ბელარუსის ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო 28 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ბიჭვინთაში, რეგიონის ლიდერს, ასლან ბჟანიას შეხვდა და მასთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საერთაშორისო ასპარეზზე არსებული ვითარება, მიმდინარე გამოწვევები და საფრთხეები განიხილა.

ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ასლან ბჟანიამ თქვა, ბელარუსის ლიდერის რეგიონში სტუმრობა „ორ ერს“ შორის ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს.

„აფსნიპრესის“ ცნობით, თავის მხრივ, ლუკაშენკომ შეხვედრაზე წარსულში მისი რეგიონში ვიზიტი გაიხსენა და თქვა, რომ აფხაზეთის მიმართ ნოსტალგია მათ არასდროს ტოვებთ.

„გუშინ ჩვენ, ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინთან [რუსეთის პრეზიდენტთან] აფხაზეთის პრობლემებს განვიხილავდით. ჩვენ ამ საკითხებზე გვიან ღამემდე ვმსჯელობდით და ერთ დასკვნამდე მივედით, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას უნდა დავეხმაროთ, რათა ეს აყვავებული მიწა, ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს ნორმალურად ცხოვრობდეს“, – უთხრა მან ასლან ბჟანიას.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ მისი აფხაზეთში ვიზიტი რაიმე განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდება. „ჩვეულებრივი მდგომარეობა გვაქვს. ჩვენ არანაირი გეოპოლიტიკით არ ვიტანჯებით. ჩვენც თქვენნაირი მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვინდა ვიცხოვროთ ჰარმონიაში“.

მანვე აფხაზეთსა და ბელარუსს შორის მეგობრული ხიდების, ასევე სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და „ძალიან სერიოზული ურთიერთობების“ დამყარების სურვილსაც გაუსვა ხაზი.

ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი და რუსეთი შეთანხმებულად მოქმედებენ და რომ რუსეთი მზად არის მხარდაჭერისთვის. „დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვნახეთ როგორი გახდა სამყარო. მშვიდად ცხოვრების უფლებას არ მოგვცემენ. ამიტომ, მეგობრებთან ურთიერთობა უნდა გავამყაროთ“, – დასძინა მან.

ბელარუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას არ აღიარებს. თუმცა, საგულისხმოა, რომ 2022 წლის ივნისში, ბელარუსმა საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 სექტემბერს, ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მანვე აფხაზეთის შესახებაც ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ საუბრებს „რუსული თემა“ უწოდა.

„არ შეიძლება, არ აღვნიშნო რამდენად მიუღებელი და შემაშფოთებელია ის, რაც დღეს მოხდა. ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის დარღვევით, ასევე, ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით ჩავიდა“, – განაცხადა მან.

„ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში – აფხაზეთში“, – განაცხადა ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ 29 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტის“ შეფასებისას.

„ეს „ვიზიტი“ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას“, – დასძინა მან და ხაზი გაუსვა, რომ „ვიზიტი“ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე განხორციელდა, „რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე“.

საქართველო რუსეთის მიერ უკრაინის 4 რეგიონის „ძალისმიერ ანექსიას“ გმობს 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 30 სექტემბერს დაგმო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში – ხერსონში, ზაპოროჟიეში, დონეცკსა და ლუგანსკში ჩატარებული „ყალბი რეფერენდუმების გაფორმება“.

„ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას!“, – თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ძალისმიერ ანექსიას“ არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს.

პრეზიდენტმა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადების შესახებ გეგმაც დაგმო და განაცხადა, რომ ეს ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის მორიგი „უხეში დარღვევაა“.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას“, – განაცხადა 1 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საგარეო უწყების თქმით, „ამ უკანონო ქმედებით, კიდევ ერთხელ, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები, არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს“.

„კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ქართული ოცნება კიდევ ხუთმა დეპუტატმა დატოვა

მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერს, ქართულ ოცნებას კიდევ 5 დეპუტატი გამოაკლდა და პარტიიდან გასულთა რიგებს შეუერთდა, ფრაქცია ქართულ ოცნებას 150-წევრიან პარლამენში 75 დეპუტატი დარჩა.

ქართული ოცნებიდან გასული ერთ-ერთი დეპუტატის სოზარ სუბარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოძრაობის წყალობით, დღეს საზოგადოება ქვეყნის გარშემო არსებული ვითარების შესახებ უკეთ არის ინფორმმირებული, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები სრულად არ არის განეიტრალებული, „ჩვენს განსაკუთრებულ სიფხიზლეს და ყურადღებას მოითხოვს“.

დეპუტატის თქმით, მათი მიზანი არის არა მხოლოდ ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს მეტი სიმართლე, არამედ ის, რომ „საქართველომ როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილებები თვითონ, ხალხის ნებით და ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებებმა“.

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა მმართველი პარტიის დატოვების შემდეგ ანტიდასავლური კამპანია დაიწყეს. ისინი აცხადებენ, რომ შვეიცარული ბანკის Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანშვილის კუთვნილი რამდენიმე ასეული მილიონი ევროს გაყინვა ამერიკის მიერ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობას უკავშირდება. ოცნების დატოვებსი მიუხედავად, დეპუტატები პარლამენტში მმართველი პარტიის ყველა ინიციატივას ეთანხმებიან.

პარტიიდან კიდევ 5 თანაგუნდელის გასვლას გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და განმარტა, რომ ღირებულებით ნაწილში მათ შორის არსებითი განსხვავება არ არის, ამიტომ ისინი „გაყოფის მიუხედავად“, საპარლამენტო უმრავლესობაში ერთად დარჩებიან.

„ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით“, – დასძინა მან.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, „ოცნებიდან“ წასულები „პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ, მათ შორის, 12 რეკომენდაციის გარშემო პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.