პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. აქცია სახელწოდებით – „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების წლისთავს უკავშირდებოდა.

აქცია ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდნენ მოქალაქეები, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აქციაზე იმყოფებოდნენ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები.

აქციის მონაწილეებს კიევიდან სიტყვით კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, ასევე პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, “გირჩი – მეეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, სამოქალაქო საზოგადოების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მიმართეს. 

“რასაც ჩვენ ერთი წელია, ვუყურებთ, არის რეალური სასწაული, ვუყურებთ უკრაინელები რას აკეთებენ, როგორ გააჩერეს ეს ბოროტების იმპერია და, ძალიან მაღალი ალბათობით, შეიძლება, ჩემს ცხოვრებაში მეორედ მოვესწრო ამ იმპერიის რღვევას,” – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს სჯეროდა, რომ უკრაინა დაეცემოდა, სამ დღეში კიევი დაეცემოდა და კიევი თუ დაეცემოდა, გასაგებია, რა დაემართებოდა საქართველოსაც.

აქციის მონაწილეებს “ევროპულ-ქართული ინსტიტუტის” პრეზიდენტმა გიორგი მელაშვილმა მიმართა: “უკრაინელებს ჰქონდათ არჩევანი – ბრძოლა ან მონობა. უკრაინამ გააკეთა ეს არჩევანი, მათ გადაწყვიტეს ბრძოლა, ბრძოლა გამარჯვებამდე. ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების და საქართველოს ევროპული მომავლის და ამ მომავალს ვერავინ წაგვართმევს.”

უკრაინის სოლიდარობის აქციაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას.

გაერო და ევროკავშირი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებენ

გაერო, ევროკავშირი და საერთაშორისო პარტნიორები პრო-რუსული “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტს აკრიტიკებენ.

„[„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] კანონის მიღებამ, შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი“, – განაცხადა 26 თებერვალს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქართველოში.

გაეროს წარმომადგენლობა „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის გამო და აღნიშნავს, რომ მისი მიღება „საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში“.

„კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისეთი უფლებების პატივისცემასა და დაცვას, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა“, – ნათქვამია წარმომადგენლობის განცხადებაში.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის პრესსპიკერმა 24 თებერვალს უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე განცხადება გამოაქვეყნა. კანონპროექტს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი „სერიოზულ შეშფოთებას“ იწვევს. „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, ეს ამავე დროს არსებითია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის და არის  12 პრიორიტეტის ნაწილი, კერძოდ იმ პრიორიტეტებისა, რომლებიც მედიის თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება.

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ ვეტო დაადო ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც, ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელი კონკრეტდება და საბჭოში აღმასრულებელ წევრთა რაოდენობა იზრდება.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ იმ დროს, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და იგი პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურის წარსადგენად მუშაობს, ცვლილებები „არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!“.

„რა საჭიროა დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა? მაშინ, როცა მოქმედი 3 ვიცე-პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ამას პრაქტიკა ადასტურებს“, – ამბობს პრეზიდენტი და დასძენს, რომ „ჩნდება კითხვა: ნუთუ ხელისუფლებას არცერთი ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურა არ აკმაყოფილებს და სჭირდება დამატებითი ადგილის შექმნა?“

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ასევე, ჩნდება ეჭვი, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ პირველმა ვიცე- პრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა“.

„ასეთი ეჭვი უთუოდ უნდა გაიფანტოს, რამეთუ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, – აცხადებს პრეზიდენტი და „იმედს იტოვებს, რომ ვეტო არ დაიძლევა და მის მიერ შეთავაზებული მოტივირებული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული“.

პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები, 9 თებერვალს 83 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაჩქარებული წესით მიიღეს. ცვლილებებით ეროვნული ბანკის არსებულ სამ ვიცე-პრეზიდენტს კიდე ერთი – პირველი ვიცე-პრეზიდენტი დაემატება, რომელიც ბანკის პრეზიდენტის არყოფნაში მის მოვალეობას შეასრულებს. არსებული რედაქციით, ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას 3-დან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებდა. ამასთან, ცვლილებებით, ბანკის საბჭოში აღმასრულებელი წევრების რაოდენობა 4-დან 5-მდე გაიზრდება.

საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე ეროვნულმა ბანკმა (სებ) განაცხადა, რომ საკანონმდებლო ინიციატივას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა და მასზე საკუთარი შენიშვნები წარადგინა. სებ-მა განმარტა, რომ პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, პრაქტიკაში, ეროვნული ბანკის საქმიანობის პროცესი არასდროს შეფერხებულა და, მათ შორის, იყო შემთხვევა, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტის მოვალეობას 16 თვის განმავლობაში ასრულებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.