ახლადშეკეთებულ ვაკის პარკში მოზარდებს დენმა დაარტყა, ერთი მათგანი გარდაიცვალა
13 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგოს გარდაცვალებას საზოგადოების მღელვარება მოჰყვა.
ვაკის პარკის შადრევანში, რომელიც საზეიმოდ გუშინ საღამოს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნა, სამი მოზარდისთვის დენის დარტყმის შესახებ ინფორმაცია პირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.
ტელეკომპანიის ცნობით, 55-ე სკოლის მოსწავლეებს ფრენბურთის თამაშისას ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. ერთ-ერთი თვითმხილველის მონაყოლით, გოგონა შადრევნიდან ბურთის ხელით ამოღებას ცდილობდა, რა დროსაც მას დენმა დაარყა და შიგნით ჩავარდა. ამის შემდეგ, შადრევანში გოგონას დასახმარებლად მისი ორი თანაკლასელი ბიჭი ჩავიდა და დენმა მათაც დაარტყა.
შადრევანიდან ამოყვანილი მოზარდები ქალაქის კლინიკებში გადაიყვანეს. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განმარტებით, მოზარდი ბიჭის მდგომარეობა ახლა სტაბილურია და იგი პედიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. გოგონას რეანიმაციის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ის გარდაიცვალა. მესამე დაშავებული მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაშია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით იძიებს.
„უმძიმესი ფაქტია“, – განაცხადა მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში და ხაზი გაუსვა, რომ გამოძიება დაწყებულია და „ყველა დაისჯება შესაბამისად, კანონის ფარგლებში“.
ჟურნალისტის კითხვაზე – შეამოწმეს თუ არა შადრევანის უსაფრთხოება მის გახსნამდე? – დედაქალაქის მერმა უპასუხა, რომ „ცხადია, შემოწმებული იყო“. ასევე ჟურნალისტის კითხვაზე – ხედავს თუ არა მომხდარში დედაქალაქის მერიის პასუხისმგებლობას? – კახა კალაძემ თქვა, რომ „ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“.
„ეს ტრაგედია არის შედეგი უპასუხისმგებლობის, ხალხზე ზრუნვის ნაკლებობის და ტენდერების მარჯვნივ [და] მარცხნივ … ნათესავებზე დარიგების შედეგი“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და დასძინა – „კალაძის ადგილას გადავდგებოდი, მორალური და ზნეობრივი ძალა არ მეყოფოდა“.
წალენჯიხის ოპოზიციონერი მერის ავტომობილი დაიწვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ხარჩილავამ, რომელიც ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია, 12 ოქტომბერს, გამთენიისას, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან კუთვნილი ავტომობილი დამწვარი ნახა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. თავად ხარჩილავამ ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბარში განმარტა, რომ მისი ავტომობილი სრულად გამართული იყო, შესაბამისად ხარჩილავა ვარაუდობს, რომ ის ვიღაცამ განზრახ დაწვა.
„ეს უკავშირდება იმას, რომ წალენჯიხის მერია არის ერთადერთი ოპოზიციური მერია, რომელიც ატარებს მკაფიოდ განსაზღვრულ რეფორმებს, ანტიკორუფციულ პოლიტიკას, მხილების პოლიტიკას და არცერთი წამით არ ეშვება საერთო ქართულ ღირებულებებს“, – განაცხადა მან.
პარლამენტმა ომბუდსმენობის კანდიდატებზე კომისიის შეფასებები გამოქვეყნა
საქართველოს პარლამენტმა 13 ოქტომბერს ომბუდსმენობის კანდიდატებზე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ შექმნილი შემფასებელი კომისიის შეფასებები გამოაქვეყნა.
9-წევრიანმა კომისიამ კანდიდატები შემდეგი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა: კეთილსინდისიერება და მაღალი რეპუტაცია; მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა; სათანდო პროფესიული ცოდნა და პრაქტიკურლი გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების სფეროში. კანდიდატებს თითოეული კრიტერიუმის მიხედვით მაქსიმუმ 10 ქულის მიღება შეეძლოთ.
პარლამენტი კანდიდატების განხილვას მას შემდეგ დაიწყებს, რაც სულ ცოტა შვიდი კანდიდატი იქნება წარდგენილი. თუმცაღა კომისიის დასკვნას დეპუტატებისთვის მხოლოდ სარეკომენდაციო მნიშვნელობა აქვს – ქულები არ ნიშნავს, რომ სწორედ პირველი შვიდეულიდან აირჩევენ მომავალ სახალხო დამცველს.
PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად აღიარა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 13 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია („რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“) რომლითაც რუსეთის დღევანდელი რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა.
რეზოლუციას მხარი 99 წევრმა დაუჭირა, ერთმა (თურქეთის წარმომადგენელმა) კი თავი შეიკავა.
ამავე რეზოლუციაში რუსეთს მოუწოდებენ, რომ თავისი ძალები გაიყვანოს საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებიდან და გაათავისუფლოს რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა.
„ასამბლეა ასევე გამოდის მოწოდებით, რომ პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტპატიმრების საქმეები გადაიხედოს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში და ისინი (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის) გაათავისუფლონ“, – ვკითხულობთ რეზოლუციაში.
ასამბლეა სთხოვს ეუთოს, რომ გააგრძელოს რუსეთის ფედერაციის აგრესიის შეფასება საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ.