ნედ პრაისი: მთავრობის ქმედებებმა ევროპული მისწრაფებების გზაზე უკუსვლა გამოიწვია
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ თავდასხმების ფონზე, საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოთქმული წუხილების თაობაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გამოთქვა შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების მხრიდან გაჟღერებული „შემაშფოთებელი განცხადებების“, ასევე „მთავრობის ქმედებების, მათ შორის, მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხების ან დაგვიანების გამო, რამაც უკუსვლა გამოიწვია“.
ნედ პრაისის თქმით, ამგვარმა ქმედებებმა ქართველი ხალხის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების უკუსვლა გამოიწვია.
„ამ ქმედებებმა, რომლებმაც შეგვაშფოთა, გამოიწვია პოლარიზაციის გაღრმავება ქართულ საზოგადოებაში და არა ქვეყნის გაერთიანება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ პოლარიზაციის ეს ხარისხი ქვეყანას, ან მის პოლიტიკურ მისწრაფებას არ გამოადგება.
ამასთან, პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზად არის საქართველოსთან რეფორმების განხორციელებაზე იმუშაოს, რათა ქვეყანამ ევრო-ატლანტიკურ მიზნებს მიაღწიოს.
ჟურნალისტის კითხვაზე უთხრის თუ არა ძირს საქართველოში არსებული ვითარება აშშ-ის ინტერესს საქართველოში, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში თებერვალში დაწყებული ომის ფონზე, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა: „ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს“.
არასამთავრობოები: მურუსიძე-გვრიტიშვილის იუსტიციის საბჭოში დაბრუნება კლანურ მმართველობას აძლიერებს
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 40-ზე მეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 24 ოქტომბერს მოსამართლეთა 31-ე კონფერენციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის ხელახლა არჩევა „აძლიერებს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და ხელს უშლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას“.
არასამთავრობოების შეფასებით, 23 ოქტომბერს გამართული მოსამართლეთა კონფერენცია იმის მკაფიო მაგალითია, „თუ როგორ არ უნდა კომპლექტდებოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“. კერძოდ, კოალიციის თქმით, კითხვებს ბადებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ერთ-ერთი მოსამართლე წევრის ვადაზე ადრე გასვლა, ამასთან უცნობი იყო საბჭოს წევრობის კანდიდატურებიც და ორ ვაკანტურ პოზიციაზე მხოლოდ ორი კანდიდატურა იყო წარდგენილი.
კოალიციის წევრი ორგანიზაციების თქმით, კონფერენციაზე დამსწრე 279 მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დასახელებულ კანდიდატურებს მხარი ისე დაუჭირა, რომ არც საბჭოს ძველი წევრების წასვლის მიზეზებით დაინტერესებულა და არც ახლადარჩეული წევრების გეგმებით.
„მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ახალი მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი აჩენს განცდას, რომ საბჭოში ორი პოზიცია დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძისთვის გათავისუფლდა. მურუსიძის და გვრიტიშვილის გვარები კი პირდაპირ უკავშირდება სასამართლო სისტემაში არაფორმალურ გავლენებსა და კლანურ მმართველობას“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
კოალიციისვე შეფასებით, მურუსიძისა და გვრიტიშვილის საბჭოში ხელახალი არჩევა არის პირდაპირი პასუხი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ არ არსებობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმის ნება და რომ საერთაშორისო პარტნიორების „არაერთი მოწოდების“ მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო „კვლავ განაგრძობს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას და ყველა ბერკეტს იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად“.
ევროპარლამენტმა ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა 20 ოქტომბერს 540 ხმით მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ. წინააღმდეგი მხოლოდ 6 ევროპარლამენტარი იყო, 36-მა კი – კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ევროკავშირის ელჩების მიერ 12 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმადაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ან იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე გაცემული დოკუმენტები, არ იქნება ვალიდური შენგენის ზონაში ვიზის მისაღებად ან საზღვრების გადასაკვეთად.
შემდგომი ნაბიჯი გულისხმობს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ საბოლოო საკანონმდებლო აქტზე მოლაპარაკებას. მას შემდეგ, რაც ორივე ინსტიტუტი ამგვარ აქტს მიიღებს, ის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების მეორე დღიდან შევა ძალაში.
ევროპარლამენტარებმა გადაწყვეტილებაში აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ანექსია უკანონოა. ევროკავშირმა ასევე დაგმო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება. ამიტომ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და მოკავშირეებმა ევროპის ეკონომიკური სივრციდან (EEA) „ამ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტები აღარ უნდა მიიღონ“.