ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დანიშნა
საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის”, წევრთა ნაწილმა 9 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პრესკონფერენცია გამართა და პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.
იმავე საღამოს ბრიფინგი ჩაატარა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამაც და აღნიშნა, რომ “არჩევნები მისთვის ყველაზე კომფორტული პროცესია”.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 11 ნოემბერს გამოთქვა ამავე პარტიის წევრმა გიორგი ჩალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის კანდიდატად საკუთარი თავის დაყენების სურვილი გამოთქვა არასამთავრობო ორგანიზაციის, “მოძრაობა საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მუმლაძემაც.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა. მისი თქმით, ნიკა მელია არჩევნებს ვერ მოიგებს, რადგან არჩევნების საჭიროება ცვლილებების აუცილებლობას ნიშნავს.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე კომენტარი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, გააკეთა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ. მისი თქმით, მხარს ნიკა მელიას დაუჭერს, რადგან მას პარტიაში თავი არ ამოუწურავს და მისმა თანაპარტიელებმა იჩქარეს.
მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ამავე საკითხზე მისმა დედამ, გიული ალასანიამაც ისაუბრა. ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა არ არის ადგილი, სადაც პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხზე ბრიფინგები უნდა იმართებოდეს
13 ნოემბერს პარტიაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა, სადაც პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ფორმასა და წესზე იმსჯელეს, ჯგუფის წევრები არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებაზე შეჯერდნენ.
ბოლო პერიოდში ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე წევრმა დატოვა – მათ შორის იყვნენ ნონა მამულაშვილი და ნიკა ობოლაძე. მამულაშვილის შეფასებით, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი, საქართველოს ისტორიაში “ყველაზე სამარცხვინოა”, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი “პოლიტიკისგან დიდი ხანია დაცლილია”. ობოლაძის თქმით კი ამ ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობაში ვერ ხედავს იმ ძალას და ენერგიას, რომელიც შეძლებს ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში გამოიყვანოს კრიზისიდან.
ევროპარლამენტარები პრეზიდენტ ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ
12-მა ევროპარლამენტარმა 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა.
წერილამდე რამდენიმე დღით ადრე, 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გვარამიას სააპელაციო საჩივარი და იგი 3 წლითა და 6 თვით პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციის, საერთაშორისო პარტნიორების, მედიის უფლებადამცველი და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ევროპარლამენტარები წერილში ევროპული ინტეგრაციისკენ საქართველოს გზაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ მართალია, ეს გზა „მარტივი არ არის“, მას საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს.
მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსისკენ ცოტა ხნის წინ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით გაიხსნა და ხაზი გაუსვეს, რომ „უკრაინას, მოლდოვისა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა უკრაინის მიერ რუსული აგრესიის წინააღმდეგ გაღებული უზარმაზარი მსხვერპლის წყალობით მიენიჭათ, რომლის მიზანიც იმ ღირებულებების დაცვაა, რომლებზეც ევროკავშირიც დგას“.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ „ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული და ყველა შესაძლო ძალისხმევა უნდა განხორციელდეს, რათა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მიუახლოვდეს“.
სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად წერილს ხელს აწერენ ანა ფოტიგა, მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი და პიტერ პოლაკი.
IRI-ის ახალი კვლევა: პესიმიზმი მოსახლეობაში
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ 7 ნოემბერს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, შეშფოთებულია ეკონომიკის მდგომარეობის გამო და სკეპტიკურადაა განწყობილი საქართველოს მიერ 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართ.
ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით, რესპონდენტების 62%-მა განაცხადა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის (2022 წლის მარტში 61%), ხოლო 30%-მა აღნიშნა, რომ ის სწორი მიმართულებით მიდის.
კითხვაზე – „მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველო 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს?“ – რესპონდენტების 26%-მა უპასუხა, რომ საერთოდ არ არის მოსალოდნელი; 24%-მა განაცხადა, რომ გარკვეულწილად არ არის მოსალოდნელ; 27%-მა აღნიშნა, რომ გარკვეულწილად მოსალოდნელია და მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ მოსალოდნელია.
რესპონდენტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება/არმიღების საკითხი ხელისუფლებაზე/ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული. კერძოდ, გამოკითხულების 51% აცხადებს, რომ წარმატების შემთხვევაში, ეს ხელისუფლების დამსახურება იქნება, ამ მიმართულებით წარუმატებლობის შემთხვევაში კი – 64% პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
გამოკითხულების 72% ამბობს, რომ მომავალი არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს, არსებული არჩევნით მხოლოდ რესპონდენტების 22%-ია კმაყოფილი. ამასთან, ქართულ პოლიტიკურ პარტიებს გამოკითხულთა მხოლოდ 15% ენდობა, 35% არ ენდობა, 49% კი – არც ენდობა და არც არ ენდობა.
კითხვაზე – „საპარლამენტო არჩევნები, რომ მოახლოებულ კვირას ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ – 25% ქართულ ოცნებას ასახელებს; 12% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას; 3%-3% – გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის და გირჩი-მეტი თავისუფლებას; 2%-2% – სტრატეგია აღმაშენებელს, დროას, ლეიბორისტულ პარტიას, ხალხისთვის, გირჩს და პატრიოტთა ალიანსს. 1%-1% – ლელოს, მოქალაქეებსა და კონსერვატიულ მოძრაობას.
კვლევის შედეგებით, საზოგადოება ყველაზე დადებითად – 88%-ით კვლავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიმართ არის განწყობილი. შემდეგ მოდიან: თბილისის მერი, კახა კალაძე – 51%; პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – 44%; პარტია ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე – 40% და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – 38%.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების უფლებებს საქართველოში, გამოკითხულთა 78%-მა განაცხადა, რომ ისინი არ უჭერენ მხარს რუსების უვიზო შემოსვლას საქართველოში, ბიზნესების რეგისტრირებას ან ქონების შეძენას.