ქართული ოცნება „დეოლიგარქიზაციაზე“ კანონპროექტს ვენეციის კომისიას გაუგზავნის
საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით მიღებამდე ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.
მისი თქმით, ქართული კანონპროექტის უკრაინულმა ანალოგმა ევროკომისიის პრეზიდენტისგან „უმაღლესი შეფასება დაიმსახურა“, ქართული ოცნება საჭიროდ არ მიიჩნევდა, მის გაგზავნას, თუმცა „იმის გამო, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და ქართულ ოცნებას“, საბოლოოდ მისი გადაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს.
„ჩვენ [კანონპროექტის] მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას“, – ხაზი გაუსვა მდინარაძემ და დასძინა – „ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კანონი დროულად იქნეს სამართლებრივად შეფასებული და დაჩქარებული ეს პროცესი და არ მოხდეს ისე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, წელიწადზე მეტი გაიწელა დასკვნის მიღება“.
ქართული ოცნების გადაწყვეტილებას მიესალმა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და თქვა, რომ ეს „პოზიტიური ნაბიჯია“. „მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება“, – განაცხადა წარმომადგენლობამ.
პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო.
საგულისხმოა, რომ ქართულ ოცნებაში არაერთხელ განმარტეს, რომ „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონი მათი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება, მიუხედავად ოპონენტების მტკიცებისა, რომ ერთ-ერთი პირველი, რომელსაც საკნონმდებლო ინიციატივა უნდა შეეხოს, სწორედ ივანიშვილია.
უკრაინული კანონპროექტის გადმოკოპირება გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრშიც“ და ხაზი გაუსვეს, რომ ქვეყნებს შორის „კონტექსტუალური განსხვავებების გათვალისწინებით“, საქართველოს მიერ უკრაინის „ანტიოლიგარქიული“ კანონის ანალოგის მიღება „არ უნდა ჩაითვალოს გონივრულ ნაბიჯად“.
სახალხო დამცველი ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს
25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოში ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“ და რომ „პრევენციის, დროული გამოვლენის და შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით დღემდე არაერთი პრობლემა არსებობს“.
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, „კანონმდებლობის დონეზე კვლავ პრობლემად რჩება სექსუალური ძალადობის დეფინიციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, გაუპატიურების არსებული დეფინიციის ცვლილება და მასში თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის კომპონენტის განსაზღვრა“.
სახალხო დმცველის თქმით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოჯახში ძალადობის შემთხვევების მაღალი მაჩვენებელიც და პრევენციის ღონისძიებების სიმცირე. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტზე 6 520 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, ხოლო გამოძიება 3 064 ფაქტზე დაიწყო“.
სახალხო დამცველი ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის „საგანგაშო“ მაჩვენებელზეც ამახვილებს ყურადღებას და სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკაზე დაყრდნობით ამბობს, რომ 2020 წელს არასრულწლოვან მშობლად 479 გოგო დარეგისტრირდა, 2021 წელს – 476, ხოლო 2022 წლის 6 თვის მონაცემით – 189.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლო
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. საზღვრის კვეთის საქმის პროცესი დაიწყო და მასზე დასწრების სურვილი მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა. თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო, ექსპრეზიდენტმა სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განაცხადა, რომ სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ექიმები სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების რეკომენდაციას არ აძლევენ, რადგან მისი მდგომარეობა ეტაპირების დროს, შესაძლოა, უფრო დამძიმდეს. პასუხისმგებლობას ვერ იღებს ვერც პენიტენციური სამსახური.
როგორც დეკანოიძემ კლინიკა „ვივამედიდან“ გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია, მას ნევროლოგიური პრობლემებიც აქვს. დეკანოიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას ასევე არ სურს მესამე პრეზიდენტის ეკრანებზე გამოჩენა, რათა მისი დამძიმებული მდგომარეობა დამალონ.
„ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განმარტებით, ამ ეტაპზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება არ იყო გამართლებული. მისივე თქმით, პარასკევს ჩატარდა ნევროლოგის კონსულტაცია, რომელმაც აღნიშნა უარყოფითი დინამიკა და დაინიშნა შესაბამისი კვლევები. როგორც ნადირაძე ამბობს, დღეს და ხვალ კლინიკა ამ კვლევებს კიდევ ჩაატარებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქვეყნის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია და თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა „ამ დონეზეა დაზიანებული“, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება.
26 ნოემბერს, 13-მა ქართულმა არასამთავრობო ორგნიზაციამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
მათი თქმით, განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას მისი მნახველებებიც ადასტურებენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ხაზს უსვამენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს პრეზიდენტიც. მათივე თქმით, „სამწუხაროდ“, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის „მნიშვნელოვნი დამძიმების“ შესახებ დასკვნის არსებობის შემთხვევაში, მისი უცხოეთში გადაყვანის შესახებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას ხელისუფლების მხრიდან „პოლიტიკური შინაარსის პასუხები მოჰყვა“. „[აღნიშული] ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს“.