ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი გახდა, მან ამომრჩევლის ხმების 52.58% (21 656 ხმა) მიიღო. ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

კობა ნაყოფიას განმარტებით, კანონმდებლობისა და პარტიის წესდების მიხედვით, არჩევნების შემდეგ პარტიის ყრილობა უნდა ჩატარდეს, რომელიც არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გაიზიარებს და უკვე ამის შემდგომ ახალი თავმჯდომარე შეუდგება საქმიანობას.

ნაციონალური მოძრაობის ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: “ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ვინც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის და მისი ბრძოლაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას უკავშირდება. ცხადია, პირველი გადაწყვეტილებებიც პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან იქნება დაკავშირებული. მიშა, მინდა, შეგპირდე, რომ ჩვენ იქამდე არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, საქართველოს თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი.”

ხაბეიშვილიმა აღნიშნა, რომ ენმ იქნება ღია ახალი ადამიანებისთვის, ძველი თუ ახალი თანამებრძოლებისთვის. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას, ეს არჩევნები ამის ნათელი და პირდაპირი გამოვლინებაა.”

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების შესახებ ბრიფინგი გამართა და ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა. 

„ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს, ვუსურებ მას პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით და მე იმედი მაქვს, რომ ის ამას მოახერხებს. მე ვფიქრობ, არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ ამ ბრძოლაში ვრჩები და, რა თქმა უნდა, ვიქნები ამ ბრძოლის ავანგარდში. მე ვრჩები ბრძოლაში, ვრჩები პარტიაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსეთის რეჟიმისა.“- თქვა მელიამ.

პარტიის თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რომ ხაბეიშვილს წარმატებებს უსურვებს, თუმცა “პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში – ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე.”

„ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიისას, ნიკა მელია აცხადებდა, რომ მისი კონკურენტი არა ხაბეიშვილი, არამედ მერაბიშვილი და კეზერაშვილი იყვნენ.

დავით კეზერაშვილი 2006-08 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. 2019 წლის 5 სექტემბრიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის მფლობელია. ვანო მერაბიშვილი 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2004-12 წლებში კი საქართველსო შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური მდივანია.

ირაკლი კობახიძე „მეორე ფრონტის“ და ლავროვის განცხადების შესახებ საუბრობს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 18 იანვარს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი Live-ში“ სტუმრობისას, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობებზე, „რადიკალურ ოპოზიციაზე“, კანდიდატის სტატუსსა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. მანვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ გამოთქმულ ქებასაც უპასუხა.

ირაკლი კობახიძემ ქვეყნისთვის მიმდინარე წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად უკრაინაში მიმდინარე ომი დაასახელა და დასძიანა, რომ წელსაც „მოგვიწეევს ძალიან ფრთხილად სიარული“. მისივე თქმით, ქართველი საზოგადოების სიფრთხილის და სიტუაციის ჯანსაღი შეფასების წყალობით, ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება მოხერხდა, „რისკები კვლავაც რჩება“.

ამ კონტექსტში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „სერიოზული ძალების“ მხრიდან, რომელსაც მანვე „გლობლური ომის პარტია“ უწოდა, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ამის ერთ-ერთ მაგალითად, ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის წამყვანის, ქრისტიან ამანპურის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული პროდუქციის შესაძლო შეტანაზე დასმული კითხვა დაასახელა.

„ეს ხომ CNN-ია და არა „ტვ პირველი“ ან „მთავარი არხი“. როდესაც CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი ჟღერდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოს შეუქმნას ხელოვნურად პრობლემები, [რომლის] მიზანი შეიძლება იყოს ერთადერთი – ესკალაცია და საბოლოო ჯამში, ამის შედეგი უნდა იყოს მეორე ფრონტი“.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ ქების საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორ შეაფასებს ჩრდილოეთი, დასავლეთი, სამხრეთი თუ აღმოსვლეთი, არამედ ის, რომ მმართველი გუნდი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვით.

რაც შეეხება საქართველოსთან ფრენების შესაძლო აღდგენაზე ასევე ლავროვის განცხადებას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, 2019 წელს, რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად შეწყვეტამ რუსეთში მცხვორები საქართველოს უამრავი მოქალაქე დააზარალა. „თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვნია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება“.

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ახსნა-განმარტებისთვის საგარეო უწყებაში დაიბარეს

25 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ახსნა-განმარტებისთვის“ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრიი კასიანოვი გამოიძახეს. საგარეო მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ „შეშფოთება გამოხატა“ კასიანოვის მიერ წინა დღეს გაკეთებული განცხადების გამო. გაზეთ „ევარაპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში კასიანოვმა „არ გამორიცხა“, რომ საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში, შესაძლოა, საჭირო გახდეს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია.

საგარეო სამინისტროს ცნობით, დარსალიამ აღნიშნა რომ ამგვარი განცხადება „უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას“.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ „ძალისხმევას მიმართავენ ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ.“ სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია შეხვედრისას ოფიციალური კიევის მიერ გამოხატული პოზიციაც, რომელიც „მადლიერია საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის.“

თავად ანდრიი კასიანოვს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ანდრიი კასიანოვის განცხადებას გუშინვე „სამარცხვინო სპეკულაცია“ უწოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ უკრაინას საკუთარი მოქალაქეების საქართველოდან ევაკუაცია, ალბათ, იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, „თუ „ბუკებს” გავაგზავნიდით უკრაინაში, რადგან ეს იქნებოდა სამხედრო კონფლიქტში ჩართვა“.

25 იანვარს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩი, გიორგი ზაქარაშვილიც გამოიძახეს, რომელსაც უკრაინის საგარეო მინისტრის მოადგილე, იევჰენ პერებიინისი შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს, რა დროსაც ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

„[შეხვედრაზე] აღინიშნა, რომ უკრაინა მადლობელია ქართული მხარის მიმართ, უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩთან შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ, იევჰენ პერებიინისმა „იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო აღჭურვილობით ეხმარებიან და რომ თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ შემოღებულ ყველა სანქციას“. კიევი ასევე იტყობინება, რომ საქართველოს ელჩმა დაარწმუნა მასპინძლები, რომ „საქართველოს არ აქვს რუსეთთან ფრენების აღდგენის განზრახვა“.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ელექტროგენერატორების მიწოდებისა და უკრაინელი ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო პროექტების დაწყებისთვის. პერებიინისმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და მისი უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი დააყენა.

ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი „ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას“ იწყებს

პარტიების – „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, 23 იანვარს, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ შეიკრიბნენ და ახალი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის“ დაწყების შესახებ განაცხადეს, რომელიც მათივე თქმით კოლაბორაციონიზმის დასრულებითა და მიტაცებული ხელისუფლების ხალხისთვის დაბრუნებით დასრულდება. ამ მიზნით, მათ სიმბოლურად, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღეს, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის აქცია დაგეგმეს. მათივე თქმით დემონსტრაციები, იქნება „მზარდი“.

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, დღეს შეკრებილ ადამიანებს „ჩვენი ქვეყნის ღირსების, ჩვენი ევროპული პერსპექტივის, ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების საკითხი“ აერთიანებთ. მისივე თქმით, 24 თებერვალი არის წყალგამყოფი, სადაც იყოფიან ცივილიზებული მომავლის ქვეყნები და წარსულის, ბოროტების რუსეთი, რომელსაც მომავალი აღარ აქვს.

„24 თებერვალს, კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ [მსოფლიოს], რომ მიუხედავად ჩვენი კამათებისა, შეცდომებისა, განსხვავებებისა, კრიტიკულ მომენტში ჩვენ ვდგებით და ერთად ვამბობთ – საქართველოს აქვს ევროპული განვითარების მომავალი და საქართველო არ წავა წარსულში“, – ხაზი გაუსვა ხოშტარიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება, გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ღალატობს ევროპული მომავლისა და არჩევნის შესახებ ქართველი ხალხის ნებას. „გვეუბნებიან, რომ თურმე რუსეთი უკეთესი ყოფილა, ვიდრე ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ძლიერი საქართველოს მშენებლობა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ვიწყებთ პროცესს, რომელიც მივა დიდ გამარჯვებამდე. გზა რთულია, ეკლიანია, მაგრამ ამ ეკლიან გზას ჩვენი დიდი ერთიანობით, ჩვენი ურყევი ნებით, მივიყვანთ საბოლოო გამარჯვებამდე“, – ხაზი გაუსვა გიორგი ვაშაძემ.

„24 თებერვალს რაც უნდა დაიწყოს აქ, არის საქართველოს ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცლის გადაშლა. ამ პროცესს სჭირდება ერთობა. 24 თებერვალს ყველა ვიკრიბებით აქ [რუსთაველის გამზირზე] და ვიწყებთ ბრძოლას, რომ ამოვიდეთ ამ წუმპიდან“, – განაცხადა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.