მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქეებში სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართა

4 იანვარს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქში პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა სახელწოდებით – #SaveMisha (გადაარჩინე მიშა).

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები, ოჯახის წევრები, მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები საქართველოს მასშტაბით, ერთდროულად, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში საღამოს 18:00 სთ-ზე შეიკრიბნენ.

თბილისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ორ ადგილას ჩატარდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დემონსტრანტთა ერთი ნაწილი „მშვიდობის ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიას შეიკრიბა. მთავრობის კანცელარიასთან დამოუკიდებელი აქცია გამართა ენმ-ის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა. ისინი მოგვიანებით, მსვლელობით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ გაემართნენ და სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა იქიდანაც მოითხოვეს.

თბილისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭსაქართველოს პარალელურად, დღეს მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები მოეწყო ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ავსტრიაში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბელგიაში, პოლონეთში, საბერძნეთში, ისრაელში და ა.შ. ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების შენობებთან შეიკრიბნენ.

მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის აქცია რუსმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა მარკ ფეიგინმა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა დეკემბრის ბოლოს დაგეგმეს.

„ხალხის ძალა“ NGO-ების საქმიანობისა და მედიაში სიცრუის გავრცელებაზე კანონპროექტებს წარადგენს

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც დღემდე საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან, 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ იანვარში უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ შესახებ კანონპროექტებს დაარეგისტრირებენ, რომლებიც „საუკეთესო დასავლური პრაქტიკას“ ეფუძნება.

„ხალხის ძალის“ საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა წარადგინა, რომელმაც განმარტა, რომ ერთ-ერთი საკანონმდებლო ინიციატივით, „შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი NGO-სთვის და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან, და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად“.

დეპუტატის თქმითვე, „შემოღებული იქნება უცხოური გავლენის აგენტის ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ“. ამასთან, „უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით [მოქმედი] ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს“.

რაც შეეხება „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ შესახებ კანონპროექტს, გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, რომ „ის ეფექტურად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას“. დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საკანონმდებლო ცვლილება „ეფუძნება ერთ-ერთი მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობას“. მოგვიანებით, მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ დააზუსტა, რომ ის ბრიტანული კანონმდებლობის მსგავსი იქნება.

„დღეს, მთელი რიგი NGO-ები და მედიასაშუალებები მნიშნველოვან როლს ასრულებენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაში“, – თქვა დეპუტატმა და დასძინა, რომ მათ მიერ მომზადებული ორივე კანონპროექტის მიღება „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა“.

გურამ მაჭარაშვილის მტკიცებით, „ამერიკული და ევროპული კანონმდებლობის საქართველოში გადმოტანით შეიქმნება ახალი გარანტიები საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად“.

ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 3 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სუს-ის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები. ასევე, გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქემედი ცხელი ხაზი.

სუსი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს და აცხადებს, რომ „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.