სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის ომის გამოძიების ეტაპი დაასრულა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურმა კარიმ ხანმა, რომლის ოფისმაც ადამიანურობისა და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩადენილი დანაშაულები შეისწავლა, განაცხადა, რომ მან დაასრულა საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი. ივნისში ჰააგის სასამართლომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერები გასცა. ასევე შეგროვდა მტკიცებულება რუსეთის არმიის გენერალ მაიორის წინააღმდეგ, რომელიც ამასობაში გარდაიცვალა და ამიტომ მასზე დაკავების ორდერი არ გაიცა.
გამოძიების შედეგად, სასამართლომ 2022 წლის 30 ივნისს სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენი არიან გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი 2005-2008 წლებში, ჰამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო შსს-ს წინასწარი დაკავების იზოლატორის ხელმძღვანელი, და დავით სანაკოევი, დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.
სამივე მათგანს ბრალად ედებათ „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, სასტიკი მოპყრობა, მძევლად აყვანა და, შემდგომში, მათი უკანონო გადაადგილება“.
გამოძიებისას ასევე გამოიკვეთა „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის, სავარაუდო როლიც, რომელსაც აღნიშნული მოვლენების დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა და რომელმაც, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენას“.
მისივე თქმით, იგი აპირებს გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთანაც და რომ მისი ოფისი უკვე დაუკავშირდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, რათა მათთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა იმ გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის დასრულებას ეხება, ასევე, გაეცნო საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით მისი ოფისის ამჟამინდელი საქმიანობა და „ჩვენი მტკიცე განზრახვა მიმდინარე საქმეების სასამართლო განხილვამდე მიყვანასთან დაკავშირებით“.
ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილს სანქციები დაუწესონ
ევროპარლამენტმა 14 დეკემბერს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 430 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 52-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობას და სოლიდარობას მოითხოვს, რაც „ასევე გადამწყვეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ არ დაიცვა საკმარისი ძალით 2008 წელს“.
ევროპარლამენტი მიესალმა უკრაინის მხარდასაჭერად ქართული საზოგადოების „ძლიერ
პასუხს“, პატივი მიაგო უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროებს და მოუწოდა ხელისუფლებას მხარი დაუჭიროს ევროკავშირის წარმომადგენელთა შესაბამის განცხადებებს და ევროკავშირის სანქციებს.
რეზოლუცია ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, უზრუნვეყოს, რომ საქართველოს მეშვეობით არ მოხდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ევროპარლამენტმა შეშფოთება გამოხატა იმ ინფორმაციის გამო, რომ „რუსი ხალხი და კომპანიები, სავარაუდოდ, საქართველოს იყენებენ დასავლეთის სანქციებისთვის თავის ასარიდებლად“. ამ კუთხით, მან მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ შეამოწმონ ასეთი ინფორმაცია, მათ შორის უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს ინფორმაცია „რუსეთთან ივანიშვილის კავშირების შესახებ“. თუ ასეთი კავშირები დადასტურება, სანქციები ივანიშვილს და მის თანამზრახველებს უნდა შეეხოთ, ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობას და სოლიდარობას მოითხოვს, რაც „ასევე გადამწყვეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ არ დაიცვა საკმარისი ძალით 2008 წელს“.
ევროდეპუტატები მიესალმენ უკრაინის მხარდასაჭერად ქართული საზოგადოების „ძლიერ პასუხს“, პატივი მიაგო უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროებს და მოუწოდა ხელისუფლებას მხარი დაუჭიროს ევროკავშირის წარმომადგენელთა შესაბამის განცხადებებს და ევროკავშირის სანქციებს.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ შეწყვიტონ „აგრესიული სიტყვიერი თავდასხმდები“ ევროპარლამენტარებზე და ევრო-ატლანტიკური პარტნიორების წარმომადგენლებზე, როგორიც ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებია, ასევე „უსაფუძვლო და საზიანო რიტორიკა“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობების შესახებ.
არჩევნებთან დაკავშირებით, რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას დაასრულოს საარჩევნო რეფორმა ქვეყანაში და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ყველა ხარვეზი აღმოფხვრას ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად.
ევროპარლამენტმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ქართულმა ოცნება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას საარჩევნო რეფორმებზე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის გაგრძელების უფლება არ მისცა და მმართველ პარტიას ჯგუფში ორგანიზაციის ჩართვისკენ მოუწოდა.
ევროპარლამენტმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ სასამართლო რეფორმა „შეჩერდა და რამდენიმე ძირითად სფეროში რეგრესიც განიცადა“. მან მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ყველა დონეზე, და განსაკუთრებით უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პროცესში ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები აღმოფხვრას.
რაც შეეხება პრესის თავისუფლებას, ევროპარლამენტმა „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა იმის გამო, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გააჩნია „მყარი“ სამართლებრივი ჩარჩო გამოხატვისა და მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, „2021 წელს მედიაგარემო და ჟურნალისტების უსაფრთხოება გაუარესდა“.
ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხელისუფლების მონაწილეობით აშენდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 დეკემბერს განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხელისუფლების მონაწილეობით აშენდება და პორტის 51%-ის მფლობელი სწორედ სახელმწიფო იქნება.
კონსორციუმმა პრემიერს შეახსენა, რომ კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა ჟენევის საერთაშორისო სავაჭრო პალატაში და რომ მას „მოუწევს პასუხისგება დღეს გაკეთებულ ყველა ცრუ განცხადებაზე“.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 დეკემბერს განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხელისუფლების მონაწილეობით აშენდება და პორტის 51%-ის მფლობელი სწორედ სახელმწიფო იქნება. მან ასევე გაიხსენა კონტრაქტი, რომელსაც ხელისუფლებამ პორტის მშენებლობის მიზნით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს მოაწერა ხელი, და განაცხადა, რომ კონსორციუმმა „ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება“.
ღარიბაშვილის თქმით, კონსორციუმში შემავალი „თიბისი ჰოლდინგის“ დამფუძნებლებმა ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, ასევე პარტია „ლელომ“ 3 მლნ დოლარი დახარჯეს პროექტზე, ხოლო 20-25 მლნ აშშ დოლარი ინვესტორებისგან მოიზიდეს. „მას შემდეგ, რაც 4-5 წლის მერე ჩააგდო ეს პროექტი და ვერ განახორციელა, მას შემდეგ გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა, რომ გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა. უჩივლეს ქვეყანას, არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს ედავებიან 1.5 მილიარდ დოლარს. წარმოგიდგენიათ რა ხდება?“ – განაცხადა პრემიერმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუდიტზე დაყრდნობით ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აცხადებს, რომ „ADC-ის ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა $75 მილიონი (და მეტი), საიდანაც $40 მილიონი იყო ხაზარაძის და ჯაფარიძის მიერ ინვესტირებული (და არა $3 მილიონი, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა)“.
ხაზარაძემ პრემიერმინისტრს იმავე დღეს უპასუხა და აღნიშნა, რომ „პრემიერმა დღეს ოთხჯერ მოიტყუა“. „მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემი მთავარი მოტივაციაა, რომ ანაკლია აშენებული ვიხილო“, – აღნიშნა მან. „ესაა არბიტრაჟის მიზანიც – ვაიძულო მთავრობა ააშენოს პორტი“.
კონსორციუმმა განაცხადა, რომ „მოსაზრება, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება მოძებნოს სერიოზული კერძო ინვესტორი ანაკლიის პორტისთვის, მაშინ როცა გეგმავს პროექტში 51%-იანი საკონტროლო ინტერესის აღებას, აბსურდულია“.
ამასთან, კონსორციუმმა აღნიშნა, რომ „სავსებით ნათელია, რომ მთავრობამ ვერ შეძლო სათანადო ინვესტორის ან პორტის ოპერატორის მოძიება, რომელსაც სურს განახორციელოს ეს პროექტი მიმდინარე საარბიტრაჟო დავის ფონზე და პოლიტიზებული ქართული სასამართლო სისტემის პირობებში, რომლის რეფორმირებაც მთავრობამ ვერ შეძლო“.
კონსორციუმის თქმით, დაუჯერებელია, რომ მთავრობა 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ანაკლიის პორტის პროექტში, მაშინ როდესაც მან „უარი თქვა 50 მილიონი დოლარის გარანტიის სახით (არა ნაღდი ფულის) გაცემაზეც კი, რომ ხელი შეეწყო ADC-თვის პორტის ასაშენებლად საჭირო დაფინანსების მოპოვებაში“.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ამსახველი ვიდეო გაასაჯაროვა
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან“ გამომდინარე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ვივამედში“ სხვადასხვა დროს გადაღებული ვიდეოკადრები გაასაჯაროვა, სადაც დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია ნაჩვენები.
დაახლოებით 10-წუთიან ვიდეოში ექს-პრეზიდენტის სხვადასხვა მდგომარეობაა ნაჩვენები. კადრებში ჩანს, როგორ ეჩხუბება ის თანამშრომლებს და რამდენჯერმე სხვადასხვა ნივთებსაც ესვრის მათ. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ვარდება სააკაშვილი ლოგინიდან, ხოლო ვიდეოს ბოლოს ნაჩვენებია, რომ ის გადასაადგილებელი ჭოჭინის დახმარებით დადის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განაცხადა 15 დეკემბერს, რომ მან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო.
სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ვიდეოს გავრცელების დღეს ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, რომ ასეთი კადრების გავრცელება „სისხლის სამართლის დანაშაულია“. მისი თქმით, ვიდეომასალა, რომელიც პერსონალური მონაცემია, სააკაშვილის ნებართვის გარეშე გასაჯაროვდა.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 15 დეკემბერს განაცხადა პატიმრობაში მყოფ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ „ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს მისი უფლებების პატივისცემა, რომ მან მიიღოს მისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება და ჰქონდეს წვდომა სამართლიან სასამართლოზე“.
მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო მოსმენა, „სამართლებრივი პროცესები უნდა წარიმართოს ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისად და პირადი ცხოვრების დაცვით, ისევე როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვით“.