ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს მეცხრე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 26.III.2021 – 2.IV.2021

ევროკავშირის მედიაცია: ქართული ოცნება და ოპოზიცია კვლავ ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის წარმომადგენელი ქრისტიან დანიელსონი  თბილისში 27-28 მარტის ღამეს მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც თვის დასაწყისში მხარეებს შორის მედიაციის მისი პირველი მისია წარუმატებლად დასრულდა.

მედიაციის პროცესის განახლებამდე 28 მარტს თბილისში მოსამზადებელი შეხვედრები გამართა. დანიელსონი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც დანიელსონმა კრიზისის გადაჭრის გზებზე ისაუბრა. სპეციალურმა წარმომადგენლემა ევროპარლამენტის შვიდ წამყვან წევრთან დისტანციურ რეჟიმში მომდევნო ნაბიჯებიც განიხილა.

შეხვედრის წინა დღეს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პოლიტიკური ლიდერების სახელზე მიმართვა გაავრცელა და რეფორმებისა და კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე საკუთარი წინადადებები წარუდგინა. მიმართვის თანახმად, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო, ხოლო ხელისუფლებას  არასამთავრობო სექტორი მოუწოდებდა ყველა დონეზე მიეღო სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა ბუნებრივი ბარიერით; განეხორციელებინა მართლმსაჯულების რეფორმა; ბილატერალური მხარდაჭერით დანიშნულიყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, გენერალური აუდიტორი და გენერალური პროკურორი; ხელისუფლებას ეპოვა ოპოზიციის მიერ „პოლიტპატიმრებად” მოხსენიებული პირების განთავისუფლების გზები და ასე შემდეგ.

31 მარტს, გვიან ღამით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის რვასაათიანი მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სამწუხაროდ, მის მიერ წარდგენილ კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტს „მთლიანობაში არცერთი პარტია არ დაეთანხმა“.

დანიელსონმა მხარეებისათვის მის მიერ წარდგენილი დოკუმენტიც გაასაჯაროვა. მიუხედავად, იმისა, რომ შეთანხმების ჩაშლაში მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ერთმანეთი დაადანაშაულეს, ჩანს, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმის, ასევე პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხებზე მათ პოზიციების შეჯერება მოახერხეს. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო მხარეებმა „პოლიტიკური“ პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნაზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

ახალი არჩევნების დანიშვნაზე ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც მმართველი გუნდი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, შეთანხმების საბოლოო ტექსტში არ ჩაიწერა. 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციის დროს „ყველა დარღვევასა და დაკავებაზე“ ამნისტიის გამოცხადების გზით, დოკუმენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ დევნის შეწყვეტის შესახებ ჩანაწერსაც შეიცავს. ამ ეპიზოდში ვერ მოხვდა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელსაც ოპოზიცია „პოლიტპატიმრად“ მიიჩნევს.

მოლაპარაკებების ჩაშლაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ შეთანხმებაზე უარმა დაადასტურა მათი ეჭვი, რომ „ამ პოლიტიკური ძალის რეალური ლიდერისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის შეთანხმების ჩაშლა იმთავითვე თვითმიზანი იყო.“ „ჯერჯერობით, ივანიშვილს და მის გარემოცვას არ შეუცვლიათ თავისი ქვეყნისთვის დამღუპველი პოზიცია“, – თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ და დაამატა, რომ ოპოზიციის უახლოესი სამომავლო გეგმა ივანიშვილისთვის ქვეყნის შიგნით „მწვავე პრობლემების შექმნა“ და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მისთვის წნეხის გაზრდაზე მუშაობა იქნება

„როდესაც მე ბრიუსელში დავბრუნდები, იქ ჩემს მტკიცე რწმენას ჩავიტან, რომ ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, როგორიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს, რომ ეს ფურცელიც გადაშალოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ“, – განაცხადა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა 31 მარტს მას შემდეგ, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის რვასაათიანი მედიაცია უშედეგოდ დასრულდა.

1 აპრილს 7-მა ევროპარლამენტარმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჭიროა ევროკავშირის მხრიდან ამას მოჰყვეს ფინანსური ბერკეტების გამოყენებაც – კონკრეტულად დახმარების შეჩერება. ოპოზიცია ამ განცხადებას დასავლეთისგან ხელისუფლებაზე წნეხის ზრდად აფასებს. ქართული ოცნების დეპუტატი – ნინო წილოსანი კი ამ განცხადებას არასამართლიანად აფასებს და პროაქტიულ ნაბიჯებს აანონსებს. ევროკავშირის ელჩი საქართველოში – კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ ეს განცხადება საქართველოში სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.

რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს მწვავე პროტესტი მოჰყვა

რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტის გამო ხელისუფლება მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. 1 აპრილს, ღამით გამართულ საპროტესტო აქციაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა, სადაც პოზნერს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო გამონათქვამებითაა ცნობილი, ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.

მედიის ინფორმაციით, პოზნერი დაახლოებით 50 რუს ჟურნალისტთან და ცნობილ სახესთან ერთად თბილისში ჩარტერული რეისით 31 მარტის საღამოს ჩამოვიდა და 1 აპრილს საკუთარი დაბადების დღე უნდა აღენიშნა.

ვიზიტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის 30 წლისთავს დაემთხვა და ამას გარდა რუსმა ჟურნალისტებმა პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები და კომენდანტის საათი დაარღვიეს, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება.

სამოქალაქო და ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტები, ასევე ოპოზიციის ლიდერები თბილისის ცენტრში იმ სასტუმრო-რესტორნის წინ შეიკრიბნენ, სადაც პოზნერის მეგობრების ჯგუფი კომენდანტის საათის დარღვევით ვახშმობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეებიდან 32 პირი, მათ შორის თავად ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ „ვლადიმირ პოზნერი არის რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელის, პუტინის პირდაპირი ემისარი. მან უნდა დატოვოს ეს ქვეყანა. არანაირი უფლება არ აქვს, რომ ამ ქვეყანაში იმყოფებოდეს და ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოებს სვამდეს“.

რუსი ჟურნალისტის წინააღმდეგ აქციებს გამოეხმაურნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „საფუძვლიანი ეჭვი“ არსებობს იმისა, რომ პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები – შოთა დიღმელაშვილი და გიგა მაქარაშვილი „რუსეთის აგენტები“ არიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კი პოზნერს ოკუპაციის კანონი არ დაურღვევია და მისი ვიზიტი კანონთან შესაბამისობაში იყო, ხოლო აქტივისტების და ოპოზიციის პროტესტის ეს ფორმა „ცდება ცივილურ ფორმებს და ქართულ სტანდარტებს“.

თბილისში მიმდინარე მოვლენები შეაფასა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა. მან თქვა, რომ საქართველოში წასვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის საშიშია. გარდა ამისა, აღნიშნა: „ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები. ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას.“ „რეალობის სამწუხარო და სიმბოლური ანარეკლი თბილისში. ევროკავშირის მომლაპარაკებელი წავიდა, რუსი პროპაგანდისტი, მოვიდა“, – დაწერა ტვიტერზე ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა. იმავე პლატფორმაზე აშშ-ს ელჩმა ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა: „ეს შემაშფოთებელია.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.