სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ნოემბერს არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას სააპელაციო საჩივარი და იგი პატიმრობაში დატოვა.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა „მთავარი არხის“ დირექტორისთვის მისჯილი პატიმრობის ვადაც. კერძოდ, გვარამიას სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლი (მე-2-ს „ა“ და „დ“; მე-3-ს „ბ“ ) 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დამნაშავედ ორ ეპიზოდში ცნო. სასამართლომ მას სასჯელის საბოლოო სახედ კვლავ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.
ერთი ეპიზოდი 2019 წლის თებერვალში, კომპანია „პორშეს ცენტრთან“ გაფორმებულ სარეკლამო ხელშეკრულებას ეხება, რომლის თანახმადაც, პროკურატურის მტკიცებით, ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა საკუთრებაში ძვირადღირებული (76 700 ევრო) ავტომობილი მიიღეს, „რუსთავი 2“-ს კი – „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“ მიადგა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნიკა გვარამიას ერთ-ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გვარამიას უდანაშაულობა სააპელაციო სასამართლოშიც გამოიკვეთა და „აბსოლუტურად ყველასთვის ნათელია, რომ ის გაყალბებული განაჩენით იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში“, მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა „უკანონო განაჩენი“.
მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება „თავისუფლებას ართმევს არა მხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ ქვეყანას და ხელს უშლის მას ევროპული ინტეგრაციის გზაზე“. საძაგლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სიმართლე აუცილებლად დადგინდება და გაირკვევა, თუ „როგორ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, ვინ დირიჟორობდა ამ პროცესს და ვის რა როლი ჰქონდა, ამ უკანონო განაჩენის გამოტანის პროცესში“.
რაც შეეხება, 2015 წლის ეპიზოდის „მთავარი არხის“ დირექტორისთვის მსჯავრის დამძიმებას, საძაგლიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძალიან სტკიოდა ის გარემოება, რომ ნიკა გვარამია ციხეში იჯდა [კომპანიის კუთვნილი] ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის“.
გვარამიას პატიმრობაში დატოვება კრიტიკულად შეაფასეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.
“ნიკა [გვარამიას] თავისუფლება ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ნიკას თავისუფლება, ნიკას თავისუფლება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, ვინაიდან პირდაპირ წერია ნიკას თავისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ასევე პირდაპირ წერია 12 პუნქტში რომ მედია თავისუფლებისთვის არის ნიკას თავისუფლება უმნიშვნელოვანესი,” – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
პარტია “ლელო – საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ “კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შესაფერხებლად. ქართული ოცნების კლანჭებში მყოფი სასამართლო, დიდი ხანია გადაიქცა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების იარაღად.”
გვარამია საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს არასამთავრობო სექტორიც. რვა არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „აღნიშნული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა“.
მათივე თქმით, ბრალდებების უსაფუძვლობაზე სახალხო დამცველის, „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრებებიც მიუთითებდა, რომელთა თანახმადაც საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება.
სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოში აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ „განსაკუთრებული დაკვირვების საგანია“, „ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს – უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა“.
საელჩომ კიდევ ერთხელ გამოხატა „ღრმა შეშფოთება“ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა „თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის, დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ“.
რუსეთ-ბელარუსის კავშირის დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
რუსეთისა და ბელარუსის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, რუსი დეპუტატის, არტიომ ტუროვის ხელმძღვანელობით, აფხაზეთში ჩავიდა და ოკუპირებული რეგიონის ლიდერს, ასლან ბჟანიას შეხვდა.
ბჟანიას ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აფხაზეთის ლიდერმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, ასევე სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სტრუქტურაში ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მან იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შეხვედრები „აფხაზ, რუს და ბელარუს ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერებას“ დაეხმარება.
ბჟანიამ აფხაზეთსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა: „მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური განვითარების საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ცოტა ხნის წინ ბელარუსის პრეზიდენტი გვსტუმრობდა, ჩვენ გარკვეული ნაბიჯები დავსახეთ და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ასეთი ნაბიჯი იქნება“.
ადგილობრივი სააგენტოს „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, თავის მხრივ, ტუროვმა ბჟანიასთან შეხვედრის დროს მადლიერება გამოხატა „პარლამენტის სპიკერთან“, ლაშა აშუბასთან „კონსტრუქციული საუბრისთვის“, სადაც მისი თქმით, მათ რიგი მიმართულებები განიხილეს, რომლებიც რუსეთის, ბელარუსისა და აფხაზეთის ინტერესის სფეროებს წარმოადგენენ.
სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა
ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დეკანოზის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი – საქმის სამართლიანი განხილვის უფლება – ორ ეპიზოდში დაირღვა.
ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს გიორგი მამალაძისთვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში 9 418 ლარის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა. მომჩივანი მხარე 376 304 ლარის კონპენსაციას ითხოვდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დეკანოზის სასამართლო სხდომების დახურვა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. სხდომების საჯაროობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით არის უზრუნველყოფილი.
ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ დეკანოზ მამალაძის მიმართ ასევე დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი უდანაშაულობის პრეზუმციის უფლებაც. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მამალაძის მესამე მოთხოვნა და აღნიშნა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას იმ ნაწილში, თუ როგორ იქნა მოპოვებული და გამოყენებული მტკიცებულება მოსარჩელის წინააღმდეგ.
სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ თავად დარღვევის ფაქტის დადგენა იძლევა საფუძველს მოსარჩელისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ის უარს ამბობს კომპენსაციის გადახდის თაობაზე მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
„ბევრი რომ არ გავაგრძელო საუკუნის პროცესი – ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე“, – დაწერა Facebook-ზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ დეკანოზის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა. მისივე თქმით, სასამართლომ სამი გასაჩივრებული საკითხიდან ორი დააკმაყოფილა და „პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2)დარღვევა“.
თავის მხრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ განაჩენი კანონიერად მიიჩნია გიორგი მამალაძის განაჩენი და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს, რის შესახებაც საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ სამი დღის შემდეგ გახდა, როდესაც საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დეკანოზი „მაღალი სასულიერო იერარქის“ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. უკვე 16 თებერვალს, პროკურატურაში დააზუსტეს, რომ „მაღალი რანგის სასულიერი პირი“ სავარაუდო მკვლელობის სამიზნე არ ყოფილა.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე და 236-ე მუხლები) 2017 წლის 5 სექტემბერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.