სენატორი შაჰინი ქართულ ოცნებას აკრიტიკებს
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის შესაფასებლად 16 ნოემბერს გამართულ მოსმენაზე სენატორებმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ კრიტიკული შეკითხვები დაუსვეს.
სენატორ ჯინ შაჰინის მიერ დასმულ კითხვაზე – უნდა გადახედოს თუ არა აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიოორობას „უზარმაზარი უკუსვლის“ ფონზე, ასევე იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა დაპირება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე – სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უპასუხა: „ვფიქრობ, ყოველთვის კარგია პოლიტიკის შეფასება და ამიტომ მე ღია ვარ უფრო დეტალური საუბრისთვის თქვენთან. თქვენ იცით მიზეზები, რისთვის გვინდოდა კურსის შენარჩუნება მოცემულ მომენტში“.
სენატორ შაჰინის კრიტიკას ქართული ოცნების დეპუტატებმა კრიტიკითვე უპასუხეს და მას „უსამართლო“ უწოდეს.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „აშშ – ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე. ამიტომ, ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო. რაც შეეხება, უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის მას ფასი არ აქვს. ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. ამ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა და ასეთს ჩვენთვის ფასი ვერ ექნება.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინს ჟურნალისტებთან “ჩათლახი” უწოდა.
ქართული ოცნების შეფასებებს გამოეხმაურა ამერიკის საელჩო თბილისში.
სენატორ შაჰინის წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკული განცხადებების საპასუხოდ, ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ „როგორც მე მესმის, არცერთმა ქართველმა არ უნდა გამოიყენოს მსგავსი ენა ვინმეს წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს სრულიად შეუფერებელია და ქართველების უმეტესობამ ეს აღიარა“.
ოლივერ ვარჰეი თბილისს ეწვია
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი, თბილისს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს და პარლამენტის წევრებს შეხვდა.
ევროკომისართან ერთად გამრთულ პრესკონფერენციაზე, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ოლივერ ვარჰეის ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე გაწეული „პირადი წვლილისთვის“ მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ის არის „ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი, ჩვენი ხალხის მეგობარი, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის აქტიური მხარდამჭერი“.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი მიღებიდან ერთ კვირაში ქართულმა ოცნებამ რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინა და ყველა აქტორს გაუხსნა კარი.
თუმცა მანვე ხაზი გაუსვა, რომ, „სამწუხაროდ“, რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობის პროცესში ამ პროცესში არ არის ჩართული ოპოზიცია, „რომლის პირდაპირი ვალდებულება არის, სწორედ აი ამ რეკომენდაციების, მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება – ეს არის დეპოლარიზაცია“.
პრესკონფერენციაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ევროკავშირის „აქტიური დახმარებაც“ აღნიშნა, მათ შორის, ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკის მიმართულებებით.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საუბრისას, ევროკომისარმა განაცხადა, რომ „საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, იმისათვის, რომ აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი ქვეყანა“. მანვე დასძინა, რომ ამ მიზნისთვის მთელმა საქართველომ და თითოეულმა ქართველმა უნდა იმუშაოს.
ოლივერ ვარჰეიმ ასევე აღნიშნა, რომ “ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო რჩება, მაგალითად გვჭირდება სრულიად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული სააგენტო, გვჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ – მე მესმის რომ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა – და რა თქმა უნდა, გვჭირდება ნაბიჯები იმისკენ, რომ გააქტიურდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და ასევე იცით დანარჩენი 12 პრიორიტეტი”.
პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი დღესვე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, ასევე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი განიხილეს და ამ კონტექსტში, პოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ვარჰეი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში 15 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო ფრაქციებისა და ჯგუფების წარმომადგენლებს, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატებს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.
ევროკომისართან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ მათ სასამართლო სისტემაზე, ანტიკორუფციულ საკითხებსა და დეოლოგარქიზაციაზე, ასევე „იმ აგდებულ დამოკიდებულებაზე“ იმსჯელეს, რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების მისამართით.
დეპუტატის თქმით, მან ევროკომისართან ქვეყანაში პოლიტიკური დევნილების, ასევე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანისა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ასევე პატიმრობაში მყოფი დირექტორის, გათავისუფლების საკითხები წამოჭრა.
პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 18 ნოემბერს პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ინტეპელაციის წესით გაგზავნილ შეკითხვებს უპასუხა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე საუბარი ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის კრიტიკით დაიწყო და თქვა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობს, მათი მხრიდან ამ კითხვის დასმა არის „ნამდვილი ფარისევლობა“.
ამავე კონტექსტში, პრემიერმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინას საქართველოსგან განსხვავებით კანდიდატის სტატუსი მიმდინარე ომის გამო მიანიჭეს, მოლდოვას კი – სტატუსი „ავანსად“, ერთგვარი „წახალისების“ მიზნით მისცეს, რადგანაც ის „არის ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში“.
კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ევროპარლამენტის მიერ მიღებული „ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, სამარცხვინო და უსამართლო“ რეზოლუცია გაიხსენა და თქვა, რომ ოპოზიციამ მათ ლობისტებთან ერთად ყველაფერი გაკეთა იმისთვის, რომ „მიაღებინეს ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება“.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ქართული ოცნების პოზიციები მკაფიოდ არის გამიჯნული მათი ყოფილი თანაგუნდელების პოზიციებისგან და მათ შორის „მთელი რიგი განსხვავებებია“. „ისინი [იმიტომ[ რჩებიან უმრავლესობაში, რომ [წინააღმდეგ შემთხვევაში] ქართული ოცნება დაკარგავს უმრავლესობას და ჩვენ გვექნება პრობლემები, რომ მივიღოთ კანონები“.
ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე განმარტა, რომ მისი, როგორც პრემიერისა და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის ვალდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არსებული სტრატეგიული ურთიერთობების „მაქსიმალურად“ შენარჩუნება და განმტკიცებაა. „არა მხოლოდ მათთან, რეგიონში ჩვენ ყველასთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა“.
„ჩემი პოზიცია არის მარტივი და ერთმნიშვნელოვანი – ჩვენ გვაქვს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეს ურთიერთობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა“, – თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა და ისურვა, რომ „უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე აშშ-ის ელჩის მისამართით“.
მანვე ოპოზიცია ქვეყნის ეკონომიკისა და ეროვნული ინტერესების დაზიანების მცდელობაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმ მიზნით ჩამოიყვანეს საქართველოში, რომ „აქ მომხდარიყო რევოლუცია“.
„მათი იდეური პარტნიორები, თანამშრომლები და მეგობრები არიან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები…. მათ ღიად თქვეს, რომ ჩვენ გვინდოდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში… ეს ადამიანები არიან მათი მოკავშირეები“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის მისამართით და იკითხა – „ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ აქ მართლაც იქნებოდა მეორე ფრონტი და პოლიგონად გადააქცევდნენ ჩვენს ქვეყანას?“.