სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქების დაბომბვას გმობს 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 10 ოქტომბერს რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქისa და სხვა ქალაქების დაბომბვა დაგმო.

„მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა“, – დაწერა პრეზიდენტმა Facebook-სა და Twitter-ზე. თუმცა, მანვე დასძინა, რომ „მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე“. 

„მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვია

6 ოქტომბერს, თბილისში, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ბონი ჯენკინსმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, იგი გამოხატავს ვაშინგტონის ძლიერ მხარდაჭერას იმ „უზარმაზარი სამუშაოს“ მიმართ, რომელიც აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და მისმა გუნდმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების დასახმარებლად გასწიეს.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ეს ძალისხმევა მარტივი არ ყოფილა, განსაკუთრებით ბოლო დროს, როდესაც საელჩოსა და ელჩ დეგნანზე პირად თავდასხმებს ჰქონდა ადგილი“.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც ერთი კაცის მიერ ევროპაში შექმნილი კრიზისის შესახებ სიმართლისა და რეალობის დაფარვაა.

მმართველი პარტიის, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 6 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის ელჩზე, კელი დეგნანზე თავდასხმების გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ბონი ჯენკინსის კრიტიკას გამოეხმაურა და თქვა, რომ კელი დეგნანზე მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარის, ნიკა მელიასა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ პატიმრობაში მყოფი დირექტორის, ნიკა გვარამიას მხრიდან თავდასხმები ახსენდება.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სწორედ მელიასა და გვარამიას ჰქონდათ აშშ-ის ელჩის მიმართ, მსგავსი ტიპის განცხადებები, მათ შორის, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. „სხვა თავდასხმა მე უბრალოდ არ მახსენდება. შესაბამისად, არ ვიცი, ვის გულისხმობდა თავად ის [აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე], მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ თავდასხმა იყო მხოლოდ ორი – მელია, გვარამია, სხვა თავდასხმა ამერიკის ელჩზე არ ყოფილა“, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტის მინიშნებაზე, რომ დიდი ალბათობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კელი დეგნანის მიმართ ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატების განცხადებებს გულისხმობდა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ მათ ყველაფერი უბრალოდ კითხვებით დაიწყეს, რასაც „არ გაეცა პასუხი“. „ეს, ეს რა თქმა უნდა, არ არის თავდასხმა“, – დასძინა მან.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად – აპირებს თუ არა ქართული ოცნება მათგან გასულების რომელიმე განცხადებისგან მაინც გამიჯვნას? – ირაკლი კობახიძემ თქვა – „ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ისინი თავს ესხმიან ელჩს, ისინი აზიანებენ ურთიერთობებს და ა.შ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვექნებოდა გამიჯვნა“.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის ფარგლებში, რომელიც პრაღაში 6-7 სექტემბერს იმართება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრეს, რა დროსაც პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

ამ კონტექსტში მან ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ „ინკლუზიური პროცესი საშუალებას აძლევს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, სრულად ჩაერთონ პრიორიტეტების შესრულებაში, რისთვისაც სამუშაო ჯგუფებია შექმნილი“.

საქართველოს პრემიერმინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე იმსჯელეს უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და მის გავლენას საქართველოზე, რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოზე.

„მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ სფეროებში შემდგომ დაახლოებასა და ინფრასტრუქტურულ კომუნიკაციაზე ისაუბრეს“.

თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ევროკავშირი რჩება საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ [მხარდაჭერის] ერთგული“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.