ევროპულ-ქართული ინსტიტუტი უსამძიმრებს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს. გვჯერა, რომ მათი ბრძოლა საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის გამარჯვებით დასრულდება.

 

უკრაინაში 6 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

1 დეკემბერს უკრაინაში მებრძოლი  ჯამბულ ხოფერია დაიღუპა, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში. იფნორმაციას ფეისბუქის” პირად გვერდზე დაღუპული მეომრის მამა არჩილ ხოფერია ავრცელებს.

“ჩვენ ვერ გაგვტეხენ. ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით როგორც ჩვენ გვეკადრება…“, – დაწერა არჩილ ხოფერიამ.

3 დეკემბერს, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ 5 ქართველი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ავთო რურუა, რომეო ფირცხალავა, როლანდ კვარაცხელია, ბადრი მარკელია და მერაბ ალადაშვილი ბახმუტთან ე.წ. „კადიროველთა“ თავდასხმას ემსხვერპლნენ.

უკრაინაში კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა, რომეო ფარულავამ ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბარში თქვა, რომ მათ ბრძოლის წინ ხაზზე მყოფ მებრძოლებათნ მუდმივი კონტაქტი აქვთ, რომლებიც ამბობენ, რომ „ძალიან რთული ვითარება არის ბახმუტში“.

დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

დაღუპულთა ოჯახებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მე-3 დღეს მიუსამძიმრა და იმაზე თქვა, რომ გადმოსვენების ხარჯებს მთავრობა ფარავს.

„ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, დიდი დანაკლისი. უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, არის ტრაგედია.“ – თქვა მან.

გარდა ამისა, ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ტრადიციულად, ოპოზიცია გააკრიტიკა, საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს “მათი ქცევა” შეახსენა და ენმ “მეორე ფრონტის” გახსნაში დაადანაშაულა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინაში ქართველი მებრძოლების წაყვანა სწორედ ოპოზიციის ორგანიზებულია და “ფარისეველი, ყალბი პოლიტიკოსები” ამ თემით პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობენ.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ღარიბაშვილის საპასუხოდ განაცხადა: “ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით”.

მოლდოვის პრეზიდენტი „ღრმად შეშფოთებულია“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ იგი „ღრმად შეშფოთებულია“ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც „სწრაფად უარესდება“. 

პრეზიდენტმა სანდუმ ხაზი გაუსვა, რომ „თითოეული ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია და სიტუაციის სერიოზულობა სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად მის შესაფერის საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვს“.

სანდუს განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, სააკაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი გათავისუფლება, ან სასჯელის გადავადება მოითხოვეს, რასაც ქართული კანონმდებლობაც ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ „წარმოუდგენელია ამ შუამდგომლობაზე და მასალებზე, რომლებიც დართული აქვს საქმეს, სასამართლომ მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე ან გადავადებაზე არ მიიღოს გადაწყვეტილება. მაშინ იქნება აშკარა უკანონობა და მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა.“

Საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ „ჩვენ კვლავაც ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მის მდგომარეობას“. „ბოლო ინფორმაციას ჩვენც სხვებივით ვეცნობით“, – დასძინა მან.

დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ „მთავარია, მთავრობამ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას ამ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით“.

„ჩვენ ყველანი ველოდით სანდო და საიმედო სამედიცინო დასკვნას სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა არის მისთვის საუკეთესო გზა“.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს არაერთხელ უთქვამს, რომ მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და რომ მისი უფლებები დაცული იყოს“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა და დასძინა, რომ აშშ კვლავაც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ცოტა ხნის წინ მიღებულ სამედიცინო დასკვნაზე დაყრდნობით სათანადო ნაბიჯები გადადგას.

ჩეხეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, პეტრ მიკისკა ახსნა-განმარტებებისათვის სამინისტროში დაიბარეს.

ამის მიზეზი 1 დეკემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იყო, რომელშიც პეტრ მიკისკას მიეწერებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი რუსეთისა“ და ლიეტუვის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ნათქვამი შემდეგი ფრაზა: „ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია. ამ ექსპორტის ნაწილი კი, დარწმუნებული ვარ, რუსეთში მიდის […] ამას ექნება შედეგი და ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა, თვალს ადევნებს მოვლენებს, ეს იქნება ერთ-ერეთი კრიტერიუმი, როდესაც შევაფასებთ საქართველოს მზაობას კანდიდატის სტატუსისთვის და არამხოლოდ ის 12 რეკომენდაცია“.

სამინისტროს განმარტებით, პეტრ მიკისკას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა, რომელმაც ელჩს კიდევ ერთხელ გააცნო ნაბიჯები, „რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით“.

საგარეო უწყებისვე ცნობით, მინისტრის მოადგილემ ელჩს მოსთხოვა აეხსნა, თუ რას ეფუძნებოდა მისი განცხადება, რომელიც „რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას“.

ამავე ინფორმაციით, ჩეხეთის ელჩმა თქვა, რომ „სამწუხაროდ მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება“.

„ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში შეკითხვები არ არსებობს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოგვიანებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ განცხადება ჩეხეთის საელჩომაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ ელჩმა „დეტალურად განმარტა, რომ კონტექსტის გარეშე გავრცელებული მისი კომენტარები უკვშირდებოდა არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგადად ვაჭრობას“. საელჩომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ელჩმა „იცის და აფასებს სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას“.

მელაშვილი: ის, რომ დღეს თბილისში არის მშვიდობა, არის თავიდან ბოლომდე უკრაინელების დამსახურებაა

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტმა გიორგი მელაშვილმა „რადიო თავისუფლების“ გადაცემა „დილის საუბრებში“ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებაზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ უკრაინაში ქართველი სამხედროების დაღუპვაზე სამძიმრის ამ ფორმით გამოხატვა იყო ფარისევლობა და „მეომრების სიკვდილის ბინძური პოლიტიკური თამაშისთვის გამოყენება იყო“.

მელაშვილმა აღნიშნა, რომ წარსულში, სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების დაღუპვაზე, ერის რეაქცია იყო მუდმივად ერთიანი, „ეს იყო გლოვა, სოლიდარობა და იმის გააზრება, თუ რატომ იმყოფება ჩვენი ქვეყანა ამ სამშვიდობო მისიაში.“

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, შემდეგი სამიზნე თბილისი იქნება, ამიტომ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები იცავენ თბილისს, ბათუმს და სხვა ქალაქებს.

„ის, რომ უკრაინელებმა რუსული სამხედრო მანქანა გააჩერეს, იბრძვიან და იმარჯვებენ, არის, რა თქმა უნდა, ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია დღეს“ – თქვა მან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.