დეგნანი: ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, რომლიც 9 თებერვალს გამოქვეყნდა, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის პირობებში პარტნიორები ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას ყოველთვის გაგებით ეკიდებოდნენ და მნიშვნელოვანია ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც უკრაინისადმი საქართველოს მოსახლეობამ და ხელისუფლებამ გაიღეს.

მისივე თქმით, საქართველო თავიდანვე ასრულებდა რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს და ამის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება მათ არ აქვთ. აშშ-ის ელჩმა საქართველოში შემომავალ და გამავალ ტვირთებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ რამის 100%-იანი მტკიცება შეუძლებელია, თუმცა საბაჟო სამსახურთან და სასაზღვრო პოლიციასთან მრავალწლიანმა მუშაობამ აჩვენა, რომ მათ „იციან რას აკეთებენ და როგორც შეუძლიათ, საუკეთესოდ აკეთებენ, ამ ვითარებაში“.

უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, კელი დეგნანმა საქართველოში „მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაზე“ მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს კიდევ ერთხელ უპასუხა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ძალიან კარგად იცის“, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამ მიმართულებით ზეწოლა არასდროს ყოფილა და მსჯელობა მხოლოდ იმაზე მიმდინარეობდა, თუ რა სახის დახმარების გაწევა იქნებოდა კომფორტული. „ჩვენ არასდროს მოგვიხდენია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ ორმხრივი სანქციები დაეწესებინა ან რამე სხვა გაეკეთებინა“.

საქართველო რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე საუბრისას, ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი „გარიყული ქვეყანაა. არავინ ესწრაფვის რუსეთთან დაახლოებას ახლა“. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ბევრი წელი დასჭირდა სხვადასხვა მიმართულებით რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად და ამ მხრივ კარგ პროგრესსაც მიაღწია.

მისივე თქმით, აშშ სხვა მეგობრებთან ერთად მუშაობს, რომ საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების კიდევ უფრო შემცირებაში დაეხმაროს, რადგანაც რუსეთი ამას ქვეყნების დასასუსტებლად იყენებს. „ეს არ არის ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველოს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას ყოფნა შეიძლება სურდეს“.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მანვე დასძინა, რომ მისი ქვეყნის ხელისუფლება განსაკუთრებით შეშფოთებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ომბუდსმენის ოფისისა და სხვათა შეფასებებით.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ მას მოსამართლის დასაბუთება არ წაუკითხავს და ამდენად მისი შეფასება უჭირს. თუმცა, მანვე დასძინა, რომ როგორც მას უთხრეს, ხალხი საკითხზე უფრო მეტ განხილვას ელოდა.

ენმ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს გეგმავს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 6 თებერვალს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შემდეგ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ (ენმ) საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა და „საგანგებო რეჟიმზე“ გადავიდა და ქვეყნის მასშტაბით მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები დაგეგმა.

პირველი ორი ასეთი აქცია, 6-7 თებერვალს, თბილისში, პრემიერ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან და მთავრობის კანცელარიასთან ჩატარდა. გუშინ გამართულ ბრიფინგზე პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ აქციები რეგიონებშიც გაიმართება, რაც დედაქალაქში „დიდი საპროტესტო მუხტის“ საწინდარი უნდა გახდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მორიგი საპროტესტო აქცია დღეს, 8 თებერვალს, ორთაჭალაში, იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართება. 9 თებერვალს აქციები ჩატარდება ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში. 10 თებერვალს – ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ხაშურში, 11 თებერვალს კი – ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები შეკვეთილში, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეიკრიბებიან.

ბრიფინგის დასასრულს, ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც მიმართა და უთხრა, რომ „ჩვენ გვჭირდება ერთობა“ და „ერთმანეთის კრიტიკაში, ერთმანეთის ლანძღვაში დრო არ უნდა დავკარგოთ“. „თითოეული წამი და წუთი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, – აღნიშნა მან და მოქალაქეებს დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე მისვლისკენ მოუწოდა.

სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ რუსეთის მიმართ გამოხატულ პოზიციებზე აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 თებერვალს ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში მიხაკო წერეთლისა და ქართული ასირიოლოგიის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სილაჩრის გამო გააკრიტიკა. 

„ჩვენი დეფიტიზმი [უიმედობის განცდა] უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას”, – განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ “ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება.“ 

პრეზიდენტის თქმით, „ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია”, თუმცა “სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას.“

პრეზიდენტმა , სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს უპასუხა, რომელმაც 8 თებერვალს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საერთო ჯამში, უკრაინასთან ომში რუსეთს უპირატესობა აქვს, რაც მისივე თქმით, ეს ფაქტობრივი მოცემულობაა და ამას თავად უკრაინის ხელისუფლებისა და აშშ-ისა და ევროპის შესაბამისი წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.