფრთხილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახასიათებ ამ ოჯახის წევრებს.

„გარე ძალების“ მხრიდან საქართველოს ომში ჩართვისა და ქვეყანაში „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ ბრალდებებს ევროკავშირის ელჩმა „აბსურდი“ უწოდა და „წმინდა წყლის ნონსენსი“ უწოდა.

აშშ-მა საქართველოს 11.5 მლნ აშშ დოლარის სამხედრო აღჭურვილობა გადასცა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 22 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ-მა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებს დღეს 11.5 მლნ აშშ დოლარის აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა გადასცა.

 „[ეს] ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს“, – განაცხადა საელჩომ. სექტემბერის დასაწყისში, უკრაინაში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინასა და მის 18 მეზობელს, მათ შორის, ნატოს წევრ ქვეყნებსა და რეგიონული უსაფრთხოების პარტნიორებს, რომლებიც პოტენციურად რუსეთის სამომავლო აგრესიის რისკის ქვეშ არიან, გრძელვადიანი სამხედრო დაფინანსების სახით 2 მლრდ აშშ დოლარს გამოუყოფს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.