ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს მერვე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 19.III.2021 – 26.III.2021
- „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი” ბერძენ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე მსჯელობა გაიმართა
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მოგვარება „ან დააბრუნებს ქვეყანას დემოკრატიის გზაზე, ან წლების განმავლობაში განხორციელებული ძალისხმევა განადგურდება“, განაცხადა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელმა, ჯინ შაჰინმა 23 მარტს სენატში გამართულ მოსმენაზე. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომ „როგორც ქართულმა ოცნებამ, ისე ოპოზიციამ ვერ მოახერხა დეესკალაციის შესაძლებლობის გამოყენება“. „სამწუხაროდ, ოპოზიციის უმეტესობამ ახალ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა,” – განაცხადა მან. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ „კრიზისი გაამწვავა“ და რომ „მელიას დაკავება უკანგადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიისთვის“
სენატში გამართული მოსმენა შეაფასეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „მკაფიოდ აღინიშნა, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველო დასავლეთის საიმედო მოკავშირეა” და „რომ პარლამენტში არშესვლა და პოლიტიკური პროცესის ბლოკირება პირდაპირ რუსულ ინტერესებს ემსახურება.” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილის განცხადებით კი „არაერთმა სენატორმა აღნიშნა განსაკუთრებული როლი, რომელიც ამ შემთხვევაში ეკისრება ხელისუფლებას და თქვენ იცით, რომ ასევე გუშინ გაჟღერდა ინიციატივა, რომ რეზოლუციაზე დაიწყოს მუშაობა და საუბარი იყო ფინანსური დახმარების პრინციპების გადახედვაზე.”
ნატალი საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა
21 მარტს საქართველოს ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან ქვეყნის მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე გადადგა. საბანაძე აღნიშნულ პოზიციას თითქმის 2013 წლის მაისიდან იკავებდა. „საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ.” – დაწერა საბანაძემ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. 23 მარტს ცნობილ ფრანგულ გამოცემა Le Monde-ში საბანაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. „ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ პროევროპელია, მაგრამ ამის თქმა არ არის საკმარისი. პროევროპელი უნდა იყო” – თქვა საბანაძემ.
ელჩის განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა: „უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მ.წ. 16 მარტს გაიმართა.” ყოფილი ელჩის შესაძლოს წასვლის განსხვავებული თარიღი დაასახელა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა: „ნატალია საბანაძე გადადგომას აპირებდა ზაფხულში, მაგრამ უბრალოდ დააჩქარა წასვლა.” „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთელის განაცხადებით „ალბათ, ძნელი იყო ელჩისთვის ამის შელამაზება, პრაქტიკულად დასავლური ვექტორიდან დისტანცირება ხდება.”
ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა
„არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლეს პერიოდში, ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ,” განუცხადა ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტს. იმავე დღეს, 22 მარტს გახარიამ დატვიტა, რომ მუშაობს მისი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე.
გიორგი გახარიას პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურენ, როგორც ქართული ოცნების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. „არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა — ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა,” თქვა კულტურის ახლადდანიშნულმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა. მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, თუ გახარია შემობრუნდება, კონკურენტი იქნება, რადგან მათი პარტიიდანაა წასული. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ გახარიას „შვებულებიდან გამოყვანის” მიზანი ქართლი ოცნება 2-ის შექმნაა. კრიტიკული იყვნენ შეფასებისას ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ლელოს ლიდერის ბადრი ჯაფარიძის აზრით, გახარია არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა და ვერ წარმოუდგენია, რომ ასეთი აქტორი იყოს.
„ქართულ პოლიტიკაში იწყება ტექტონიკური ძვრები – გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა სოლიდურ ნაწილს წაართმევს,” განაცხადა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ.
ქრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მისი პირადი წარმომადგენელი, ქრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება. „საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად საჭირო კომპრომისებზე წასვლის დროა“ – დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით „ოპოზიციამ მოლაპარაკებები ჩაშალა და სურდა, ქუჩაში დაეწყო საქმიანობა, მაგრამ მათ ევროკავშირმა სიურპრიზის სახით დანიელსონის ვიზიტი დაუანონსა.” განსხვავებულია ოპოზიციის შეფასება. ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ თქვა, რომ ევროკავშირი ცდილობს „ქართულ ოცნებას“ მეორე შანსი მისცეს