„ხალხის ძალამ“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც დღემდე საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან, განაცხადეს, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონპროექტი უკვე შეიმუშავეს და პარლამენტში დაარეგისტრირეს.

პრო-რუსული „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მომზადების მიზეზად გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ასახელებს. თავად ცვლილებები კი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

ამასთან, პროექტით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

გარდა ამისა, კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ჩაატაროს კვლევა. ცვლილებებით გათვალისწინებულია ჯარიმებიც. კერძოდ, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას, ჯარიმა გათვალისწინებული იქნება 10 ათასი ლარის სახით. ასევე, დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში 10 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული. კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა კი 20 ათასი ლარით დაჯარიმდება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თვმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, ხედავდეს, ვინ როგორ და რა სახსრებით ფინანსდება. „გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს. საზოგადოებისთვის მაინცდამაინც ყველაფერი ნამდვილად არ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ ვინ რა ფონდით, საიდან და როგორ ფინანსდება და რაში იხმარს ამ თანხებს“, – ხაზი გაუსვა მან და დასძინა, რომ საკანონმდებლო „ინიციატვა გულისხმობს იმას, რომ ეს სივრცეც მოექცეს მსგავსი რეგულაციების პირობებში“.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ კანონპტროექტის მთავარი მიზანი „დასავლეთთან ურთიერთობის მქონე“ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ფინანსების გამჭვირვალობა არ არის და საუბარი იმაზეა, რომ „ეს ხალხი“ ხელისუფლებას „ნერვებს უშლის“ და „მტრებად ჰყავს წარმოდგენილი“.

„ეს კანონპროექტი პირდაპირ უნდათ, რომ რუსეთიდან გადმოიტანონ… გაიხედავ, გამოიხედავ, 21-ე საუკუნეში, ინტერნეტის ეპოქაში, რუსეთში რასაც აკეთებენ, იმის გაკეთებას რომ ცდილობ, რატომ გინდა? ეს ჩემთვის ძალიან გაუგებარია“, – თქვა „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა და დასძინ, რომ „ეს არის ძალიან აღმაშფოთებელი“.

„გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ ეს წუხილები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას“, – განაცხადა 16 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტის შეფასებისას.

პარტიის ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“, უცხოელი გავლენების აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს.

20 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გავლენის აგენტების შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა და თქვა, რომ „ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს მხარს ვერ დაუჭერს“.

ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა

მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდია ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

„ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა“, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. მისი თქმით, „ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა და ეს ომით არ მიიღწევა“:

„ორ-სამ თვეში ჩვენ გვექნება ნათელი სურათი იმისა, სად ვართ. თქვენ კარგად იცით საქართველოს შესახებ. საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ეს ომი 2008 წელს განვიცადეთ და არაპირდაპირი ომი გვქონდა 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც რუსეთის მხარდაჭერით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ომი. ამიტომ, გამოცდილება დაგვიგროვდა. რთულია ითქვას, რა მოხდება. მიმაჩნია, რომ დრო გვაჩვენებს, სად ვართ, სად ვიქნებით, სად იქნება რეგიონი და ევროპა, უკრაინის ომის შემდეგ. მე უნდა გავიმეორო ის, რაც თავიდანვე ვთქვი, ბატონებო – მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ გააჩნია ალტერნატივა. იმიტომ, რომ თავად ვიხილეთ, რომ ატომური ომის საფრთხის შესახებ რიტორიკა დაბრუნდა არა მარტო უკრაინაში, არამედ ევროპაში და მთელ პლანეტაზე. ამიტომ, უნდა ველოდოთ შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, რუსეთს, ევროკავშირს. Ექნებათ ერთად დასხდომის საშუალება, სურვილი, მოლაპარაკება, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ომი არ არის გადაწყვეტა“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა და მას საკუთარი გამოწვევები გაგაჩნია.

„ჩვენ რაც შევძელით ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ის არის, რომ ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს არსებობაში, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა. ეს სჭირდება ხალხს. ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა. ომით ჩვენ ვერ მივაღწევთ ვერც კეთილდღეობას და ვერც სტაბილურობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა კრიტიკულად შეაფასა ოპოზიციამ. „ევროპული საქართველოს“ თავჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ღარიბაშვილის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე მორიგი მავნებლობა იყო.

„ჩვენ მოვისმინეთ ცუდი კომენტატორის გზავნილები. არცერთი გზავნილი, თუ რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის, არ გაგვიგია. ჩვენ მოვისმინეთ მოპუტინისტო კომენტატორის გზავნილები. სხვას არაფერს არ ქვია ღალატი, თუ არა ასეთი საერთაშორისო ტრიბუნის არ გამოყენებას საქართველოს ინტერესებისთვის“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილს და ენმ-ს აკრიტიკებს და საკუთარ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, გადადგომიდან ორი წლის თავზე, 17 თებერვალს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ქვეყნის წარსულში დაბრუნებისთვის „ქართულ ოცნება“, მისი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და დღეს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო საკუთარ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.

დაახლოებით 5-წუთიანი ვიდეომიმართვა, გიორგი გახარიამ გადადგომის მიზეზებზე საუბრით დაიწყო და თქვა, რომ მან თანამდებობა იმიტომ დატოვა, რომ „იმ გზას მივყავდით უიმედობის ჩიხურ მდგომარეობამდე, სადაც დღეს ვართ“. „მაშინ, ოცნება ვერ დავარწმუნე, რომ დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და დასავლეთს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „დღეს როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს იყო მათი მიზანი“.

მისივე თქმით, მისი გადადგომიდან დღემდე, ბევრი რამ „უარესობისკენ“ შეიცვალა და „სხვა საქართველოში ვცხოვრობთ“, რომელსაც „უიმედობის გამო“ ახალგაზრდები ტოვებენ და „გარბიან იქ, სადაც თავის მომავალს ხედავენ. მათ აღარ უნდათ დარჩენა სამშობლოში, რომელიც სულ უფრო სწრაფად ბრუნდება წარსულში“. ყოფილი პრემიერის შეფასებით, დღეს ქვეყანაში „აღარ დარჩა მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი“ და „ყველას, ვინც, ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისთვის, ან უბრალოდ თავისუფალი აზრის გამოთქმისთვის იბრძვის, აგენტის იარლიყს აკრავენ“.

გიორგი გახარიამ „უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგად“, საქართველოსთვის ევროპული ოჯახის წევრად გახდომის „უპრეცედენტო შესაძლებლობაზეც“ გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ „ამ გადამწყვეტ მომენტში, საერთო ევროპული მიზნის გარშემო გაერთიანების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილმა, თავისი მარიონეტების მეშვეობით გაგვიხსნა დისკუსია – საერთოდ გვინდა კი ევროპა?“.

ყოფილი პრემიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილი „ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან არჩევანზე“ უარს მხოლოდ იმიტომ, გვეუბნება, რომ „მას არ უნდა ასეთი ევროპა, რომელიც შეზღუდავს მის უკონტროლო და უკანონო ძალაუფლებას“. „მას ავიწყდება, რომ ევროპული მომავლისთვის, ქართველ ხალხს სისხლი აქვს დაღვრილი“.

გიორგი გახარიამ ყოფილი თანაგუნდელები „ვითომ მშვიდობიანი და ფრთხილი პოლიტიკის“ გამოც გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ სინამდვილეში, ისინი „უდიდესი საფრთხის წინაშე“ აყენებენ ქვეყნის მომავალს“ და „დაუცველებს, ნამდვილი მეგობრების გარეშე გვტოვებ[ენ] პირისპირ რუსეთთან“. „არ არსებობს მშვიდობა ევროპული მომავლის გარეშე, არ არსებობს ევროპული მომავალი მშვიდობის გარეშე და ჩვენ ამას ვიმსახურებთ“, – დასძინა მან.

ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკის პარალელურად, გიორგი გახარიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ გაიხსენა და თქვა, რომ თუკი „ქართული ოცნება“ საზოგადოების იმაში დარწმუნებას ცდილობს, რომ „სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილია“, „ნაციონალური მოძრაობა“, გვეუბნება, რომ „სახელმწიფო [პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტია] მიხეილ სააკაშვილია და მისი ჯანმრთელობის და კომფორტის გარდა, სხვა არაფერი არ არის მნიშვნელოვანი“.

„საბოლოო ჯამში, ორივე მხარე, საქართველოს მომავალს ივანიშვილის ან სააკაშვილის სახელს უკავშირებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ და ხაზი გაუსვა, რომ „ეს სახელმწიფო არც ბიძინაა და არც მიშა – ეს სახელმწიფო ქართველი ხალხის არის, რომელმაც არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს არჩევანი ევროპულ მომავალს უკავშირდება“.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა დღეს, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში საკუთარ წვლილსა და პასუხისმგებლობაზეც უსაუბრა და აღიარა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული 

ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას ხელი თავადაც შეუწყო. „ეს არის ჩემი შეცდომა“, – დასძინა მან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.