სიტყვები არ გვაქვს და იმ უდანაშაულო ადამიანებზე ვფიქრობთ, რომლებიც შეეწირნენ ამ ბოროტ და დაუჯერებელ ამბავს.


ანდრი კასიანოვი საქართველო-უკრაინის ურთიერთობების შესახებ სტატიას აქვეყნებს

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი კასიანოვმა 9 იანვარს Європейська правда-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში არსებულ სირთულეებსა და ტენდენციებზე ისაუბრა.

კასიანოვმა რიგი საკითხები ჩამოთვალა, რომლებზეც ორ ქვეყანას კვლავ მნიშვნელოვანი უთანხმოებები აქვთ, მათ შორისაა: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება; რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების სისტემის შემოღება; საქართველოში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება; პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

კასიანოვის თქმით, საქართველომ უარი უთხრა კიევს „ბუკის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მისცა. მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისი ასევე არ დათანხმდა ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის FGM-148 ჯაველინის მიწოდებაზე, მიუხედავად აშშ-ის დაპირებისა, რომ ამ სისტემების სანაცვლოდ საქართველოს უფრო თანამედროვე მოდელებს მიაწვდიდა.

„მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი განაცხადა სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდა პოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას რუსეთთან ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობის თაობაზე“, – განაცხადა კასიანოვმა.

კასიანოვის სტატიას საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 10 იანვარს უპასუხა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ საქართველომ ეს სისტემები ისევე შეისყიდა, როგორც ამერიკული ანტისატანკო სისტემები „ჯაველინი“. რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, თავდაცვის უწყებამ განმარტა, რომ „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია“.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, კასიანოვი წერს, რომ უკრაინა მუშაობს მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე. დიპლომატის თქმით, კიევმა არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი ევროპის ან ამერიკის წამყვან კლინიკაში გადაიყვანონ, რათა „ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა და ნეგატიური ტენდენციების გათვალისწინებით“, მან სათანადო სამედიცინო მკურნალობა ჩაიტაროს. კასიანოვის თქმით, სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჰუმანიტარული საკითხი უფროა, ვიდრე პოლიტიკური.

საქართველოში რუსი ემიგრანტების დიდ ნაკადებზე საუბრისას, ანდრი კასიანოვმა ბინის ქირის მნიშვნელოვან ზრდაზე გაამახვილა ყურადღება, რაც უკრაინელ ლტოლვილებს ცხოვრებას კიდევ უფრო ურთულებს. მისი თქმით, უკრაინელები საქართველოს ტრანზიტულ ქვეყნად იყენებენ. კასიანოვი ამბობს, რომ საქართველოში ჩასული რუსეთის მოქალაქეები „პუტინისა და უკრაინის მოსახლეობის გენოციდისკენ მიმართული მისი პოლიტიკის მხურვალე მხარდამჭერები არიან“.

ანდრი კასიანოვმა ქართველ მოხალისეებზეც ისაუბრა, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იბრძვიან და „საერთო მუხანათური მტრის“ წინააღმდეგ საკუთარ სიცოცხლეებს სწირავენ. რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნათელ მხარეს, კასიანოვი შეეხო ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერას საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე, თბილისისა და ბათუმის საჯარო სკოლებში ოთხი უკრაინული სექციის გახსნას, უკრაინელების დახმარებას საცხოვრებლით, ასევე უკრაინელი ლტოლვილების უფასო ტრანსპორტითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას.

კასიანოვმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უკრაინისთვის გენერატორების მიწოდებაზე და უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენაში საქართველოს საპატრიარქოს როლსაც გაუსვა ხაზი.

 

ოკუპირებული ცხინვალიდან სამკურნალოდ 3 პაციენტი გადმოიყვანეს

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენლობამ საქართველოში „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ მათი შუამავლობით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ 3 პაციენტი გადმოიყვანეს.

ცხინვალში მოქმედი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, 10 იანვარს, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრისას, დედა და ორი მცირეწლოვანი დაშავდა, რომლებიც სხვადასხვა მძიმე ხარისხის დამწვრობით ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი – სამკურნალოდ „რესპუბლიკის ფარგლებს მიღმა“ გაიყვანეს.

„რესისვე“ ცნობით, ხანძრის ადგილას ერთი გარდაცვლილის გვამიც იპოვეს, კიდევ ერთი სავარაუდო დაშავებულის ძებნა კი – ამ დრომდე გრძელდება.

 

ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი კონკურენტი არა ხაბეიშვილი, არამედ მერაბიშვილი და კეზერაშვილი არიან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილს თავის რეალურ კონკურენტად არ მიიჩნევს. მელია TV პირველის ეთერში ამბობს, რომ ენმ-ში მიმდინარე პროცესები მის წინააღმდეგ ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა დაგეგმეს. ნიკა მელიას თქმით, 9 ნოემბერს სწორედ ყოფილმა მაღალჩინოსნებმა “გააკეთებინეს” ენმ-ში არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე განცხადება პარტიის რამდენიმე წევრს.

“დიახ, აი, ამ 9 ნოემბრის მთავარი მოქმედი პირნი, შემსრულებელნი, რა თქმა უნდა, იყვნენ ბატონი ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი. რა თქმა უნდა, ერთად, ჩემ წინააღმდეგ. ეს პროცესები თავიდან ბოლომდე ინსპირირებული, დაგეგმილი, ორგანიზებული იყო ამ ორი ადამიანის მიერ, ეს არის სიმართლე” – თქვა მელიამ და აღნიშნა, რომ ახლა პარტიის შიგნით დაპირისპირებაა ძველსა და ახალ მეთოდებს შორის.

“მე ალბათ ამ გადაცემას ისე დავასრულებ, ყველაზე ნაკლებს ვისაუბრებ ბატონ ლევან ხაბეიშვილზე, მიმაჩნია, რომ ბატონი ლევან ხაბეიშვილი არ არის ამ შემთხვევაში ჩემი კონკურენტი” – ამბობს პარტიის მოქმედი თავმჯდომარე.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. პარტიას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა.

დავით კეზერაშვილი 2006-08 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. 2019 წლის 5 სექტემბრიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის მფლობელია.

ვანო მერაბიშვილი 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2004-12 წლებში კი საქართველსო შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური მდივანია.

 

საგარეჯოში სროლისას 5 ადამიანი დაიღუპა, 5 დაიჭრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 იანვრის ღამეს, კახეთის რეგიონის ქალაქ საგარეჯოს ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით 5 ადამიანი მოკლა, 5 დაჭრა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. მოკლულთა შორის 1 პოლიციელია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლითვ მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.