ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ათასობით ადამიანის დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები და ნათესავები. თურქ ხალხს ამ რთულ პერიოდში სოლიდარობას ვუცხადებთ, ვუსურვებთ გამძლეობას, დაშვებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას. 

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ 6 თებერვალს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ გაათავისუფლა და არც სასჯელი არ გადაუვადა.

ექსპრეზიდენტის ადვოკატები ითხოვდნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაეშვათ. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დაცვის მხარე საჩივარს ევროსასამართლოში გაგზავნის.

„მე ვერაფერი გამტეხავს! ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა! ყველა ძალის გაერთიანების დროა! ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!“, – დაწერა Facebook-ზე მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან სრულად გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლო პროცესები გასული წლის დეკემბრიდან მიმდინარეობდა.

ევროკომისიამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან შესაბამისობის ანგარიშები გამოაქვეყნა

ევროკომისიამ საქართველოზე ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი თბილისის მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადს ეხება და შეფასებულია, რამდენად შეუძლია ქვეყანას  ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ეფუძნება 2022 წლის გაზაფხულზე საქართველოსთვის გადაცემული ევროკავშირის კითხვარის პასუხებს.

ანგარიში მოიცავს სხვადასხვა სფეროებს. მისი შეფასებით, საქართველოს ვალდებულებების განსახორციელებლად მომზადების გარკვეული დონე აქვს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში. ხაზგასმულია, რომ მოქმედებს ტერორიზმთან და მიგრაციასთან ბრძოლის სტრატეგიები. კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელთა და თავშესაფრის საკითებზე, ევროკავშირის კანონებს შეესაბამება, მაგრამ „ინსტიტუციური კოოპერაცია და კოორდინაცია სუსტია, შესაბამისად, იმპლიმენტაცია ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელია“.

ამას გარდა, “მომზადების გარკვეულ დონეზე” აფასებენ სახელმწიფო შესყიდვების სფეროს, სტატისტიკის სფეროს, საფინანსო კონტროლის სფეროს, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ჯანმრთელობის სფეროს. ამ დონის არსებობის მიუხედავად, ხაზგასმულია პრობლემები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკა მომზადების ადრეულ ეტაპზეა და საკანონმდებლო საფუძვლის სრულყოფა გასაგრძელებელია.

რაც შეეხება ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, ამ სფეროში, ანგარიშის შეფასებით, საქართველო ზომიერადაა მომზადებული. წერია, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კანონით გამყარებული და პრაქტიკულად დადასტურებულია, თუმცა აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დებულება, რომლებიც დამოუკიდებლობას ეხება, დაზუსტებას საჭიროებს.

რაც შეეხება საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს, ნათქვამია, რომ საქართველო ამ მიმართულებით “ზომიერად მომზადებულია” და ევროკავშირთან თანხვედრისთვის საჭიროა მეტი ძალისხმევა.

„ამ სფეროში საქართველო ზომიერად მომზადებულია. საჭიროა დამატებითი ძალისხმევა, რათა გაიზარდოს თანხვედრა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, კერძოდ ევროკავშირის განცხადებებისა და გადაწყვეტილებების, ასევე, როცა საჭიროა, ამკრძალავი ზომების მიღების გადაწყვეტილებების შესაბამისად“. – წერია ანგარიშში.

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი საქართველომ 2022 წლის 3 მარტს წარადგინა, რის შემდეგაც მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი. შევსებული კითხვარი ბრიუსელს ქართულმა ოცნებამ მაისში გადასცა.

სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთთან ფრენების აღდგენას, შესაძლოა, პროცესში ჩართული კომპანიების დასანქცირება მოჰყვეს

„ჩვენ შეგვაშფოთებს რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების განახლება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები, შესაძლოა, სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს“, – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, აშშ რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. „მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“, – წერს „ამერიკის ხმა“ სახელმწიფო დეპარტამენტის სიტყვებზე დაყრდნობით.

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში 2022 წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

ფრენების აღდგენაზე ლავროვის ნათქვამს მიესალმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ 2019 წელს, რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად შეწყვეტამ რუსეთში მცხოვრები საქართველოს უამრავი მოქალაქე დააზარალა და „თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება“.

რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენის ინიციატივა გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხის შესწავლის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. „გვჭირდება რეგულაციები – სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის, თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხთან მიმართებაში“, – დასძინა მან.

საზოგადოებრივი განწყობები NDI-ის ახალ კვლევაში

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2 თებერვალს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა (81%) ქვეყნის ევროინტეგრაციის ერთგულია. იგივე ტენდენციაა ნატოსთან მიმართებითაც, გამოკითხულების 73% ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომხრეა. კვლევის შედეგებით, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების ზრდის მიუხედავად, კიდევ უფრო გაიზარდა მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება.

გამოკითხულების უმრავლესობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს. ყოველი მე-2 მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია. უმრავლესობას (51%) ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პრობლემების მოგვარება შეუძლია. ყოველი მე-5 მოქალაქე სამუშაოდ უცხოეთში წასვლაზე ფიქრობს.

გამოკითხულების 30% მიიჩნევს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს, 29%-ის მოსაზრებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა არ შეცვლილა, 25% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორდა, 16%-მა კი – არ იცის ან უარია პასუხზე.

რესპონდენტების მხოლოდ 30%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. 56% ამბობს, რომ მთავრობა ამისთვის საკმარისს ან საერთოდ არაფერს აკეთებს, 14%-მა კი – არ იცის ან უარია პასუხზე.

წინა კვლევასთან შედარებით, 23%-დან 37%-მდე გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. 44%-დან 31%-მდე შემცირდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 26% ამბობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. წინა კვლევაში ამ აზრზე 29% იყო. „ქვეყნის მიმართულების დადებითი შეფასება ყველაზე მეტად ქართული ოცნების მხარდამჭერებში გაიზარდა“.

გამოკითხულების 51% არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებს; 37% დარწმუნებულია; 12%-მა არ იცის.

კვლევის თანახმად, ქვეყნის ყოველი მე-5 მოქალაქე უმუშევარია და ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს. მათგან ვინც თქვა, რომ დაუსაქმებელია, 49%-მა აღნიშნა, რომ სამსახურს ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს; 20%-მა შესაბამისი ანაზღაურების სამსახური ვერ იშოვა; 16% სამსახურის პოვნით დაინტერესებული არ არის; 8% დაინტერესებულია, მაგრამ ამჟამად არ ეძებს; 5%-მა შესაფერისი სამუშაო პირობების სამსახური ვერ იპოვა; 3%-მა არ იცის.

წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი (61%) მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს. 31% ამბობს, რომ არსებობს პარტია, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავს. 3%-მა არ იცის ან უარია პასუხზე. ამასთან, გამოკითხულების 39% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია დგას. 25% ქართულ ოცნებას ასახელებს, 6% ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 13% სხვა პარტიებს ასახელებს.

კვლევა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომსაც ეხება. გამოკითხულების 57% ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი რუსეთის ბრალია; 25%-ის აზრით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის; 15%-ის აზრით, აშშ-ის; 8%-ის მოსაზრებით, უკრაინის; 3%-ის აზრით, ნატოსი; 2%-2% კი – ევროკავშირს და სხვას ასახელებს.’’

რესპონდენტების 69% მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას საქართველოზე უარყოფით გავლენა ექნება; 17% ამბობს, რომ დადებითი; 6% ამბობს, რომ გავლენა არ ექნება. არ იცის 8%-მა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.