საქართველოს პარლამენტმა “რუსული კანონი” ჩააგდო
საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „რუსულ კანონს“ მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. კენჭისყრის შედეგებით, კანონპროექტს მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 წინააღმდეგი იყო.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჯერ მაგიდებთან, შემდეგ კი ტრიბუნასთან ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გაშალეს.
9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პრო-რუსული „ხალხის ძალის” წევრი დეპუტატების ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელსაც ე.წ. ამერიკულ კანონპროექტს უწოდებდნენ, ის ინიციატორებმა საკუთარი ხელმოწერებით გამოითხოვეს. პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მისი დამტკიცება ვერ მოესწრო.
საქართველოში, პარლამენტის მიერ “რუსული კანონის” პირველი მოსმენით მიღებას, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.
მოსკოვის მუქარა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და კრემლის პროპაგანდისტები აქტიურად ეხმიანებიან თბილისში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც “რუსული კანონის” გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს ეხება. ზოგიერთი მათგანი ამტკიცებს, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის გაწვევის პირობა „ქართულმა ოცნებამ“ 3-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ დადო და დაპირებისამებრ, 10 მარტს მეორე მოსმენით ჩააგდო კიდეც, არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთთან, ნაწილი კი – უკვე საქართველოს ამ მოვლენების უარყოფითი შედეგებით ემუქრება.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოში მომხდარ „არეულობებთან“და „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონთან კავშირი არ აქვს. „იქ არაფერი არ იყო კრემლის მიერ შთაგონებული, კრემლი აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია“, – აღნიშნა მან.
პესკოვის თქმით, ასეთი კანონების „წინამძღოლი“ არის აშშ. „და თუნდაც (ქართული) კანონპროექტის ერთ-ერთი ვერსია, თუ სწორად გვესმის, ძალიან ჰგავდა აშშ-ს მსგავს კანონს. მეორე ვარიანტი ნაკლებად ჰგავდა აშშ-ს კანონს, თავისი არსით გაცილებით რბილი იყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო არც ერთთან და არც მეორესთან“, – განაცხადა პესკოვმა.
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით პესკოვმა აღნიშნა, რომ ეს კრემლის „შეშფოთებას“ იწვევს. „რაც უნდა იყოს, ეს ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან, როგორც ასეთი, არ გვაქვს ურთიერთობები, რა თქმა უნდა, იქ არსებულმა მდგომარეობამ არ შეიძლება ჩვენი შეშფოთება არ გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე იყოს ჩვენი საზღვრების პერიმეტრზე, აქ ახლა, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ სიტუაცია უკეთესი იყოს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „რუსული კანონი“ გააკრიტიკა. ზახაროვას განცხადებით, „ბორელმა თქვა, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ახლა გასაგებია, აქამდე რატომ არ გახდა აშშ ევროკავშირის წევრი – ეს კანონი იქ 1938 წლიდან მოქმედებს“.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ “რუსული კანონის” გაწვევის შესახებ განაცხადა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა აღნიშნა, რომ „ვაშინგტონმა არ დაუშვა საქართველო სუვერენული გამხდარიყო“.
კრემლის პროპაგანდისტი, RT-ის ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ თბილისში მომიტინგეები ყვირიან: „სოხუმი! სოხუმი!“? რაც მისი თქმით, ნიშნავს, რომ „მთელი ეს აურზაური მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ ჩვენთვის მეორე ფრონტი გაიხსნას“. როგორც სიმონიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, „2008 წლის აგვისტო რომ განმეორდეს, საქართველოს აღარავინ ელოლიავება და იქ ჯარს არ გაგზავნის, უბრალოდ თბილისს მაშინვე დაათხლეშენ [დაბომბავენ] თავზე, ყოველგვარი გარჩევების გარეშე“.
პრემიერი თბილისის საპროტესტო აქციებს „დესტრუქციულ“, „ანარქისტულ“ ძალებს უკავშირებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“, ყოველკვირეულ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში “რუსული კანონის” წინააღმდეგ 7-9 მარტს თბილისში გამართული საპროტესტო აქციები „დესტრუქციულ“, „ანარქისტულ“ და „ექსტრემისტულ“ ძალებს დაუკავშირა და თქვა, რომ მათი მიზანი ქვეყანაში „ქაოსისა“ და „დესტაბილიზაციის“ შენარჩუნება იყო.
ამავე ინტერვიუში, პრემიერმა ყურადღება ასევე გაამახვილა ევროკავშირის წევრობაზე, ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობებზე.
7-9 მარტს თბილისში “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა ერთი მხრივ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერის იდეით იქ „ბევრი გულანთებული“ ახალგაზრდა იდგა, მეორე მხრივ კი – აღნიშნა, რომ პროტესტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინაციით „დესტრუქციული“, „ანარქისტული“ მოძრაობის წევრების მიერ იყო მართული, რომელთა „ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა“. „შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა მოეკლათ თავადვე“.
„მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, მე არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება უბრალოდ“, – თქვა პრემიერმინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია“.
„იმედთან“ საუბრისას პრემიერმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ “რუსული კანონის” მიზანი „უცხოური გავლენის ორგანიზაციების რეგისტრაცია“ და „მათი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა“ იყო. მანვე კვლავ აღნიშნა, რომ მსგავსი კანონები მოქმედებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში. თუმცა, პრემიერს ადგილობრივ კონტექსტსა და არსობრივ სხვაობებზე არაფერი უთქვამს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ათწლეულებია, რაც საქართველოში „ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, რომელთა საქმიანობა „არის დიდი ბუნდოვანებით, დიდი ბურუსით მოცული“. „მე ასე ვიტყოდი პირდაპირ, არ მოვერიდები ამის თქმას და მათი ფინანსები და მიღებული ფინანსებით მათი ქმედება მათი აქტივობა არის გაუმჭვირვალე“, – ხაზი გაუსვა მან.
პრემიერმა იქვე დასძინა, რომ “რუსული კანონის” გარშემო შექმნილი ვითარების ფონზე, მათ გაწვევაზე ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო „სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება“.
„ამით ჩვენ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ვაჩვენეთ, რომ არავის არ მივცემთ უფლებას, რომ ვიღაცამ რაღაც დესტაბილიზაცია მოაწყოს, არეულობა და ქაოსი შემოიტანოს ქვეყანაში და მერე „მეორე ფრონტები“ და ათასი სისაძაგლე გააჩაღოს“, – ხაზი გაუსვა მან.
საქართველოს პრემიერის ინტერვიუს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.
„გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპულ გზაზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად კარებში ეს ხალხი აუცილებლად გაეჩხირება და გააკეთებს ყველაფერს, რომ ევროკავშირის სტატუსი არ მივიღოთ“, – განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
პრემიერი „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამაც გააკრიტიკა და თქვა, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ვერაფერი გაიგო იმასთან დაკავშირებით, რომ „არაფერ შუაშია რომელიმე ოპოზიცია იმასთან, რომ ხალხმა ხელისუფლებას კურსის ცვლილება არ შეარჩინა“.
„ნაცვლად იმისა, ამაზე იფიქრონ, თუ რა ჩაიდინეს, რის მცდელობა ჰქონდათ და რა არ გაუტარა ხალხმა, „სატანისტ ბავშვებზე“ საუბრობენ, ეს არის იმის პირდაპირი ნიშანი, რომ ბატონი ღარიბაშვილი, როგორც პრემიერმინისტრი, ჩვენ ვერ მოვიხდინეთ როგორც ქვეყანამ“, – დასძინა მან.
„ახალგაზრდების მიზანი ხელისუფლების ცვლილება რომ ყოფილიყო, ხელისუფლება დღეს შეცვლილი იქნებოდა“, – განაცხადა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.