გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც იგი თავის ქართველ კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, შემდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, ამის შემდეგ კი – ცხინვალის საოკუპაციო ხაზს ესტუმრა. ანალენა ბერბოკი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სტუდებტებსაც შეხვდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ოფისში შეხვდა. საიას ინფორმაციით, შეხვედრაზე მათ ყურადღება გაამახვილეს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ანალენა ბერბოკმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და დეპოლარიზაცია. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ამ გზაზე.
„ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენ არ შეგვიძლია უკან დახევა”. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის გზა ნიშნავს „ნაბიჯების გადადგმას”. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა „არ შეიძლება შემცირდეს, განსაკუთრებით ღირებულებების კუთხით“.
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ანალენა ბერბოკის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტ მხარდაჭერის გამოხატულებას. ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის“.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს-გერმანიას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ანალენა ბერბოკმა. მათვე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში „საქართველოს მნიშვნელოვან როლს“ გაუსვეს ხაზი. პრემიერმა ღარიბაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა ევროინტეგრაციის გზაზე „მტკიცე მხარდაჭერისთვის“ მადლობა გადაუხადა.
საქართველოში ვიზიტის დაწყებამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრიტიკული განცხადება გაავრცელა.
„ჩემი მოგზაურობისას, მინდა ნათელი გავხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის მიმართ შიდა და გარე ზეწოლებს. მე გავესაუბრები საქართველოს მთავრობას იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა გადადგას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად“, – ნათქვამია ვიზიტის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოცნების დეპუტატები, რომლებმაც რუსულ კანონს ხმა არ მისცეს, პარლამენტს ტოვებენ
„ქართული ოცნების“ 6 დეპუტატი, რომლებმაც უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ რუსულ კანონს ხმა არ მისცა, საპარლამენტო მანდატებს ტოვებენ და სხვა თანამდებობებზე ინიშნებიან.
მანდატის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, „ის საერთოდ მიდის პოლიტიკიდან“.
გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მრჩევლად ინიშნება. საქართველოს პრემიერის მრჩევლებად დაინიშნნენ ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი.
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, საბურთალოს მაჟორიტარმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ის პარლამენტს ტოვებს. მის ოლქში არჩევნები აპრილში ჩატარდება.
„რუსულ კანონს“ ხმა ელგუჯა გოცირიძემაც არ მისცა, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის უცნობია.
არასამთავრობოები ოლივერ ვარჰეის მიმართავენ
15 არასამთავრობო ორგანიზაცია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეისთვის გაგზავნილ საჯარო წერილში, მიესალმება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, გაზაფხულზე კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით შუალედური შეფასება მოამზადოს და სთხოვს მას, რომ შეფასება „იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის “.
„ევროკომისიის შუალედური შეფასების საჯაროობა უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, შესაძლებელს გახდის მასში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პრიორიტეტების შესრულებაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას“, – აცხადებენ უფლებადამცველები 23 მარტით დათარიღებულ წერილში.
აღნიშნავენ რა, რომ ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ევროკომისიის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია, არასამთავროები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში“.
„ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას და, შესაბამისად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. სამოქალაქო საზოგადოება აქტიურ ზედამხედველობას უწევს ხელისუფლების მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას“, – ნათქვამია წერილში.
ასლან ბჟანია „მეორე ფრონტის“ შესახებ „ქართული ოცნების“ რიტორიკას იმეორებს
„სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით საერთაშორისო ვითარება უკიდურესად რთულია. რუსეთის იძულებულია, რომ სპეციალური საომარი ოპერაცია აწარმოოს. ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ 50-ზე მეტი სახელმწიფო გამოდის, მათ შორის, მთელი ევროპა და აშშ. ამის ფონზე, იმავე ძალებს საქართველოს ხელისუფლების დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა სურთ“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 21 მარტს, პარტია „ამცახარას“ რიგით მე-14 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
გაიმეორა რა „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გზავნილები, ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამ მიზნებისთვის საქართველოში მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ფართომასშტაბიანი პოლიტიკური აქციები იგეგმება. „დღეს იმაზე უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე 2008 წელს იყო“, – დასძინა ბჟანიამ.
ბჟანიამ სინანული გამოთქვა, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკასა“ და რუსეთის ფედერაციას შორის 2014 წლის 24 ნოემბრის ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაში“ ჩამოყალიბებული შესაძლებლობები აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შესაქმნელად არ იყო ადეკვატურად რეალიზებული.
სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, ასლან ბჟანიამ დეტალების დაკონკრეტების გარეშე აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და საომარი მზაობისთვის ჩატარებულ „მასშტაბურ“ სამუშაოებზეც ისაუბრა. „ჩვენ არ გვჭირდება ომი, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ. ერთად, მოძმე რუსეთთან მოკავშირეობითა და ერთიანობით“, – დასძინა ბჟანიამ.